"კარგი იქნება, თუ თეა წულუკიანი მორიგ ფიასკოს მაინც აიცილებს თავიდან"
20-06-2016
"კარგი იქნება, თუ თეა წულუკიანი მორიგ ფიასკოს მაინც აიცილებს თავიდან"
"იუსტიციის მინისტრმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება თუ გაასაჩივრა, უფრო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება"

"მერაბიშვილი პატიმრობიდან თუ გაათავისუფლეს, მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ქვეყანა"

"თუ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს მერაბიშვილის გათავისუფლებას მოსთხოვს, რა პასუხი ექნება საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომელმაც ეს პროცესი წააგო?!"


საქართველოს ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური მხარეები განსხვავებულად კითხულობენ - "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, ევროპულმა სასამართლომ ვანო მე
რაბიშვილი პოლიტპატიმრად აღიარა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი "ნაციონალების" განცხადებებს აბსურდულს უწოდებენ. იმის შესახებ, თუ რა წერია ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებაში, "კვირის პალიტრა" იუსტიციის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, დავით ჯანდიერს და უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას ესაუბრა:

დავით ჯანდიერი: "მიკვირს იუსტიციის მინისტრის..."


- ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო პირდაპირ არასდროს წერს, კონკრეტული პირი არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი, მსგავსი შეფასება პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური
ორგანოების საქმეა. მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ოთხი ნაწილისგან შედგება.
სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ განაჩენის დადგომამდე რვათვიანი წინასწარი პატიმრობა ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციასთან შესაბამისობაშია და ამ მხრივ მერაბიშვილის უფლება არ დარღვეულა. ამასთან, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ შესაძლოა, კონვენციასთან შესაბამისობაში იყოს მოტივებიც, რის გამოც ბრალდებულს წინასწარი დაკავება შეეფარდა. თუმცა იქვე მითითებულია, რომ დაირღვა კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ შუამდგომლობაზე პასუხი არგუმენტირებულად უნდა გასცეს.

- კერძოდ?
- როდესაც ვანო მერაბიშვილს უკვე ჰქონდა შეფარდებული წინასწარი პატიმრობა, მისმა ადვოკატებმა სასამართლოს წინაშე ახალი შუამდგომლობა დააყენეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს, სასამართლოსგან კი პასუხად უარი მხოლოდ ერთი წინადადებით მიიღეს. სასამართლომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია სწორედ ამ ნაწილში დაარღვია. სტრასბურგის სასამართლომ ჩათვალა, რომ ტრაფარეტული ფრაზა არ იყო საკმარისი იმ პირობებში, როდესაც საქმე ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას ეხება. გარდა ამისა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, დაირღვა კონვენციის მეთვრამეტე მუხლიც. მარტივად რომ განვმარტოთ - სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა, რომელიც ამ დრომდე გამოძიებული არ არის, მაღალი ალბათობით ნამდვილად მოხდა და ეს დაკავებულზე ზემოქმედების საშუალებადაც გამოიყენეს. ჯამში, ეს ცალსახად მერაბიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებაა და მიკვირს იუსტიციის მინისტრის, რომელმაც ასე პირწმინდად წააგო აღნიშნული სასამართლო პროცესი და რომელიც ახლა "გვემუქრება", რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

- რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას?

- რეალურად წულუკიანი ამას მხოლოდ ერთი მიზნით აკეთებს - სურს, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ თავი არჩევნებამდე შეინარჩუნოს.
დარწმუნებული ვარ, გასაჩივრებას შედეგი არ მოჰყვება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: რამდენიმე წლის წინ სტრასბურგის სასამართლომ განიხილა მამედოვის (აზერბაიჯანელი უფლებადამცველი) საქმე და მეხუთე და მეთვრამეტე მუხლების დარღვევა დაადგინა. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კი, რომელსაც აღსრულების მონიტორინგი ევალება, აზერბაიჯანს პასუხი მოსთხოვა, თუ რატომ არ გაათავისუფლეს ის ადამიანი.

მაინტერესებს, თუ მინისტრთა კომიტეტი საქართველოს მერაბიშვილის გათავისუფლებას მოსთხოვს, რა პასუხი ექნება საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომელმაც ეს პროცესი წააგო?!

ლია მუხაშავრია: "იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოში არგუმენტები ვერ წარადგინა"

- სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, თუ ხელისუფლებას სურს, დაამტკიცოს, რომ ის დემოკრატიული მმართველია და სააკაშვილის ხელისუფლებას არ ჰგავს, ვანო მერაბიშვილი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს. თუ მერაბიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ქვეყანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პირადი უსაფრთხოების საკითხი დადგება, რადგან მას ქვეყანაში უამრავი მტერი ჰყავს.

