"განათლება დროს ჩამორჩა!" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"განათლება დროს ჩამორჩა!" (ექსკლუზივი)

”შენ თუ ქვემოხუნძურის მაგარი სპეციალისტი ხარ, ბრდღვნი და უხუნძურესი გქვია, მაგრამ სამსახურს მაინც ვერ შოულობ, ამას ეკონომიკაში სტრუქტურული უმუშევრობა ეწოდება”

”ყველგან გვიჭირს - დაწყებული მასწავლებლებით, დამთავრებული სამინისტროთი”

რატომ დატოვა თამარ სანიკიძემ თანამდებობა, როდის მიიღო შემოთავაზება, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე რთული სისტემისთვის ეხელმძღვანელა და როგორ აპირებს მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებას, ”კვირის პალიტრის” კითხვებს ექსკლუზიურად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უპასუხებს:

- წინა სამი მთავრობის დროსაც იყო საუბარი განათლების მინისტრად ჩემი დანიშვნის შესახებ, თუმცა სისტემის ხელმძღვანელად ჩემი თავი ვერ წარმომედგინა, განათლების სფეროში კი ისედაც აქტიურად ვმუშაობდი. გადამწყვეტი ფაქტორი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის პიროვნება აღმოჩნდა. ჩვენ წარსულში საქმიანი ურთიერთობაც გვქონდა... მეგობრებმაც მითხრეს, რომ სწორედ ახლაა რაღაცის შეცვლის დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაგვიანებულიც აღმოჩნდეს. არ დაგიმალავთ, სახელმწიფო მოხელედ ჩემს თავს ხანგრძლივად არ განვიხილავ, უბრალოდ, ვფიქრობ, რაღაცების შეცვლა ახლა რეალურად შეიძლება.

- ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მინისტრად ოთხი თვით არ მოსულხართ. პრემიერისგან მიიღეთ გარანტია, რომ მომავალ მინისტრთა კაბინეტშიც იქნებით?

- ბიძინა ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ერთმანეთს არ ვიცნობთ, შეხვედრის შესაძლებლობა არ გვქონია, თუმცა იმედი მაქვს, პროექტებს, რომლებსაც ვგეგმავთ, ის მხარს აქტიურად დაუჭერს. მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი განათლების სფეროში მსხვილი კონტრიბუტორია. რაც შეეხება თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობას, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე პრემიერთან საუბარი გვქონდა. დემოკრატიული სისტემის ხიბლიც და "მინუსიც" ისაა, რომ ხალხს ვინც უნდა, იმ პოლიტიკურ ძალას აირჩევს. ვფიქრობ, მმართველ გუნდს დღეს ძლიერი პოზიციები აქვს, მეტიც, დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი სწორედ მას აირჩევს და პრემიერი ქვეყანას მომავალშიც უხელმძღვანელებს.

თუ ვცდები და ამომრჩეველმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, ჩემს საქმეს დავუბრუნდები. ერთადერთი გათვლა მაქვს - თუ სამინისტროს გუნდთან ერთად საქმეს გამაკეთებინებენ და სისტემაში არსებულ პრობლემებს მომაგვარებინებენ, ჩემს აქ ყოფნას აზრი აქვს, თუ კოსმეტიკურ რეჟიმში ვართ, მაშინ გუნდში ნამდვილად არ დავრჩები. ასე რომ, ოთხი თვე ჩემთვისაც მოსინჯვის პერიოდია - სწრაფად მივხვდები, ჩემს შეთავაზებებზე მთავრობა როგორ რეაგირებს.

- განათლების მინისტრის შეცვლა საზოგადოებისთვის და მმართველი გუნდის უმრავლესობისთვისაც მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. ამბობდნენ, რომ თამარ სანიკიძე ბათუმში, მასწავლებლების ტრენინგზე მიხეილ სააკაშვილის სკაიპით ჩართვას შეეწირა.

- კონსპირაციების თეორიებზე საუბარი სისულელეა. განათლების მინისტრის შეცვლა ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე კვირით ადრე გადაწყდა. რატომ გადაწყდა ახალი გუნდის წევრის განხილვა, ამას ნამდვილად არ ჩავძიებივარ. იმედია, თამარს ჩვენს სისტემაში შევინარჩუნებთ.

