BRexit ევროპული გაყრა - კვირის პალიტრა

BRexit ევროპული გაყრა

"გამსვლელთა" ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი რეფერენდუმის გამოცხადების დღესვე გამოტყდა, მთავარი არგუმენტი, რაზეც ჩვენი ბანაკი აპელირებდა, სიცრუე იყოო. ბრიტანელებმა ტყუილები დაიჯერეს..."

"ბრიტანეთის გასვლამ შესაძლებელია, გააძლიეროს კიდეც ეს სტრუქტურა, უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა შეცდომის შედეგებს მოიმკის"

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა - 23 ივნისს ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ბრიტანელების 51,8%-მა ორგანიზაციიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ბრიტანეთისთვის კატასტროფულ შედეგებს"პროგნოზირებდა რეფერენდუმის გამართვამდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი, რომელიც შედეგების გამოქვეყნებისთანავე, ოქტომბერში, თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. ამასობაში დიდ ბრიტანეთს დაშლის საფრთხე ემუქრება - გაცილებით ადრე, რეფერენდუმი შოტლანდიაში ჩატარდა, სადაც მოსახლეობის 62%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირში დარჩენას. შოტლანდიის მთავრობის მეთაურმა ნიკოლა სთარჯეონმა განაცხადა, რომ შოტლანდიის ხალხი თავის მომავალს ევროკავშირში ხედავს. რა გავლენას მოახდენს ევროპაში მიმდინარე ცვლილებები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი საუბრობს.

მამუკა ჟღენტი: - რეფერენდუმის შედეგები არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად უნდა აღსრულდეს, თეორიულად ბრიტანელ კანონმდებლებს მისი იგნორირებაც შეუძლიათ. თუმცა დიდი ბრიტანეთი დემოკრატიული სახელმწიფოა და პროცესების ამ სცენარით განვითარებას თითქმის გამოვრიცხავ. გარდა დემოკრატიისა, ბრიტანეთში არჩევნები ახლოვდება და ვეჭვობ, ხალხის ნება პოლიტიკოსებმა არ გაითვალისწინონ. სამწუხაროა, რომ "დარჩენის" კამპანიამ ვერ შეძლო მოსახლეობისთვის დაემტკიცებინა "გასვლის" მომხრეთა ლოზუნგების, ხშირ შემთხვევაში, აბსურდულობაც კი. საგულისხმოა, რომ "გამსვლელთა" ლიდერი რეფერენდუმის გამოცხადების დღესვე გამოტყდა, მთავარი არგუმენტი, რაზეც ჩვენი ბანაკი აპელირებდა, სრული სიცრუე იყოო. კერძოდ, "გამსვლელები" მოსახლეობას უმტკიცებდნენ, დიდი ბრიტანეთი ყოველკვირეულად ევროკავშირს 50 მილიარდ ევროს უხდის, რაც გასვლის შემთხვევაში სრულად მოხმარდება ბრიტანეთის მოსახლეობასო. ასევე, არაფერს ეფუძნებოდა "გამსვლელთა" არგუმენტი იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი თურქეთის წევრად მიღებას აპირებს. ვწუხვარ, რომ ბრიტანელებმა ჩამოთვლილი ტყუილები დაიჯერეს.

- შოტლანდია ევროკავშირიდან გასვლაზე უარს ამბობს და დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გასასვლელად რეფერენდუმს აანონსებს. რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები ევროპის მომავალ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ძლიერდება თუ არა დღეს დასავლეთში რუსეთის პოზიცია?

- შოტლანდიაში ახალი რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობა უახლოეს პერიოდში დადგება. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩრდილოეთ ირლანდიის პრობლემაც. მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ეკონომიკის გასვლა წევრობიდან, ევროკავშირზე უდავოდ უარყოფითად იმოქმედებს. ეს ნათელი გახდა მაშინაც, როდესაც რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე ევროს კურსი მკვეთრად დავარდა. ვფიქრობ, ეს შოკით გამოწვეული დროებითი მოვლენაა და უფრო ნეგატიური შედეგები დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას ელოდება, რომელიც ევროზონის წევრი არც ყოფილა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეფერენდუმის შედეგის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ევროკავშირში დარჩება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამ პერიოდში განსახორციელებელი პროცედურებისა და მოლაპარაკებების შედეგებზე. ნორვეგია და შვეიცარია ევროკავშირის წევრები არ არიან, მაგრამ იმ თავისუფლებათა დიდი ნაწილი, რაზეც დგას ევროკავშირი, ამ სახელმწიფოებზეც ვრცელდება. ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკვე აღიარა შედეგები და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას გაყრის პროცედურის დროული დაწყებისკენ მოუწოდა. ეჭვგარეშეა, რომ ბრიუსელი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, სადაც წამყვანი როლი გერმანიამ და საფრანგეთმა უნდა ითამაშონ. თუმცა ორივე სახელმწიფოში 2017 წელს არჩევნები უნდა ჩატარდეს, რაც ხელს უშლის რადიკალური ზომების მიღების ალბათობას.

