"პრემიერით დაწყებული და პრეზიდენტით დამთავრებული, ყველას ვხვდებოდი და რა ინტერპოლი მეძებდა?" - კვირის პალიტრა

"პრემიერით დაწყებული და პრეზიდენტით დამთავრებული, ყველას ვხვდებოდი და რა ინტერპოლი მეძებდა?"

"სად გვაქვს თავისუფალი ბაზარი"

"თუ ვინმეს ჰგონია, რუსებმა არ იცოდნენ, მილი სად გადიოდა, რაკეტა დაუმიზნეს და ვერ მოარტყეს, ძალიან ცდება"

მერობის კანდიდატ გია ჭანტურიას პროგრამამ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში დიდი აურზაური გამოიწვია. გია ჭანტურია ამომრჩეველს "კომუნიზმს" ჰპირდება: ბუნებრივი აირი - 10 თეთრად, წყალი - უფასოდ, ელექტროენერგია - 5 თეთრად - ასეთი დაპირებების გამო გია ჭანტურიას კი არა, ვის არ მისცემ ხმას კაცი, მაგრამ მის წინასაარჩევნო პროგრამას ბევრმა უკვე უწოდა ავანტიურა და უტოპია, თავად გია ჭანტურია კი სკეპტიკოსებს "დუელში იწვევს" და აცხადებს, რომ პროგრამა, სავსებით რეალურია.

- ბატონო გია, როდესაც ამბობთ ბუნებრივი აირი - 10 თეთრად, წყალი - უფასოდ, არარეალურ დაპირებებს ხომ არ იძლევით?

- საქმე ის არის, რომ ზოგიერთი ექსპერტისაგან განსხვავებით მე ვიცი იმ ხელშეკრულების წაკითხვა და განმარტება, რომელიც საქართველომ კონსორციუმებთან ჯერ კიდევ 2001 წელს დადო. რომ ამბობენ, ჭანტურია თაღლითია, როგორ შეიძლება დაუჯერო, როცა რუსეთს ეკუთვნის ყველაფერიო, რბილად რომ ვთქვა, არაკომპეტენტურობაა. მე ვასახელებ ციფრებს, წარმოვადგენ კონკრეტულ ხელშეკრულებებს და დამიმტკიცონ, რომ ასე არ არის. ნებისმიერ ექსპერტს დავუმტკიცებ, რომ შესაძლებელია საქართველოში ბუნებრივი აირი 10 თეთრი ღირდეს.

- ექსპერტები ამბობენ, რომ თავად აზერბაიჯანში ღირს ბუნებრივი აირი 25 თეთრი და ჩვენთან როგორ შეიძლება 10 ღირდეს?

- ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ აზერბაიჯანი არაფერ შუაშია. აიღონ ჯერ კიდევ 2001 წელს დადებული ხელშეკრულება, წაიკითხონ და მიხვდებიან, რაზეა ლაპარაკი. ამაზე ხუთი წელი ვმუშაობდი, ჩემზე დიდხანს კი - ამერიკელები.

- ამერიკას რატომ უნდა უნდოდეს, რომ საქართველოში ბუნებრივი აირი გაიაფდეს?

- არა მარტო ამერიკა, მსოფლიოს 15 ქვეყანაც ამით არის დაინტერესებული. კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებში უზარმაზარი რესურსებია. აზერბაიჯანი 2012 წლისთვის 60 მილიონ ტონა ნავთობს და 31 მილიარდ კუბმეტრ ბუნებრივ აირს, ყაზახეთი - 100 მილიონ ტონა ნავთობს და 31 მილიარდ კუბმეტრ ბუნებრივ აირს, თურქმენეთი - 110 მილიარდ კუბმეტრ ბუნებრივ აირს და 100 მილიონ ტონა ნავთობს მოიპოვებს. იმის გამო, რომ კასპიის ზღვა დახურული სივრცეა და გასასვლელი არსად აქვს, სასიცოცხლოდ აუცილებელია მისთვის თავისი პროდუქციის ევროპისთვის მიწოდების რუსეთისაგან ალტერნატიული გზა შექმნას.

პროექტის მთავარი მიზანი ის გახლდათ, რომ ჩვენი ქვეყანა დასავლეთის ინტერესების სფეროში მოქცეულიყო. დღეს თბილისში რომ რუსული ტანკები არ დგას, მხოლოდ იმის შედეგია, რომ ეს გაზსადენი არსებობს. თუ ვინმეს ჰგონია, რუსებმა არ იცოდნენ, მილი სად გადიოდა, რაკეტა დაუმიზნეს და ვერ მოარტყეს, ძალიან ცდება. ამ პროექტით 15 ქვეყანაა დაინტერესებული, ამ მილებში ყოველწლიურად 70 მილიარდი დოლარის ბუნებრივი აირი და ნავთობი გადის.