- თამარ სანიკიძე ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ იქნება?

- არა, თამარი გულანთებული პროფესიონალი და ტექნოკრატია, რომელსაც სამუშაოს შესრულება კარგად შეუძლია. საარჩევნო სიაში ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, თუმცა თამარ სანიკიძის ნიჭის გამოყენება მენეჯმენტში უკეთესი იქნება, ვიდრე პოლიტიკურ ასპარეზზე.

- უკვე შეთანხმდით, რა პოზიციაზე დაბრუნდება თამარ სანიკიძე სამინისტროში? ან როგორ წარმოგიდგენიათ ყოფილი მინისტრის დაბალ თანამდებობაზე დაბრუნება?

- ეს საკითხი დაახლოებით ერთ თვეში გადაწყდება, რაც შეეხება ყოფილი მინისტრის დაბრუნებას, თამარის თვითშეფასების საკითხს მაღალ დონეზე დავაყენებ - მგონია, რომ ის საქმის ინტერესს პატარა კარიერულ დისკომფორტზე მაღლა დააყენებს. დღეს არაერთი კარგი ადამიანის ადგილია სისტემაში, ყველგან გვიჭირს - დაწყებული მასწავლებლებით, დამთავრებული სამინისტროთი.

- ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ორგანიზაციული პრობლემები გამოიკვეთა, მასწავლებლებს ტრენინგებზე ექსპრეზიდენტი ერთვება, რუსთავის საჯარო სკოლაში კი, მოსწავლეებს 26 მაისისა და 7 ნოემბრის ვიდეოფირებს აყურებინებენ. პასუხისმგებლობას გრძნობთ იმის გამო, რომ პოლიტიკური ინტერესებისთვის სასკოლო სისტემის გამოყენება ხდება?

- წინა წლებში განათლების სისტემა დამოუკიდებელი არ გახლდათ, სკოლაც და უნივერსიტეტებიც წინასაარჩევნო პროცესის ნაწილად განიხილებოდა. საზოგადოება ამ მენტალობას ერთ დღეში ვერ შეიცვლის, დარწმუნებული ვარ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტი მცდელობა იქნება, სისტემა პოლიტიკურ პროცესში ჩაითრიონ. თუმცა რუსთავის სკოლაში რას აჩვენებდნენ ისეთს, რასაც ტელევიზორში მილიონმა ბავშვმა არ უყურა?

- თქვენ მომხრე ხართ, რომ პოლიტიკური გზავნილები შევიდეს სკოლაში და საინფორმაციო გამოშვებების ცალკე ჩვენება მოვუწყოთ მოსწავლეებს?

- მხოლოდ იმას ვამბობ, რომ რუსთავის სკოლაში აჩვენეს ფირი, რომელიც დღის საათებში რამდენჯერმე განმეორებით მთელმა საქართველომ, მათ შორის, ბავშვებმაც ნახეს. დიახ, მიუღებელია ესეც და ისიც. როგორც კი სკოლასა და ბავშვს ამ ბრძოლაში ვითრევთ, მათ ცნობიერებაში ინფორმაციას ვლექავთ. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ პრემიერის ინიციატივა ქცევის კოდექსთან დაკავშირებით დროულია. ვნახოთ, ვინ შეუერთდება და ვინ - არა. ჩვენ კი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დამოუკიდებელი იყვნენ. გაკვეთილების შემდეგ ბავშვები რას აკეთებენ, როგორც წესი, თითქმის არ გვეხება. თუმცა შევეცდებით ამ მხრივ საგანმანათლებლო სამუშაო ჩავატაროთ. ავუხსნათ ყველას, რომ პოლიტიკურ ინტერესებში სკოლის ჩართვით, შესაძლოა, ბევრად მნიშვნელოვანი გავაფუჭოთ.

- გარდა იმისა, რომ რუსთავის სკოლაში ნაჩვენებ ფირზე ფსიქოლოგის დასკვნა მოითხოვეთ, რა კონკრეტულ ღონისძიებებს მიმართეთ, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს?

- სოციალურ ქსელში წავიკითხე კომენტარები, მკაცრად და სასტიკად დასაჯეთ, ვინც სკოლაში მსგავსი კადრები აჩვენაო. სასტიკად და მკაცრად დასჯა ვისი ხელწერაც იყო, მას დიდი ხანია ვებრძვით, თანაც, თუ სკოლა შეშინებული და დამფრთხალი გავხადეთ, საერთოდ არაფერს გააკეთებენ.

