ვინ უკვეთს გერმანულ პრესას ანტიქართულ სტატიებს?! - კვირის პალიტრა

ვინ უკვეთს გერმანულ პრესას ანტიქართულ სტატიებს?!

საკმარისი იყო, 2-3 კარგად შეფუთული სტატია დაეფინანსებინა რომელიმე რუსულ წყაროს და შემდეგ ისინი თავის საქმეს გააკეთებდნენ

ვიზების ლიბერალიზაციის საკითხის გადამწყვეტ ფაზაში შესვლის პარალელურად, გერმანულ მედიასაშუალებებში (BILD, DIE WELT, N-TV, SPIEGEL ONLI) ზედიზედ ერთი და იმავე პათოსის მატარებელი ანტიქართული სტატიები დაიბეჭდა. BILD-თან საუბარში ბუნდესტაგის დეპუტატმა არმინ შუსტერმა განაცხადა, რომ თურმე თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან გერმანიაში ორგანიზებულ დანაშაულებში სხვა უცხოელებზე მეტად არიან ჩართულნი. "მთავრობას ქართული ქურდული დაჯგუფებების ეშინია", - ასე ასათაურებს თავის სტატიას DIE WELT-ი, რითიც სათქმელს, ფაქტობრივად, სტატიის წაკითხვამდე ამბობს. ერთი სიტყვით, ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი გამოცემის ხმაურიანი სათაურის თუ სტატიის შინაარსის მიღმა ერთი აზრი იკითხებოდა: საქართველო დამნაშავეების ბუდეა და ამ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა გერმანიას მხოლოდ ბოროტმოქმედებსა და ლტოლვილებს შემატებს.

"კვირის პალიტრასთან" საუბარში ექსპერტი (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე) კახა გოგოლაშვილი მოსაზრებას გამოთქვამს, რომ აღნიშნული სტატიები რუსეთის დაკვეთითაა მომზადებული.

- ბოლო ხანებში საქართველოს შესახებ დაბეჭდილ უცხოურ პუბლიკაციათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სტატიები, რომლებიც გერმანიაში არსებულ ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შეეხებოდა. ისინი მოგვაგონებს ანალოგიური ტიპის სტატიებს, რომლებიც იუწყებოდნენ, თუ როგორ ავიწროებენ სირიელი მიგრანტები გერმანიის სხვადასხვა რეგიონში გერმანელ მოსახლეობას და განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლებს. სირიელი ლტოლვილების შესახებ დაწერილი სტატიები რუსების დაკვეთილი აღმოჩნდა და ეს დაიწერა კიდეც. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ რუსული გავლენა იკვეთება საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხშიც, რუსეთი ამ შემთხვევაშიც ხელშემშლელ ფაქტორად გვევლინება. გამოჩნდა კიდეც სხვა სტატიები, რომლებმაც სტატისტიკა გაასაჯაროეს და ცხადი გახადეს, რომ სინამდვილეში ქართველების უვიზო მიმოსვლა გერმანიას საფრთხეს არ შეუქმნის. საბოლოოდ ვიზალიბერალიზაციის გადავადება სულ სხვა მიზეზის გამო მოხდა. ეს არის გერმანიაში შექმნილი უარყოფითი განწყობა მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც პირველ რიგში ლტოლვილების დიდი ნაკადია. მოსახლეობა და, შესაბამისად, პოლიტიკური ძალების დიდი ნაწილი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სწრაფად გაუქმების მექანიზმის შემოღებას ითხოვენ. ამიტომ გადაინაცვლა საკითხმა სხვა რეალობაში; ანუ ჯერ ველოდებით იმ კანონის მიღებას, რომელიც ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანას საშუალებას მისცემს, პრობლემურ ქვეყანასთან სწრაფად გააუქმოს უვიზო მიმოსვლა და შემდეგ ევროკავშირმა მსჯელობა გააგრძელოს მის მინიჭებაზე საქართველოსთვის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის.

- ბოლო პერიოდში მომრავლდა ამგვარი ანტიქართული სტატიები, თუ ადრეც ქვეყნდებოდა?

- ადრეც იყო სტატიები საქართველოს კრიმინალურ დაჯგუფებებზე არა მარტო გერმანულ პრესაში, არამედ ესპანურშიც, იტალიურშიც, ბერძნულში ხომ იყო და იყო, მაგრამ მათგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ფაქტები მეტად განზოგადებულია და პრობლემაც გაზვიადებული.

სტატიების გამოქვეყნება დაემთხვა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭების თემაზე ბუნდესტაგში მიმდინარე დებატებს და ამან გერმანელი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

უდავოდ შეუწყვეს ამ პროცესს ხელი რაღაც ძალებმა, რასაც დიდი ძალისხმევაც არ სჭირდებოდა, საკმარისი იყო, 2-3 კარგად დაწერილი და შეფუთული სტატია დაეფინანსებინა რომელიმე რუსულ წყაროს და შემდეგ ისინი თავის საქმეს გააკეთებდნენ. ეს სტატიები არ არის გრძელვადიან ზემოქმედებაზე გათვლილი, იმიტომ, რომ რუსული პროპაგანდა სიცრუეზეა აგებული, მაგრამ 2-3 კვირის განმავლობაში, როდესაც რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, ასეთი სიცრუეების კამპანია თავის საქმეს აკეთებს. შემდეგ ხდება ინფორმაციის კორექტირება, მაგრამ ამ დროისთვის უკვე მიღწეულია ნეგატიური მიზანი, რისთვისაც დაიწყო მთელი ეს კამპანია. კრიმინალის თემის წინ წამოწევამ მნიშვნელოვან მომენტში გავლენა მოახდინა პროცესებზე და, შესაძლოა, ეს გამოიყენა გერმანიის მთავრობამ, რომლის გავლენიან პოლიტიკურ ძალებში მომწიფებული იყო უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებული უარყოფითი მუხტი. ამ მომენტში სწორი ნაბიჯი იყო გიორგი კვირიკაშვილის გერმანიაში ჩასვლა. კარგი იქნებოდა, ადრეც დაგეგმილიყო ეს ვიზიტი. შესაძლოა, სულ სხვაგვარად განვითარებულიყო მოვლენები. კვირიკაშვილის გერმანიაში ვიზიტის შედეგად მიღებულ იქნა სრული გარანტიები გერმანიის მთავრობისგან, რომ ის არ შეაფერხებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას არც ერთი არგუმენტით, გარდა იმისა, რომ გერმანიის მთავრობა ელოდება უვიზო მიმოსვლის სწრაფი გაუქმების მექანიზმის მიღებას. ეს პოლიტიკური გარანტია კი, ფაქტობრივად, გვაქვს იმ განცხადებების შემდეგ, რომელიც ანგელა მერკელმა პრესკონფერენციაზე გაახმაურა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

ეკა სალაღაია