ჩვენ რუსეთის მონოპოლია დავარღვიეთ და ამიტომაც გაჩნდა ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო ინტერესები. ამერიკას სურს, რუსეთისგან დამოუკიდებლად უზრუნველყოს ევროპა კასპიის რესურსით, დააბალანსოს მათი ურთიერთობა თურქეთთან, ერაყთან, ირანსა და ავღანეთთან.

ასეთივე ინტერესი აქვს ევროკავშირსაც, უზრუნველყოს თავისი მოსახლეობა ბუნებრივი აირით - განსაკუთრებით იმ ცივი ზამთრის შემდეგ, რაც ერთხელ ევროპამ რუსეთის წყალობით გამოიარა. ეს ენერგეტიკული დერეფანი რომ არა, ისე გადაგვყლაპავდა რუსეთი, ჩვენს დასაცავად ხმასაც არავინ ამოიღებდა.

1993 წელს  აზერბაიჯანში ვიყავი ჰეიდარ ალიევთან. ბრძენი კაცი იყო. მითხრა, სანამ ელცინი სვამს და ლოთობს, ეს გზა უნდა ავაშენოთ, თორემ არ იქნება ჩვენი საშველიო. გახსოვთ, ალბათ, რა აღარ დამაბრალეს: თურმე გავყიდე ქვეყანა, დავანგრიე ბორჯომი, გავაფუჭე ბორჯომის წყალი, ხელშეკრულებებს არასწორად მოვაწერე ხელი, მილიონები ავიღე "ბი-პი-აისგან" ბორჯომის გასანადგურებლად. სინამდვილეში კი ამ  შავი პიარისთვის 60 მილიონი დოლარი დახარჯა რუსეთმა. აფინანსებდა ყველას, ვინც ხელს შეუშლიდა ამ პროექტის დაწყებას.

ყველაფერი იღონა, რომ ეს ალტერნატივა არ შექმნილიყო. რუსეთმა იცოდა, რომ ეს გააცამტვერებდა მის გავლენას არა მარტო საქართველოზე, არამედ სხვა ქვეყნებზეც. უნდა შევთანხმდეთ, რომ  დღეს საქართველოში ენერგომატარებლებზე არსებული ტარიფები არარეალურად მაღალია და ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას.

თუ ვინმემ ჩემზე უკეთესად იცის, როგორ უნდა გაკეთდეს საქმე, თქვას. რაში გვესაქმება რა ღირს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანში? ერთი რამე უნდა გავიგოთ: ჩვენ საქმე არა აზერბაიჯანთან, არამედ კონსორციუმებთან გვაქვს. დღეისათვის საქართველოს მოსახლეობა 1 მილიარდ 200 მილიონ კუბმეტრ ბუნებრივ აირს  მოიხმარს.

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საპროექტო გამტარუნარიანობაა 30-მილიარდი კუბმეტრი წელიწადში. ამჟამად გაზსადენის დატვირთვა წელიწადში 6,6 მილიარდ მეტრკუბს შეადგენს, საიდანაც საქართველოს 5% უფასოდ ეკუთვნის (330 მლნ. მ3), საქართვლოს ასევე ეკუთვნის რუსეთ-სომხეთის გაზსადენში გამავალი 2 მილიარდი კუბმეტრიდან 10% უფასოდ, რაც 200 მილიონ კუბმეტრს შეადგენს (ჯამში 530 მლნ მ3).

დამატებით ჩვენ აზერბაიჯანისგან ვყიდულობთ 500 მლნ მ3 და ამ აირის ფასი 1000 მ3-ზე მხოლოდ 55 დოლარია. საქართველოს მოსახლეობის მოხმარებისთვის ბუნებრივი აირის საჭირო რაოდენობის შესავსებად კიდევ 200 მილიონი კუბმეტრი ბუნებრივი აირია საჭირო, რომელზედაც ფასი 1000 კუბმეტრზე უკვე 160 დოლარს შეადგენს. მომყავს სავსებით რეალური ციფრები: 500 მლნ მ3 ღირს 0.055$, დამატებით 200 მლნ მ3 - 0,16$, საქართველოს მოსახლეობისათვის შესაძენი 1.23 მილიარდი მ3 გაზის ფასმა შეადგინა 59.500.000$, შესაბამისად მივიღებთ 1 მ3 გაზის თვითღირებულებას 0,048$, ანუ 0,08 თეთრს. 1 კუბმეტრი გაზის ღირებულება 8 თეთრს არ აღემატება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ააშენებს გაზსაცავს და შეიძენს ზაფხულში ბუნებრივ აირს, რომელიც 40%-ით იაფია, ეს კიდევ უფრო გააიაფებს მის ღირებულებას.