დიახ, რუსთავის სკოლაში ნაჩვენებ ფირზე უახლოეს დღეებში ფსიქოლოგების დასკვნას მივიღებთ, რამდენად შეესაბამებოდა ეს მეთერთმეტეკლასელების ფსიქიკას. თუ აღმოჩნდება, რომ ეს მათი ფსიქიკისთვის შეუფერებელია, პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. სხვა შემთხვევაში კი, გაფრთხილებითა და დარიგებით შემოვიფარგლებით. მიხეილ სააკაშვილის მასწავლებლებთან ”სკაიპით” ჩართვის გამო არავინ დასჯილა, არადა, ვფიქრობ, ესეც არანაკლებ მავნებელია ფსიქიკისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იმ შეხვედრაზე ბავშვები არ ყოფილან. განათლების სისტემაში სისასტიკეს მასშტაბური სისასტიკისკენ მივყავართ - თუ ვიქნებით სუპერმკაცრი დირექტორთან, ის იქნება სუპერმკაცრი მასწავლებელთან, რომელიც აუცილებლად სუპერმკაცრად დასჯის თქვენს შვილს, დას ან ძმას.

- ასეთივე მიდგომებით აპირებთ თუნდაც თსუ-ის სტუდენტებს აუხსნათ, რომ უნივერსიტეტში უშიშროების ჩართულობა დემოკრატიული პროცესის ნაწილია? თანაც უნივერსიტეტი აგვისტოში ახალ რექტორს ირჩევს და დიდი ალბათობით მორიგ საპროტესტო ტალღას ვიხილავთ.

- სტუდენტებთან უკვე ათი შეხვედრა მქონდა, ვცდილობ, პროცესი დიალოგის რეჟიმში გადავიყვანო. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ჯგუფში, მათ შორის სტუდენტებშიც, პოლიტიკურად მოტივირებულები არიან და როგორი პლატფორმაც უნდა შევქმნათ, საარჩევნოდ ხმაური იქნება. პოლიტიკური ინტერესები აუცილებლად გაღვივდება, სტუდენტები საარჩევნო პროცესის აქტიურ ნაწილს წარმოადგენენ და, ჩემი აზრით, ეს მისასალმებელიცაა - მთავარია, ეს ყველაფერი ძალადობასა და შეურაცხყოფაში არ გადაიზარდოს. ვეცდები, სტუდენტები მაქსიმალურად მოვხიბლო და საქმის რეალური მოგვარებით დავაინტერესო.

- რაც შეეხება განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს - საატესტაციო გამოცდებში ჩაჭრილთა რაოდენობა გაზრდილია და ინფორმაციას სამინისტრო ჯერ არ ასაჯაროებს, მასწავლებელთა 86%-მა საკვალიფიკაციო გამოცდები ვერ ჩააბარა, სტუდენტები კი დასაქმებას ვერ ახერხებენ. სამინისტროში ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად კონკრეტული მექანიზმებით მოხვედით?

- ჩვენი განათლების სისტემა ყველა საფეხურზე დროის მოთხოვნებს ჩამორჩა. არაჩვეულებრივი ამბავია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ეროვნული გამოცდების მძიმე შედეგებზე ლაპარაკობს - ეს აღიარებაა, რომ სისტემაში წლების წინ რაღაც გაფუჭდა, რომლის შედეგებსაც ახლა ვიმკით.

გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთი თვის წინ ამბობდა, რომ შედეგებში პრობლემები გვაქვს, უბრალოდ, ინფორმაციის გასაჯაროებას თავისი პროცედურები აქვს და მას აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. პრობლემები რომ არ გვქონდეს, არც განათლების რეფორმა დაგვჭირდებოდა. პირველ რიგში, მასწავლებლებში მოტივაციის ამაღლებას ვგეგმავთ, მოსწავლეს კი მეტი დრო და თავისუფლება უნდა მივცეთ განვითარებისთვის. ამასთან, სასწავლო პროცესიც დასახვეწია. გპირდებით, ხუთი წლის შემდეგ გასაოცარ შედეგს მივიღებთ.

- და გამოცდებში ჩაჭრილ მასწავლებლებში მოტივაციის გაზრდას ხელფასით გეგმავთ?

