"ხავერდოვანი", მით უფრო, სიმულაციური რევოლუციების ხანა დასრულდა" - კვირის პალიტრა

"ხავერდოვანი", მით უფრო, სიმულაციური რევოლუციების ხანა დასრულდა"

"არაპროფესიონალიზმთან ერთად, სწორედ ამან დაუკარგა ნდობა სოციოლოგიურ გამოკითხვებს საქართველოში"

"პოლიტიკური ძალები და მათი მომსახურე "ექსპერტები" ყველანაირად ცდილობენ, გამოკითხვებში საკუთარი რეიტინგები ხელოვნურად გაზარდონ, რათა ეს საზოგადოებაზე მანიპულირების იარაღად აქციონ"

წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კვლევების ომი დაიწყო - GFK-ს მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეიტინგების შემდეგ, შიდა კვლევის შედეგებს "ქართული ოცნებაც" ასაჯაროებს, თუმცა ორივე მონაცემი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. რა განწყობაა დღეს საზოგადოებაში და რომელი კვლევა ასახავს პოლიტიკურ რეალობას, "კვირის პალიტრას" სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ესაუბრა:

- GFK-ს კვლევების მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა, რესპონდენტთა შედეგებიც ვრცელდება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 22,4% ხმას "ქართულ ოცნებას" აძლევს, "ნაციონალურ მოძრაობას" კი - 21,7%. "ქართული ოცნების" შიდა კვლევების მიხედვით კი, "ნაციონალურ მოძრაობას" - 13%, "ქართულ ოცნებას" კი 35%-მდე მხარდაჭერა აქვს. რომელი კვლევის შედეგი ასახავს რეალობას?

- პოლიტიკური გამოკითხვის შედეგებს ჩემთვის დამაჯერებელს ხდის რამდენიმე ფაქტორი: 1. სხვადასხვა კვლევის შედეგების შედარება; 2. ორგანიზაციის, რომელიც კვლევებს ატარებს, პრესტიჟი და რეპუტაცია; 3. დამკვეთისა და შემსრულებლის პოლიტიკური მიუკერძოებლობა და ა.შ. ბოლო კვლევები, რაც კი მინახავს, აგრეთვე, ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვები, გამოკვეთს ტენდენციას, რომ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის დისტანცია, ამომრჩევლის მხარდაჭერის თვალსაზრისით, დიდი არ არის და დაახლოებით 4-6%-პროცენტიანი სხვაობის ფარგლებში მერყეობს. სხვა, მეტ-ნაკლებად რეიტინგული პარტიებიც კონკურენტუნარიანები არიან. ეს ყველაფერი მაძლევს საფუძველს, ვივარაუდო, რომ ოქტომბრის არჩევნებში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას და, ამდენად, საქართველო დადგება კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობის წინაშე და მეორე - საქართველოს პარლამენტი კიდევ უფრო მეტად ჭრელი და მრავალპარტიული იქნება, ვიდრე ახლანდელი. ეს კონფიგურაცია, დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, სასარგებლოა და ქვეყანაში ავტორიტარიზმის პრევენციას მოახდენს, თუმცა მოსალოდნელია, რომ პარლამენტისა და მთავრობის მუშაობის ეფექტიანობა შენელდეს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არაადეკვატურად გაჭიანურდეს.

- თქვენთვის სარწმუნოა GFK-ს მონაცემები, რომლის მიხედვითაც კითხვაზე: ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის აირჩევდით? 12,6% მხარს გიორგი მარგველაშვილს უჭერს, 9,9% - დავით ბაქრაძეს, 7,1% - მიხეილ სააკაშვილს?

- ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი არ არის, ამომრჩევლის ცნობიერება ამ თემით დღეს ნაკლებად არის დაკავებული. ამდენად, მიღებული პასუხები ამომრჩეველთა უფრო სპონტანურ რეაქციებს გამოხატავს, ვიდრე-გააზრებულს.

- ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მინიმალურ სხვაობაზე აპელირება პოლიტიკურ ინტერესებსა და საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენას ემსახურება...

- სოციოლოგიური კვლევები თავისი წმინდა მნიშვნელობით საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების გამომზეურებას ემსახურება. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული ინსტიტუტების, პოლიტიკური ძალების, აგრეთვე, მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობაში, ესე იგი, საზოგადოებრივ აღიარებაში დავრწმუნდეთ. თუმცა, სამწუხაროდ, გამოყენებითი სოციოლოგიის ეს წმინდა ფუნქცია ხშირად იბღალება და სხვადასხვა ინტერესის რეალიზაციის ინსტრუმენტი ხდება, რომელთა შორის უმთავრესია პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება თუ მოპოვება. პოლიტიკური ძალები და მათი მომსახურე "ექსპერტები" ყველანაირად ცდილობენ, გამოკითხვებში საკუთარი რეიტინგები ხელოვნურად გაზარდონ, რათა ეს საზოგადოებაზე მანიპულირების იარაღად აქციონ. არაპროფესიონალიზმთან ერთად, სწორედ ამან დაუკარგა ნდობა სოციოლოგიურ გამოკითხვებს საქართველოში.

- რომელ პოლიტიკურ ძალას სჭირდება დღეს კვლევის წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაცია და ამით არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია?

- წინასაარჩევნო პერიოდში სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებსა და, საკუთრივ, არჩევნების შედეგებს შორის ორმხრივი მონიტორინგი არსებობს: გამოკითხვების შედეგები არჩევნების რეალური შედეგების მოლოდინს აჩენს, ხოლო არჩევნების შედეგები გამოკითხვების ობიექტურობას ააშკარავებს. წესით, ნორმალურ ვითარებაში, გამოკითხვები და არჩევნების შედეგები ერთმანეთთან თანხმობაში უნდა მოვიდეს ცდომილების დასაშვები მნიშვნელობის გათვალისწინებით. ეგზიტპოლების ჩატარების იდეაც ეს არის. ამდენად, ეს ორი ფენომენი - გამოკითხვის შედეგები და არჩევნების შედეგები ერთმანეთის ლუსტრაციას ახდენს და თუ მათ შორის დისონანსია, ლეგიტიმურ ეჭვებს აჩენს რომელიმე მათგანის ან ორივეს მიმართ.

- ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კვლევის შედეგებით საარჩევნო ფონის შექმნასა და არჩევნების შემდეგ სწორედ კვლევებზე დაყრდნობით, შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადებას გეგმავს, თქვენც ამ პოლიტიკურ ხაზზე მიანიშნებთ?

- რასაკვირველია, არსებობს რისკი, რომ ასეთი დისონანსი ხელოვნურად იქნება პროვოცირებული, რათა ეს არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში რევოლუციური მუხტის გასაჩენად გამოიყენონ. თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ "ხავერდოვანი", მით უფრო, სიმულაციური რევოლუციების ხანა საქართველოში დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, 2016 წლის ოქტომბერში ეს შეუძლებლად მიმაჩნია. რევოლუციებს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი სჭირდება. დღეს ასეთი ხარისხით არ გამოირჩევიან არათუ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, არამედ სახელისუფლებო პარტიაც კი.

რუსუდან შელია