- ხელისუფლება ყოფილი პრემიერის გათავისუფლებას არც კი განიხილავს.

- თეა წულუკიანის განცხადებამ, რბილად რომ ვთქვა, გამაოცა. პროფესიონალები მსგავს განცხადებებს არ აკეთებენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებაშიც კი არ ჩაუხედავთ - იუსტიციის მინისტრმა ინფორმაციის გავრცელებისთანავე პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.
მეტიც, თუ იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის გადაწყვეტილებას ევროსასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივრებს, არა მგონია, პალატა მის განხილვას დათანხმდეს. როგორც წესი, დიდი პალატა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იკრიბება და თანხმობაც რომ განაცხადოს, დარწმუნებული ვარ, იუსტიციის მინისტრი უფრო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება - შესაძლოა, გადაწყვეტილება ბევრად მკაცრიც აღმოჩნდეს და ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება დაუყოვნებლივ მოითხოვონ. კარგი იქნება, თუ თეა წულუკიანი მორიგ ფიასკოს მაინც აიცილებს თავიდან.

- "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, დავით კოღუაშვილმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე განაცხადა, რომ დაკავებული ყოფილი­ მაღალჩინოსნები­, შესაძლოა, მალე გათავისუფლდნენ. როგორ ფიქრობთ, მმართველი პარტიის გარკვეულ ჯგუფში ამის მოლოდინი დიდი ხნით ადრე არსებობდა, თუ კოღუაშვილი ფლობდა რაიმე წინასწარ ინფორმაციას?
- შესაძლოა, მოლოდინი არსებობდა, მით უმეტეს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოში არგუმენტები ვერ წარადგინა. მაგალითად - რატომ წაიშალა ან ვერ ამოიღეს კამერებიდან ჩანაწერები მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ კითხვების გასაქარწყლებლად. სხვათა შორის, როდესაც სანდრო გირგვლიანი ოქროყანის სასაფლაოსთან აჰყავდათ, მარშრუტი ბადრი პატარკაციშვილის სახლის სახურავზე დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს. გამოძიებამ თავდაპირველად ეს ფირი ამოიღო, თუმცა მოგვიანებით ის საქმიდან გაქრა. ანალოგიური მოხდა ამჟამად მერაბიშვილის საქმეშიც.

"წინა ხელისუფლების ჯალათებზე კითხვის ნიშნები არ უნდა ჩნდებოდეს"

2014 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გაამართლა - საქართველოს მთავრობას მოლაშვილისთვის 20 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და ერთი წლის ვადაში საქმის ხელახალი გამოძიება დაეკისრა.

სულხან მოლაშვილი: "სააკაშვილისა და მერაბიშვილის პერიოდის პენიტენციარული სისტემა ავტორიტარული რეჟიმის სახე გახლდათ, ამჟამინდელი კი დემოკრატიის გზაზე მდგარი სახელმწიფოს სახეა. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში კი ციხეებში პატიმრებს ადამიანებად არ მიიჩნევდნენ, მათთვის ნებისმიერის წამება და თუნდაც მოკვლა ყოველდღიური სამუშაოს ნაწილი იყო. ამიტომაც, ხელისუფლებას მეტი ყურადღება მართებს. წინა ხელისუფლების ჯალათებზე კითხვის ნიშნები არ უნდა ჩნდებოდეს. საერთოდ, ქვეყანას მერაბიშვილის დამნაშავეობა სამტკიცებელი რომ გაუხდება, პრობლემა სწორედ ეს არის".

"ჩემი ცემის ორგანიზატორი მერაბიშვილი იყო"

ვალერი გელაშვილი: "ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებამდეც ვიცოდი, რომ ჩემი ცემის ორგანიზატორი ვანო მერაბიშვილი იყო. სპეცრაზმელებსაც სწორედ მან და სააკაშვილმა მისცეს ბრძანება, სასიკვდილოდ მცემეს, მაგრამ გადავრჩი - უნდა მოვმკვდარიყავი, ან ცემის შედეგად ხეიბრად დავრჩენილიყავი.
იმედი მაქვს, ამ საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო თვის ბოლოს უკვე გამოაცხადებს - მხოლოდ მაშინ ჩავთვლი, რომ საბოლოოდ სამართალი აღდგა. "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, მერაბიშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადოს, თუმცა ამას სტრასბურგის სასამართლო არსად ამბობს. პირიქით, როგორც ვიცი, ბრალდებასთან და განაჩენთან დაკავშირებით კითხვები არც კი არსებობს"

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით