უჩა ნანუაშვილის გარშემო სკანდალი მწიფდება?!
20-06-2016
უჩა ნანუაშვილის გარშემო სკანდალი მწიფდება?!
"ამ ქალბატონს ჯერ "ტოიოტა" უყიდეს, არ მოეწონა და ნანუაშვილის ბრძანე­ბით,­ "ჰიუნდაი" შეიძინეს,­ რომელიც ახლა 105 000-ლარიანი "მერსედესით" შეცვალეს"

"ვფიქრობ, თანამშრომლები საბოლოოდ სასამართლოში უჩივლებენ და დისკრიმინაციულ ქმედებებში დაადანაშაულებენ"


რა პრეტენზიები აქვთ სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებს უჩა ნანუაშვილთან, ამასთან დაკავშირებით "კვირის პალიტრას" სახალხო დამცველის აპარატის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ილია ჭანტურაია ესაუბრა:

- სახალხო დამცველის ოფისის ზოგ­იერთ თანამშრომელზე ზეწოლა მიმდინარეობს იმის გამო, რომ მათ ამა თუ იმ დროს სახალხო
დამცველის ზოგიერთი ქმედების გამო უკმაყოფილება გამოხატეს.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ასეთ თანამშრომლებზე ზეწოლის მიზნით ნანუაშვილი სხვა თანამშრომლებს იყენებს და მათ ერთმანეთთან აპირისპირებს. 2015 წლის დეკემბრიდან სახალხო დამცველის ოფისის პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარეც ვარ და ოფისში არსებულ მმართველობის წესზე პრეტენზიები ადრეც გამომიხატავს. ამის შესახებ ნანუაშვილთან
არაერთხელ მისაუბრია. მას არ მოეწონა, რომ საკადრო პოლიტიკაზე მოსაზრებები გამოვთქვი. სწორედ ეს გახდა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოების რეალური მიზეზი. სახალხო დამცველმა ჭორაობად, ესე იგი, დისციპლინურ გადაცდომად და უფლებამოსილების გადამეტებად შეაფასა ის, რომ თურმე შარშან დეპარტამენტის თანამშრომლებს შევხვდი და სამსახურში არსებული უარყოფითი განწყობების შესახებ ვესაუბრე. ნანუაშვილმა ორ თანამშრომელს დააწერინა მოხსენებითი ბარათი ჩემს წინააღმდეგ და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. იმას, რომ მისი ქმედებები დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა, შემდეგი ფაქტიც ადასტურებს: 2016 წლის 19 აპრილის ბრძანებით, სახალხო დამცველის აპარატში შტატით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე გაიცა სააღდგომო პრემია, 500-500 ლარი. ბრძანების შესაბამისად, ჩემს ანგარიშზე ეს თანხა არ ჩარ­იცხულა მხოლოდ იმიტომ, რომ ნანუაშვილს თვალში არ მოვუვედი.

- რა პრეტენზიები აქვთ თანამშრომლებს?

- ერთ-ერთ მათგანს მენეჯმენტთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზიები, ამიტომაც მის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო და პასუხისმგებლობაც დაეკისრა. მან სასამართლოს მიმართა და გადაწყვეტილება გააპროტესტა. შემდეგ­ მის წინააღმდეგ სხვა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო, თუმცა აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები აღარ დაემორჩილნენ ნანუაშვილის ნებას. სახალხო დამცველის ოფისში არაერთი თანამშრომელი განიცდის ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ომბუდსმენი მათ ხშირად იბარებს და ამა თუ იმ საკითხზე ერთსა და იმავე შეკითხვას 50-ჯერ მაინც უსვამს, რაც მათ სტრესულ გარემოში ამყოფებს. ისინი ჯერჯერობით სახალხო დამცველთან მოლაპარაკების გზით ცდილობენ კონფლიქტის მოგვარებას. ვფიქრობ, თანამშრომლები საბოლოოდ სასამართლოში უჩივლებენ და დისკრიმინაციულ ქმედებებში დაადანაშაულებენ. ჩემი ინფორმაციით, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი უახლოეს დღეებ­ში სახალხო დამცველის წინააღმდეგ განცხადებას გააკეთებს და მას თანამშრომლების შევიწროებაში ამხელს.

