"ვარსებობ იმ იმედით, რომ ჩემი ოჯახის წვალება ტყუილად არ ჩაივლის" - კვირის პალიტრა

"ვარსებობ იმ იმედით, რომ ჩემი ოჯახის წვალება ტყუილად არ ჩაივლის"

"ნინო ბურჯანაძეს კოდორის ჩაბარებაში მონაწილეობა აქვს მიღებული"

"ის, რისთვისაც ვიხოცებოდით ამდენი წელი, 13 დღეში უფეშქაშა სააკაშვილმა მოწინააღმდეგეს"

"ჩემი დის წამებისთვის ყველა მიიღებს პასუხს, ვისი ხელიც ამ საქმეში ურევია"

ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული კოდორის ხეობაში და შეიარაღებულ რაზმ "მონადირის" ყოფილი ხელმძღვანელი ემზარ კვიციანი ამჟამად ძებნილის სტატუსით ცხოვრობს და საქართველოში ვეღარ ჩამოდის. ის "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge გამოგვეხმაურა და ეს ინტერვიუც ელექტრონული ფოსტის დახმარებით ჩავწერეთ.

- საქართველოს დაშლა, ჩვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოს ნება-სურვილი აღმოჩნდა და ალბათ ძალიან ძნელი იქნება ამ პროცესის შეჩერება. მე და შეიარაღებული დაჯგუფება "მონადირე", რომელიც ხეობაში ჩემი ინიციატივით შეიქმნა, ვიყავით უმართავები სახელმწიფოსაგან. ამიტომაც შევძელით ხეობის შენარჩუნება.

სიმართლე გითხრათ, თავიდან შევარდნაძეს მაინცდამაინც არ ვეხატებოდი გულზე, რადგან ვერ შეასრულა დავალება კოდორთან დაკავშირებით, არადა, აძალებდნენ, კოდორი ჩააბარეო. თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერს მივხვდი.  მეგონა ამერიკელები მხარს გვიჭერდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ინტერესებშიც შედის საქართველოს დაშლა-დაქუცმაცება. პროექტი "სააკაშვილიც" ამის გამო შექმნეს, სააკაშვილი რუსეთ-ამერიკის ერთობლივი პროექტია.

აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის საჭირო იყო საზღვრების შეკვრა, ანუ დარჩენილი ტერიტორიების ჩაბარება. რაც შევარდნაძის ხელში ვერ შეძლეს, სააკაშვილის დროს დაასრულეს. ის მაინც გამოცდილი პოლიტიკოსი იყო და სამაჩაბლოში ხალხი ერთმანეთთან მიუშვა, რასაც შერიგება მოჰყვა.

ჭირი თუ ლხინი ერთად ჰქონდათ ოსებსა და ქართველებს. ეს, რა თქმა უნდა, სასურველი არ იყო იმათთვის, ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველო დაეშალა. ამიტომ მოიყვანეს ახალი ჯგუფი, რომელიც ანტიქართულ კანონებს მიიღებდა. გადავავლოთ თვალი, მოსვლისთანავე რა გააკეთეს სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა:

სასწრაფოდ გაწყვიტეს ოსებსა და ქართველებს შორის გაბმული ყველა ძაფი. ამის დასტურია ერგნეთის ხმაურიანი დაჭერები, ოსებსა და ქართველებს შორის ახალი შუღლის გაღვივება. მიზანი უკვე მიღწეული იყო - ისევ  საშვილიშვილო მტრობის ჩამოგდება ორ ხალხს შორის. სამაჩაბლოს შემდეგ ჯერი კოდორზე მიდგა.

თბილისიდან ვერაფერს გახდნენ, ვერ შეასრულეს კოდორის გადაცემის გეგმა. ამის მერე წავიდა კამპანია ჩემს წინააღმდეგ - თურმე კრიმინალი ვიყავი და მათივე პროვოკაციებით მილიონებს ვშოულობდი, ჩემს ხალხს თურმე მე თვითონ ვაყაჩაღებდი. გაჭირვებულ ხალხს იოლად დააჯერებ ტყუილს, მით უმეტეს, როცა მთელი მასმედია მათი იყო. სააკაშვილს პირობა უკვე მიცემული ჰქონდა, რომ კოდორს ჩააბარებდა, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა. ამაზე შეთანხმება მომხდარა ერთ-ერთ შეხვედრაზე მინსკში, რომელიც ტარიელ ონიანმა მოუგვარა სააკაშვილს. მას ამ დროს შეხვედრები ჰქონდა რუსეთის წარმომადგენლებთანაც. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, გადავალ შედეგზე:

როცა გავიგე, რომ ოქრუაშვილი აპირებდა ჯარების შემოყვანას, მივხვდი, კოდორის ხეობის ჩაბარებას აპირებდნენ და ავტეხე განგაში ოქრუაშვილ-მერაბიშვილის წინააღმდეგ. ხმა მივაწვდინე სააკაშვილსაც, რომ იქნებ რაიმე ეღონა და შეეჩერებინა ეს პროვოკაცია.