- მაგრამ ამაში არ არის გათვალისწინებული მომსახურების ხარჯები, დანაკარგი...

- ბუნებრივია, 10 თეთრიდან 2 სწორედ დანაკარგის, ტრანსპორტირებისა და მომსახურების ხარჯებია. მას შემდეგ, რაც სუფსის ინდუსტრიული ზონის ენერგეტიკული პროექტი განხორციელდება და ერზრუმის მილსადენში 30 მილიარდი კუბმეტრი გაზი გაივლის, საქართველოს ბუნებრივი აირის ყიდვა აღარ დასჭირდება - მოთხოვნა მთლიანად დაიფარება, ანუ ქვეყანა ამ მილში გატარებული ბუნებრივი აირის 5%-ს მიიღებს უფასოდ. ამას ემატება სხვა ფაქტორებიც, რომლებზეც საქართველოში ლაპარაკიც კი არ არის.

ხალხისათვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, დღეს ბუნებრივი აირის კილოკალორიულობას არავინ სინჯავს. ქართველი მომხმარებელი 6000 კილოკალორიული წვის ხარისხის  ბუნებრივ აირს მოიხმარს, რაც ნიშნავს, რომ ერთი ჩაიდნის ადუღებას 15 წუთი სჭირდება, მაშინ როცა 8500 კილოკალორიულის მოხმარებისას (რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული)  ერთი ჩაიდანი წყალი 10 წუთში ადუღდება. გამოდის, 51 თეთრს კი არა, მეტს გვახდევინებენ. რა არის ამაში  უტოპიური, ვერ გავიგე! ზაფხულში ნაყიდი ბუნებრივი აირი რომ 40%-ით იაფია, ტყუილია?

არ ვაპირებ არავის ლანძღვას, მხოლოდ ის მაინტერესებს, ვინმე არ მეთანხმება, რომ ენერგომატარებლების ტარიფები უნდა შემცირდეს? თუ ბუნებრივი აირის ფასი დაიწევს, დაიწევს ელექტროენერგიისა და პროდუქტისაც, გაჩნდება სამუშაო ადგილები. ხალხს მიწის მოხვნა აღარ უღირს, რადგან იმდენად ძვირი უჯდება, რომ მოწეული ჭირნახული უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციას კონკურენციას ვერ უწევს. შეიძლება საქართველოში 30 ათასი ტონა კარტოფილი შემოჰქონდეთ, როცა წალკა კარტოფილს მიაქვს? შეიძლება 25 ათასი ტონა თურქული მოდიფიცირებული პომიდორი შემოგვქონდეს, ან 25 ათასი ტონა ვაშლი უცხოეთიდან? ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება ენერგეტიკასა და ფასებს.

- ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში ნავთობის საკმარისი მარაგია, მაშ, რატომ ვამბობთ უარს ნავთობის მოპოვებაზე?

- შავ ზღვაში ნავთობის საკმაო მარაგი მართLლაც არის, მაგრამ იმდენად ღრმა შრეებში, რომ ამას დიდი კომპანიების საკმაოდ დიდი ინვესტიციები სჭირდება.

- როგორც ამბობენ, აზერბაიჯანი კომუნისტების დროიდან ფულს უხდის საქართველოს, რომ ნავთობის მოპოვება არ დაიწყოს.

- სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ეს სიცრუეა. იყვნენ საქართველოში კომპანიები, რომლებიც მზად იყვნენ ამ საქმისთვის ხელი მოეკიდათ, მაგრამ  გაყარეს.

მეტსაც გეტყვით, აღმოსავლეთ საქართველოშიც იყო ნავთობის საბადო და  გააფუჭეს, გააწყლიანეს. მართალია, მისი აღდგენა შეიძლება, მაგრამ ამასაც დიდი ინვესტიციები სჭირდება. იმის გამო რომ 40 კილომეტრში გვიდგას რუსული ტანკი, ამაზე ახლა არავინ წავა. დროა, თავი დავანებოთ ილუზიურ ოცნებებს და კეთილი ბიძიას ლოდინს, მით უმეტეს, როცა რეალური შესაძლებლობა გვაქვს, ენერგომატარებლების ტარიფები დავწიოთ.