- დააზუსტეთ, თქვენი აზრით, საკადრო პოლიტიკის გატარებისას ნანუაშვილი რა წესებს არღვევს?

- ირღვევა კონკურსის ჩატარების წესი, ნანუაშვილი პირდაპირ ერევა აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობაში, რაც აკრძალულია.
კონკურსის გზით კადრების შერჩევისას სახალხო დამცველი ითხოვდა რეზიუმეებს, ერეოდა კონკრეტული პირების შერჩევაში და კომისიას მითითებებს აძლევდა. ამგვარად, კონკურსანტების შერჩევისას კომისიაც ნანუაშვილის მოსაზრებებს ითვალისწინებდა... მე ვაპროტესტებდი არასწორ საკადრო გადანაცვლებებსაც, ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში. სახალხო დამცველმა ბრძოლა გამომიცხადა. ჯერ მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ, ნათია კაციტაძემ, სცადა ჩარეულიყო ჩემს საქმიანობაში, არადა, დებულების მიხედვით, მას არ შეუძლია, ჩემს დეპარტამენტს რამე მიუთითოს.

- ეს ის კაცი­ტაძეა, რომლისთვის­აც, როგორც პრესაში დაიწერა, სახალხო დამცვ­ელის­ ოფისმა ძვირ­ად ღირებული­ ავტომ­ობილი­ შეიძინა?

- დიახ. სახალხო დამცველი ჩვენ გვადანაშაულებდა იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია გახმაურდა... საქმე ეხება სახალხო დამცველის მიერ ნათია კაციტაძისთვის "მერსედესის" მარკის ავტომობილის 105 000 ლარად შეძენას. როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, თანამშრომლების რაოდენობის გაზრდის­ გამო, აპარატმა­ ავტომობილი შეიძინა. თუ მართლაც ასეა, მაშინ რატომ დააწერეს ავტომობილი მძღოლს, რომელიც მხოლოდ ნათია კაციტაძეს ემსახურება? ეს ქალბატონი სახალხო დამცველის მოადგილედ 2015 წლის დამდეგს დაინიშნა და მაშინვე "ტოიოტა კოროლა" უყიდეს, რომელიც არ მოეწონა და ნანუაშვილის ბრძანებით, მისთვის შეიძინეს "ჰიუნდაის" მარკის სხვა ავტომობილი,­ რომელიც ახლახან ძვირად ღირებული "მერსედესით" შეცვალეს. 105-ათასლარიანი ავტომობილი სწორედ მაშინ შეიძინეს, როცა უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის აპარატისთვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვდა.
ამ ამბავმა რომ გაჟონა, ნანუაშვილი გაღიზიანდა, იფიქრა, დამაბეზღესო, ეჭვი ზოგიერთ თანამშრომელზე მიიტანა და მათი შევიწროება დაიწყო.
ორი თვეა, რაც კაციტაძისთვის შეძენილი "მერსედესი" ისევ სახალხო დამცველის კუთვნილ ავტოსადგომზე დგას და არავის ემსახურება. როგორც ჩანს, ნანუაშვილი და კაციტაძე ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ მის გამოყენებას მოერიდნენ.

P.S. "ილია ჭანტურაიას ჰქონდა კონკრ­ეტული­ გადაცდომები და კომისიამ გადაწყვიტა, რომ ისინი დასაბუთებულია. საჯარო სამსახურში არსებობს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, რომელიც სამუშაო პროცესია, ასეთი არაერთი ყოფილა", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ეკა ასათიანი
თამრიკო
27 ივნისი 2016 13:47
დამცველიც ასეთი უნდა..........ამის იმედი უნდა გვქონდეს?

რედაქტორის რჩევით