რა ჩვენება მისცა მერაბიშვილმა გამოძიებას?! - კვირის პალიტრა

რა ჩვენება მისცა მერაბიშვილმა გამოძიებას?!

პრეზიდენტი ნებისმიერი მოქალაქის ბედით უნდა ინტერესდებოდეს, თუმცა, ვფიქრობ, ამით ის ცდილობს, საზოგადოებაში შექმნას მოლოდინი, რომ ვანო მერაბიშვილს შეიწყალებს

2013 წლის დეკემბერში საკნიდან ყოფილი პრემიერის შესაძლო გაყვანაზე გამოძიება თითქმის მესამე წლისთავზე დაიწყო - ვანო მერაბიშვილმა სასამართლოზე გაჟღერებული ინფორმაცია გამომძიებლებთან კიდევ ერთხელ გაიხსენა. როგორც ”კვირის პალიტრასთან” საუბრისას დაკავებულის ადვოკატი ოთარ კახიძე აღნიშნავს, დაკითხვა ოთხი საათი გაგრძელდა.

ოთარ კახიძე: ”სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებას არასამართლებრივი მიზნები ამოძრავებდა, როდესაც ვანო მერაბიშვილს პატიმრობაში ამყოფებდა. სწორედ ეს უსვამს ხაზს მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივაციას. ახლა ხელისუფლებას სურს, ფორმალური გამოძიებით თავი იმართლოს. დაკითხვაზე პროკურატურამ მოიტანა წინასწარ გამზადებული კითხვარი, რომელშიც ერთ-ერთი კითხვა ასეთი გახლდათ: იცით თუ არა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში დამონტაჟებული ვიდეოკამერები მხოლოდ 24 საათის განმავლობაში ინახავენ ჩანაწერს. ანუ, ეს ნიშნავს, რომ გამოძიებას წინასწარ აქვს გამზადებული ვერსია, თითქოს ჩანაწერი მხოლოდ 24 საათი ინახება. ვინც ამ სფეროში ოდნავ მაინც ჩახედულია, კარგად იცის, რომ ჩანაწერები არქივში ერთი თვის განმავლობაში ინახება. ასე რომ, გამოძიებამ უკვე ამხილა საკუთარი თავი და გამოძიებით სიმართლის დადგენაზე საუბარიც ფარსია. არადა, ხელისუფლებას მართებს არა მხოლოდ საქმის გამოძიება, არამედ კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. პირველ რიგში კი, ფარცხალაძისა და დარბაისელის, ასევე ღარიბაშვილისა და სუბარის - ისინი გამოძიების წარმოებას ხელს უშლიდნენ. დაკითხვისას ვანო მერაბიშვილმა დეტალურად აღწერა, ვინ გაიყვანა ციხიდან, რა მანქანით მიიყვანეს პროკურატურამდე და ა.შ.”

გამოძიებასა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბრობს ექსპერტი არჩილ გამზარდიაც, თუმცა ის პროცესში პრეზიდენტის როლზეც მიანიშნებს:

- პროცედურული გადაცდომები არ აკნინებს ყოფილი პრემიერის დანაშაულებრივ ქმედებებს. მეტიც, დღეს როგორც ქვეყნის სასამართლო, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები ვანო მერაბიშვილის პატიმრობის სამართლიანობას ეჭვქვეშ არ აყენებენ.

არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული, რომ ვანო მერაბიშვილი უკანონო პატიმარია. ამ შემთხვევაში უფრო პრეზიდენტის როლზე გავამახვილებდი ყურადღებას - ის რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების მინისტრთან შეხვედრისას საპატიმროში ყოფილი მაღალჩინოსნების ბედით დაინტერესდა. პრეზიდენტი ნებისმიერი მოქალაქის ბედით უნდა ინტერესდებოდეს, თუმცა, ვფიქრობ, ამით ის ცდილობს, საზოგადოებაში შექმნას მოლოდინი, რომ ვანო მერაბიშვილს შეიწყალებს.

- ფიქრობთ, ეს საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის საგნად იქცა? თანაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტთან შეხვედრაზე გიგა ბოკერიაც იმყოფებოდა.

- მთელი მსოფლიოსთვის მერაბიშვილის პატიმრობის საკითხი დახურულია, ამიტომ ამ საკითხით ვაჭრობა უპირველესად პრეზიდენტს დააზიანებს. რაც შეეხება ბოკერიასთან შეხვედრას, პრეზიდენტს აქვს უფლება და ვალდებულებაც, როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდეს. თუმცა არაეთიკურია, როდესაც შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ხდება და პრეზიდენტი ვალდებულადაც არ მიიჩნევს, ამომრჩეველს ახსნა-განმარტება მისცეს. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად ”ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლებმა კი არა,"”ქართული ოცნების”" მხარდამჭერებმა აირჩიეს.

მეტიც, მარგველაშვილს ბოდიშიც კი აქვს მოსახდელი, რომ გიგა ბოკერიასთან შეხვედრის დეტალებზე საზოგადოებას არ განუმარტა. დახურულ კარს მიღმა ლაპარაკობენ იმ თემებზე, რასაც საზოგადოებას უმალავენ, ან პირადი ინტერესების საგანს განიხილავენ. თუ პრეზიდენტს გიგა ბოკერიასთან პირად ინტერესებზე აქვს სასაუბრო, მართლაც დრამატულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

რუსუდან შელია