დიდი ბრიტანეთის გასვლით უფრო რეალური ხდება იმ პროექტების იმპლემენტაცია ევროკავშირში, რასაც ლონდონი მუდმივად ბლოკავდა. მაგალითად, ე.წ. დასავლეთევროპული კავშირის სამხედრო კომპონენტის გაძლიერება და ა.შ. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, კრემლის ავტომატურ გაძლიერებას ვერ ვიწინასწარმეტყველებ. დიდი ბრიტანეთი ბრიუსელში თეთრი სახლის პოზიციის გამხმოვანებლად ითვლებოდა, ამიტომ, შესაძლებელია, ვაშინგტონისა და ლონდონის პოზიციების შესუსტებამ რუსეთთან მაამებლური პოზიციის მომხრეთა გავლენა გააძლიეროს. თუმცა ამას დრო გვიჩვენებს - პირველი ლაკმუსის ფურცელი კი, ვფიქრობ, რუსეთზე დაკისრებული სანქციების ბედი იქნება.

- რეფერენდუმის შედეგები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე მოახდენს გავლენას?

- მოლდავეთში უვიზო რეჟიმის შემოღებას დიდ ბრიტანეთზე არ უმოქმედია - მოლდავეთის მოქალაქეებს დღესაც ესაჭიროებათ ვიზა დიდ ბრიტანეთში თუნდაც ხანმოკლე სტუმრობისთვის. შესაბამისად, პირდაპირი კავშირი ამ ორ ელემენტს შორის არ არსებობს. ერთადერთი, რამაც შეიძლება საკითხის კიდევ უფრო გაჭიანურებაზე გავლენა იქონიოს, ბრიუსელის გადატვირთულობაა. დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცედურები შრომატევადი იქნება, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, ჩვენი საკითხი ამის გამო თაროზე არ შემოიდოს.

- საქართველოს პოლიტიკურ სპექტრშიც გაჩნდა განცხადებები ევროკავშირის დაშლის პერსპექტივებზე. პრორუსული ძალები ბრიტანეთის მაგალითს საზოგადოებაში ნიჰილიზმის გასაღვივებლად გამოიყენებენ. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ანტიდასავლურ კამპანიასთან ბრძოლა?

- თუ მოსახლეობა ცრუ პროპაგანდით არ ისაზრდოებს, ნიჰილიზმის დამკვიდრების საფუძველს ვერ ვხედავ. ევროკავშირი არ არის იდეალური, ჰქონდა და მომავალშიც არაერთი პრობლემა ექნება, თუმცა მასზე ეფექტური და ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ბლოკი ევროპაში ჯერ არ შექმნილა... საქართველოს მოსახლეობამ ვიზალიბერალიზაცია დაიმსახურა და ჩვენ უვიზო რეჟიმს მივიღებთ. ევროკავშირის წევრები კი უახლოეს მომავალში ვერ გავხდებით და ამის ილუზია არც უნდა გვქონოდა. თუმცა, ლაპარაკი იმაზე, რომ ევროკავშირი დაიშლება, სანამ საქართველოს წევრობა დადგება მის დღის წესრიგში, რბილად რომ ვთქვათ, არარელევანტურია. ჩემი შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბრიტანეთის გასვლამ შესაძლებელია გააძლიეროს კიდეც ეს სტრუქტურა, უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა შეცდომის შედეგებს მოიმკის.

DIE ZEIT რეფერენდუმის გაკვეთილი

ნაცვლად იმისა, დევიდ კამერონს საკუთარი პარტიის გაერთიანებაზე ეზრუნა და დაჰპირისპირებოდა პროპაგანდას, რომელიც ბრიტანელების მოტყუებას ემსახურებოდა, მან ქვეყანა, ფაქტობრივად, ორად გახლიჩა. რეფერენდუმმა მნიშვნელოვანი შეცდომები დაანახა სრულიად ევროპას.