- პოლიტიკური გამოცდილება არა მაქვს, თუმცა"გუდ ნიუს-მენეჯმენტის" თვალსაზრისით ტოლს არავის დავუდებ. აქცენტებიც სწორედ მენეჯერულ პრინციპებზე იქნება აგებული. დანაშაული ჩავიდინეთ, როდესაც 25 წლის განმავლობაში მასწავლებლებს ქვებს ვესროდით და ისინი მხოლოდ მაშინ გვახსენდებოდა, თუ სტუდენტი ვერ ჩააბარებდა. პირადად მე, მასწავლებლის დაფასებას ვგეგმავ და ეს ხელფასს სულაც არ უკავშირდება.

ვისაც ჰგონია, რომ მოტივაციის საიდუმლო ხელფასია, 50 წლის წინანდელი მენეჯმენტის წიგნები გადაყაროს. თანაც ვინც სკოლაში ფულისთვის მოდის, გზა ეშლება. მათ პროფესიული ღირსება უნდა დავუბრუნოთ, აი, მაგალითად, გუგლერობა სუპერსაამაყოა, მართალია, ჩვენი რესურსებით ”გუგლს” ვერ შევეჯიბრებით, მაგრამ მასწავლებლობას საამაყოს გავხდით. ამასთან, მათ დავეხმარებით ტექნოლოგიების ათვისებაში. პარალელურად, სტუდენტებთან აქტიურად ვიმუშავებთ - ბაზრის მოთხოვნები და მათი პროფესია ერთმანეთს უნდა დავუახლოვოთ. ჩვენ ისეთ განათლების სისტემას ვაშენებთ, რომელიც სამუშაო ადგილზე პირდაპირ გსვამს.

პრემიერის გერმანული მოდელის გამოყენების ინიციატივა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტი პირველივე კურსზე დასაქმდეს და სწავლის პარალელურად იმუშაოს, ოღონდ არა ისე, რომ არც ერთი მხარე ხელს არ გიწყობს, იჭყლიტები - სამსახურში გეუბნებიან, რატომ არ დადიხარ ლექციებზე, ლექციებზე კი გიბრაზდებიან, საათებს რატომ აცდენო.

- ეს მოდელი ეფექტურია იმ ქვეყანაში, სადაც პროფესიონალებსაც უჭირთ სამსახურის პოვნა?

- პროფესიონალებს სამსახურის პოვნა მთელ მსოფლიოში უჭირთ, თუ მათი ცოდნა შრომის ბაზარს აცდენილია. ჩემი ჯგუფელი მათემატიკურ ლინგვისტიკას სწავლობდა, რომლის ერთ-ერთი ენა ქვემოხუნძური გახლდათ. შენ თუ ქვემოხუნძურის მაგარი სპეციალისტი ხარ, ბრდღვნი და უხუნძურესი გქვია, მაგრამ სამსახურს მაინც ვერ შოულობ, ამას ეკონომიკაში სტრუქტურული უმუშევრობა ეწოდება. ვიღაც მაგარმა "ტიპებმა" ქვემოხუნძური იციან, დამსაქმებელი კი შემდუღებელს ეძებს, ანუ ერთმანეთს ავცდით. დღეს ბუღალტრებზე, ამწის ოპერატორებზე, "მოტორისტებზე" წყვეტაა, მაგრამ გვყავს უამრავი დაუსაქმებელი დიპლომატი, მენეჯერი და ა.შ. როდესაც აბიტურიენტები მეკითხებოდნენ, იურიდიულზე მინდა ჩაბარება და რას მირჩევთო, ყოველთვის ვპასუხობდი, თუ ტოპასეულში ვერ მოხვდები, უსაქმოდ დარჩები-მეთქი. ანუ 220-ე იურისტი არავის სჭირდება. სამაგიეროდ, ქვეყანაში ერთი ბიოქიმიკოსი გვყავს და თუ ამ პროფესიას ისწავლი, აუცილებლად დასაქმდები. ვიცნობ ადამიანებს, ვინც მათემატიკური დაამთავრა, მაგრამ შემდეგ ბუღალტერია ან პროგრამისტობა ისწავლეს. ასე რომ, კარიერის განახლების შესაძლებლობას ყველას მივცემთ.

რუსუდან შელია