რა ქონებას ფლობენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები?
20-06-2016
რა ქონებას ფლობენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები?
ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად "კვირის პალიტრამ" პოლიტიკოსების დეკლარაციებს თვალი გადაავლო

გიორგი კვირიკაშვილი, "ქართული ოცნება"

გიორგი კვირიკაშვილის სახელზეა გაფორმებული ორი საცხოვრებელი სახლი - თბილისში, ზოვრეთის ქუჩაზე 190 კვმ და დუშეთის რაიონში 250 კვმ ფართობის. ასევე მის მფლობელობაშია თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე 34 კვმ ფართობი, ორი მიწის ნაკვეთი - დუშეთის რაიონში 3450 კვმ და თბილისში, ზოვრეთის ქუჩაზე, 432 კვმ ფართობის. გიორგი კვირიკაშვილის სახელზე გახსნილი იყო ხუთი საბანკო ანგარიში, მათგან ოთხი - ბანკ
"ქართუში", ერთიც - თიბისიში. ერთი - სახელფასო, დანარჩენი კი საკრედიტო ანგარიშებია. კვირიკაშვილს ბანკ "ქართუში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 150 ლარი, ამავე ბანკში არსებულ სამ სხვადასხვა ანგარიშზე - 14.000 ლარი, 10.000 აშშ დოლარი
და 5.000 ევრო, თიბისიში გახსნილ ანგარიშზე კი - 4.930 აშშ დოლარი.

დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი, რესპუბლიკელები
თინათინ ხიდაშელს ფანასკერტელის ქუჩაზე აქვს 60 და 116 კვმ ფართობის ბინები. დავით უსუფაშვილის სახელზეა გაფორმებული მსუბუქი ავტომობილი Lexus RX330.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, თინათინ ხიდაშელს თიბისი ბანკში მიმდინარე ბალანსზე აქვს 109.900 ლარი. და 10.885 ევრო. დავით უსუფაშვილს ანაბარზე აქვს - 20.815 ლარი და 10.007 დოლარი, სახელფასო ბარათზე კი - 7.885 დოლარი. შვილის, ალექსანდრე უსუფაშვილის მიმდინარე ანგარიშზე"თიბისი ბანკში გახსნილია ანაბარი 21.165 დოლარის ოდენობით, გრიგოლ უსუფაშვილის ანაბარზე კი ირიცხება 14.068 დოლარი.

ირმა ინაშვილი, "პატრიოტთა ალიანსი"

ირმა ინაშვილის ანგარიშზე ამ ეტაპზე 600 ლარი დევს. მისი ხელფასი დაახლოებით 650 ლარია, საიდანაც ყოველთვიურად 100 ლარს სოლიდარობის ფონდს სწირავს. მის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთი და ოროთახიანი ბინა ბორჯომში. რაც შეეხება ტელევიზია "ობიექტივს", გავრცელებული ინფორმაციით, არხის ექსპლუატაციას კომერციული იურიდიული პირი - შპს "მედიასახლი"ობიექტივი" ახორციელებს, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრე 28,5%-იანი წილით ირმა ინაშვილია.

ნინო ბურჯანაძე, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო ოფიციალური ცნობები 2008 წლით თარიღდება. ბურჯანაძე ფლობს საცხოვრებელ სახლს ბოლქვაძის ქუჩაზე, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ 350 ათას ლარად ჰქონდა შეფასებული. მის სახელზე იყო 30 ათას ლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ცაგერის რაიონის სოფელ ორბელში. მისი მეუღლე, ბადრი ბიწაძე, ფლობს საცხოვრებელ სახლს ცხრუკვეთში, აგარაკს ბორჯომში და მიწის ნაკვეთს. დეკლარაციის შევსების დროს ბურჯანაძის სახელზე გერმანულ "დოიჩე ბანკში" ფიქსირდებოდა - 42.000 ევრო, "თიბისი ბანკში" კი - 6.560 აშშ დოლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით ნინო ბურჯანაძეს ჰქონდა 4.500 ლარი, ბადრი ბიწაძეს - 2.000 ლარი, უმცროს ვაჟს, რეზო ბიწაძეს კი - 3.500 ლარი.

ირაკლი ალასანია, "თავისუფალი დემოკრატები"

ირაკლი ალასანიას 2014 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლის, ნათია ფანჯიკიძის, სახელზეა გაფორმებული თბილისში, ამაღლების #12-ში მდებარე 130 კვმ ფართობის ბინა. ამასთან, ავტოფარეხი და 15 კვმ არასაცხოვრებელი ფართობი. დეკლარაციის შევსების დროს ირაკლი ალასანიას ჰქონდა ნაღდი ფული - 12.000 ლარი და 5.000 აშშ დოლარი. 2013 წლის განმავლობაში კი, თავდაცვის მინისტრის რანგში, ირაკლი ალასანიამ 80.000 ლარი აიღო. დეკლარაციის მიხედვით, ალასანიების ოჯახი მოძრავ ქონებასა და ფინანსურ ქაღალდებს არ ფლობს.

პაატა ბურჭულაძე, "სახელმწიფო ხალხისთვის"
პაატა ბურჭულაძე თბილისში სამ ბინას ფლობს - ჭავჭავაძის გამზირზე, გამსახურდიას გამზირსა და ნუცუბიძის ფერდობზე. ნუცუბიძის ფერდობზე ბინის ფართობია 533 კვმ. ის ფლობს რამდენიმე ნაკვეთს სოფელ წინანდალში. ნაკვეთების ფართობია 15 554 კვმ, 22 153 კვმ, 38 010 კვმ და 6 434 კვმ ფონდ "იავნანას" საკუთრებაშია"აკადემქალაქის ტერიტორიაზე"ნაკვეთი, რომლის ფართობი 2000 კვმ-ია და იქ ახლა მშენებლობა მიმდინარეობს.

რუსუდან შელია
ინგა
06 ივლისი 2016 00:52
გადახედეთ :)) ბატონი პაატა პოლიტიკაში ფულების "მოსატეხად" არ მოდის მას ამის გაჭირვება ნადილად არ აქვს. ის პოლიტიკაში ხალხის სიყვარულის, იმ პატრიოტოზმის რომელიც მას ქვეყნის მიმართ გააჩნია და იმ გულისტკივილით რომელიც გამოწვეულია ქვეყნის ამ მდგომარეობაში ყოფით სწორედ ამიტომ მოდის ის !!
შურიანი
01 ივლისი 2016 20:56
ა, ბატონო, ამიტომ უნდა ყველას პოლიტიკაში წასვლა! - ნახეთ, როგორ ცხოვრობს ირმა ინაშვილი: 650 ლარი ხომ ხელფასი აქვს და 600 (მთელი ექვსასი!) ლარი კიდევ ბანკში უდევს, რომ დივიდენდებით იცხოვროს მისმა შთამომავლობამ!..
აპა!
888
01 ივლისი 2016 16:42
ინაშვილი ქართულ პოლიტიკაში "ძევს" და მარჩენალის ბალახს ძოვს.

რედაქტორის რჩევით