პირველ რიგში, პასუხისმგებელმა პირებმა მოსახლეობას სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაცია არ მიაწოდეს... მეორე გაკვეთილი ბრიტანელების ორ ნაწილად გაყოფაა: ლონდონი და დანარჩენი ბრიტანეთი, ან მდიდარი და ღარიბი ბრიტანელები. მდიდარმა და პრივილეგირებულმა ბრიტანელებმა ხმა ევროპას მისცეს, ღარიბი ფენა კი ფინანსურმა კრიზისმა კიდევ უფრო დააფრთხო. გაკვეთილია ისიც, რომ ევროპა ბრიტანელებს როგორც გარეუბნელს, ისე უყურებდა. ასეთი პოზიცია, შესაძლოა, მომავალში საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. ამ დისტანციამ ბრიტანელების ევროკავშირიდან გასვლის შესაძლებლობა უფრო აქტუალური გახადა...

THE TIMES რევოლუციური დღე

ტამტამებზე ჯოხების ბრახუნის ხმების ფონზე, რომელიც მთელი დღე ისმოდა ბრიტანეთში, სახელმწიფომ ევროკავშირი დატოვა. ეს მოქალაქეების მკვეთრი გზავნილი იყო იმ პოლიტიკური ელიტისთვის, რომელიც საზოგადოების მოთხოვნების შესმენას გადაეჩვია. ყველაფერთან ერთად, რეფერენდუმის შედეგი ამომრჩევლის შურისძიება გახლდათ იმ მიგრაციული პოლიტიკის გამო, რომლის გაკონტროლებაც ევროპამ ვერ მოახერხა, რამაც საბოლოოდ, ევროკავშირის მოქალაქეები დააზარალა. ბრიუსელი რამდენიმე დღეა იღვიძებს რეალობაში, რომლის ყველაზე მეტად ეშინოდა. ან როგორ მოახერხებს დამშვიდებას, როდესაც ევროკავშირის სიმდიდრით მეორე ქვეყანამ მის წევრობაზე უარი თქვა?!

The Washington Post ვინ იქნება შემდეგი?

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ გაერთიანების დაშლაზე ლაპარაკი იქნებ გაზვიადებულიც კი არის, თუმცა, შესაძლოა, რამდენიმე სახელმწიფომ ამ მიმართულებით მოთხოვნები ბევრად რიხიანად გააჟღეროს. მაგალითად, შვედეთმა რეფერენდუმის საფუძველზე სახელმწიფოში მთავარ ვალუტად ევროს გამოცხადებაზე უარი განაცხადა. მოსახლეობა ბრიტანეთის პოზიციას მიგრაციის თვალსაზრისითაც იზიარებს - შვედების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მიგრაციაზე დახარჯული ფინანსები პატარა ქვეყნის სოციალურ უზრუნველყოფას საფრთხეს უქმნის. ანალოგიური განცხადებები კეთდება დანიაშიც... დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა საბერძნეთისთვისაც დარტყმაა - შესაძლოა, საქმე იქამდეც მივიდეს, რომ ფინანსური პრობლემების გამო თავად ევროკავშირმა თქვას საბერძნეთის წევრობაზე უარი.

"არ დამტოვო" - ასეთი იყო ჰოლანდიის პოზიცია ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ. ერთ-ერთი ლიდერი პარტიის ხელმძღვანელმა ჰერ ვიდერსმა BBC-თან განაცხადა, თუ ჩვენს ერს გადარჩენა სურს, მიგრაცია და ისლამიზაცია უნდა დავასრულოთ, რასაც ევროკავშირში დარჩენით ვერ მოვახერხებთო. ევროკავშირს ალმაცერად უყურებს საფრანგეთის მოსახლეობის 61%-ც. პარალელურად, ძლიერდება "ნაციონალური ფრონტი", რომლის ლიდერმაც "ბრექსიტს" მხარი დაუჭირა. თუ გავითვალისწინებთ პარტიის რეიტინგის ზრდას, შესაძლოა, ერთ დღესაც "ნაციონალური ფრონტი" საფრანგეთის ხელისუფლებაში აღმოჩნდეს, მაშინ კი, საფრანგეთის დღის წესრიგში "ბრექსიტის" (British exit - "ბრიტანეთის გასვლა" - შემოკლებით BRexit) გამეორება აუცილებლად დადგება.

რუსუდან შელია