ის კი ლაჩრულად გამოვიდა და პრეზიდენტის თანამდებობას ამოფარებულმა დედა მაგინა. ეტყობა, ესეც გათვლილი ჰქონდათ, რომ მე ამას არ მოვითმენდი, რადგან დედის მაგინებელი ვინც უნდა იყოს, ჩემთვის სულერთია. შედეგად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა დამაბრალეს და პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჯარების გადაადგილების შესახებ, რაც ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ არაჩვეულებრივად შეასრულა, წამომაძახა კიდეც - სამშობლოს მოღალატე ხარო.

2008 წლის 13 აგვისტოს ჩაბარდა კოდორის ხეობა და 26 აგვისტოს აღიარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მიზანი მიღწეულია, ის, რისთვისაც ვიხოცებოდით ამდენი წელი, 13 დღეში უფეშქაშა დღევანდელმა ხელისუფლებამ მოწინააღმდეგეს.

აი, ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იყო კოდორის ხეობის ჩაბარება წინასწარ გამიზნული ღალატი. ხომ ხედავთ, როგორ ერიდებიან კოდორის თემის წამოწევას ხელისუფლებაც და ოპოზიციაც?

- 2006 წლის მოვლენების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ გარკვეულ ძალებს სურდათ კოდორი საქართველოს ალტერნატიული მთავრობის დისლოკაციის ადგილად ექციათ. რას გვეტყოდით ამ მოსაზრების შესახებ?

- ეს მწარე ტყუილია. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება, ან რა ლეგიტიმურობა ექნებოდა იმ მოგონილ ხელისუფლებას? ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, მაშინ კი არ გამიტყუებდნენ ხეობიდან ტარიელ ონიანისა და იგორ გიორგაძის მეშვეობით. ყველა ტყუილი გასდის სააკაშვილს, რადგან არავინ ებრძვის სწორი იარაღით.

იქ კი არ ურტყამენ, სადაც სტკივა და სადაც სუსტი წერტილები აქვს, არამედ შეგნებულად აძლიერებენ, რადგან კიდევ ბევრი "კეთილი" საქმე აქვს ბოლომდე მისაყვანი. მაგალითად, გორის გადაცემა ოსებისთვის, სამცხე-ჯავახეთისა - სომხებისთვის და აჭარისა - თურქებისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება წავიდეს მიხეილ დამაქცევარი საქართველოდან, რა თქმა უნდა, გამარჯვებული სახითა და გამომეტყველებით. მისი ჯიბის ტელევიზიები კი კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ სააკაშვილმა გაიმარჯვა, მაგრამ გაიმარჯვა მხოლოდ ქართველ ხალხზე.

- როგორ ცხოვრობთ და რას ეტყოდით თქვენს დას, ნორა კვიციანს?

- ვცხოვრობ? - ვარსებობ იმ იმედით, რომ ჩემი ოჯახის წვალება ტყუილად არ ჩაივლის. ამ განსაცდელს ღირსეულად გაუძლო ჩვენი ოჯახის ყველა წევრმა.  ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს შედგება ყველას ლუსტრაცია და მერე აღმავლობაც დაიწყება.

ჩემი და კი, დარწმუნებული ვარ, სადაც არის, იქ აკეთებს სიკეთეს, როგორც აქამდე აკეთებდა. მისი წამებისთვის ყველა მიიღებს პასუხს, ვისი ხელიც ამ საქმეში ურევია.

- საინტერესოა, რას ფიქრობთ ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტებზე?

- ვინმეს შეიძლება ეს გაუკვირდა, მაგრამ არა მე. თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ 2001 წელს ვუთხარი ნოღაიდელს, მოღალატე ხარ-მეთქი და იმის შემდეგ რა შეიცვალა? ნინო რა - ქალია, მაგრამ სიტყვით მომაყენა ისეთი ტკივილი, რომელიც ძნელად მოსაშუშებელია. ერთს კი ვიტყვი - ქალბატონი ნინო ცუდებს შორის უკეთესად გამოიყურება.

მაგრამ ყველაზე დიდი ტვირთი, რაც აწევს, კოდორის ჩაბარებაში მიღებული მონაწილეობაა. თავის მართლების ნაცვლად სიმართლეს თუ იტყვით, ქალბატონო ნინო, თუ აღიარებთ, რომ ჩემი და სააკაშვილის ტყვეობაში იმყოფება და პოლიტპატიმარია, ეს მხოლოდ წაგადგებათ მომავალ პოლიტიკურ კარიერაში.

ბოლოს მინდა გაზაფხული და მომავალი აღდგომის დღესასწაული მივულოცო სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით იმ ქართველებს, რომლებიც გალის რაიონში და დალის ხეობაში ცხოვრობენ. მინდა დავაიმედო, რომ მათი წვალება საბოლოოდ აუცილებლად გამოიტანს ნაყოფს გაზაფხულის ყვავილივით!

დიდება ღმერთს!!!

ემზარ-დავით კვიციანი,

2010 წლის 26 მარტი

ხათუნა ჩიგოგიძემ