გაიხსენეთ, როცა ბარელი ნავთობის ფასი 140 დოლარი იყო, მაშინ ბენზინი საქართველოში 1 და 80 თეთრი ღირდა, როცა ნავთობი გაიაფდა და ფასმა 72 დოლარამდე დაიწია,  ბენზინის ფასი 1 და 90 თეთრია. ეს ნორმალურია?

- ჩემი ინფორმაციით, ყოველ გაყიდულ ლიტრზე ხელისუფლება წილად 50 თეთრს ითხოვს.

- რად უნდა იმას მტკიცება, რომ აქ საქმე სუფთად არ არის, ბრმები ვართ თუ ჭკუასუსტები? ელემენტარული არითმეტიკა არ ეშლება საქართველოს მოსახლეობას. აზერბაიჯანი თავად არის ნავთობმომპოვებელი და გადამამუშავებელი ქვეყანა, მაგრამ იქ ნავთობს სახელმწიფო კომპანია ყიდის. რა, აზერბაიჯანი ვერ შემოიყვანდა "ბი-პი-აის", "შევრონს", "სატოილს"? ბენზინი რომ ასე ძვირი არ იყოს და არც იმის თქმის საბაბი ჰქონდეს ხელისუფლებას, კერძო ბიზნესში ვერ ჩავერევიო, აუცილებელია სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების შექმნა. მთელი მსოფლიო ამ აზრამდე მივიდა, ამერიკამაც კი აღიარა, რომ ბაზარში სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ბაზარს, მით უმეტეს ისეთს, როგორიც ჩვენია.

მართალია, ფასს ბაზარი ადგენს, მაგრამ მაშინ, როცა ბაზარი თავისუფალია. სადა გვაქვს თავისუფალი ბაზარი? როცა მონოპოლიზებულია ყველაფერი, ბაზარმა რა ფასი უნდა დაადგინოს? არა მარტო ენერგომატარებლებზე, ყველა სფეროში ქაოსია, იგივე ხდება ფარმაცევტულ ბიზნესშიც.

- თქვენი პროგრამა არ ჰგავს მერის წინასაარჩევნო პროგრამას, პრეზიდენტობას ხომ არ უმიზნებთ?

- არ მინდა პრეზიდენტობა! უკვე დავწერე ხელწერილი, რომ 15 წლის განმავლობაში არ ვაპირებ არც ერთ არჩევნებში მონაწილეობას, საპრეზიდენტოში - მით უმეტეს.

- ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობის ხანაა, თქვენ კი დაქცეულ ეკონომიკაზე ლაპარაკობთ.

- მაღალი ტრიბუნიდან ყიჟინის, არიქა, ავყვავდითო, ნაცვლად, დილის შვიდ საათზე ადგნენ და ნაგვის ბუნკერებთან გაიარონ. მაშინ ნახავენ, რა დღეშიც არის ხალხი! ამას წინათ ჩემი მასწავლებელი შემხვდა დილაადრიან. გამიკვირდა, ასე ადრე იწყება სკოლა-მეთქი? მიპასუხა, სკოლაში არ მივდივარ, თუ შვიდ საათზე ნაგვის ურნები არ ჩამოვიარე, დღეს სამი შვილი მშიერი დამრჩებაო. აი, ასეთი "ეკონომიკური აღმავლობა" გვაქვს.

- თქვენ ინტერპოლით ძებნილი იყავით. როგორ მოხდა, რომ ხელისუფლებამ ძებნა მოგიხსნათ?

- 18 ქვეყანაში ვმუშაობდი, აგერ მეზობელ აზერბაიჯანში ვცხოვრობდი,  საქართველოში წინ და უკან დავდიოდი და როგორ ვიყავი ინტერპოლით ძებნილი? ჩვენი პრემიერით დაწყებული და პრეზიდენტით დამთავრებული, ვინც ბაქოში ჩამოდიოდა, ყველას ვხვდებოდი და  რა ინტერპოლი მეძებდა? საქართველოში მაინც ხომ უნდა გავეჩერებინე ვინმეს? მას, ვისაც ინტერპოლი ეძებს, პოულობს კიდეც!