"ზუსტად ვიცი, როგორ კლავდნენ "სუხოს" - კვირის პალიტრა

"ზუსტად ვიცი, როგორ კლავდნენ "სუხოს"

"სულხანი არ იყო პოლიტპატიმარი და ვანო მერაბიშვილია პოლიტპატიმარი?"

თამაზ მოლაშვილი: "რამდენჯერმე პროკურატურასაც მიმართა, ამდენ ხანს რას იძიებთო. ერთი პერიოდი ხელიც კი ჩაიქნია, მაგრამ ჩემი განადგურება სააკაშვილს როგორ შევარჩინოო - თავის თავზე ბრაზობდა"

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი წამების საქმეზე პროკურატურაში ძიება გრძელდება. 2014 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ოთხი მუხლით გაამართლა. სასამართლოს განჩინებით, საქართველოს მთავრობას სულხან მოლაშვილისთვის 20.000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და ერთი წლის ვადაში საქმის ხელახალი გამოძიება დაეკისრა, თუმცა განახლებული საქმის დასრულება თითქმის ორი წლის განმავლობაში პროკურატურამ ვერ მოახერხა. როგორც ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნავს, სულხან მოლაშვილი გარდაცვალებამდე გამოძიების დაჩქარებას მუდმივად ითხოვდა:

- ზუსტად ვიცი, როგორ კლავდნენ "სუხოს"- ეს იყო გაუთავებელი პროცესი, რომელიც 2004 წელს მისი დაკავებით დაიწყო და საპატიმროდან მის გათავისუფლებამდე გაგრძელდა. ჩვენ ერთ პერიოდში აღმოვჩნდით ციხეში - მე მალევე ე.წ. ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს, სულხანიც იქ იმყოფებოდა. ვერ ვიცანი, არაადამიანურად იყო ნაწამები. ყოფილი პროკურორი გამოვიდა - სულხანი არავის უწამებია, ვარიკოზული დაავადება ჰქონდაო, სიგარეტის ნამწვებიც ვარიკოზული დაავადებით ხომ არ იყო გამოწვეული? სულხანზე "ნაციონალური მოძრაობის" სისასტიკემ სრულად გადაიარა - მას ღამეები არ ეძინა, პატიმრები ჰყავდა მიჩენილი, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ. ციხეში საღ-სალამათი შევიდა და იქიდან C ჰეპატიტითა და დანგრეული ჯანმრთელობით გამოვიდა. ისიც კი მოვისმინე, სულხანი პოლიტპატიმარი არ იყოო. სულხანი არ იყო პოლიტპატიმარი და ვანო მერაბიშვილია პოლიტპატიმარი?

სულხანი მეუღლის ბინიდან უნდა გაასვენონ, რადგან საკუთარი არაფერი დაუტოვეს. მერაბიშვილს კი ყველა უბანში სახლი აქვს.

- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რამდენად კმაყოფილი იყო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებით?

- სულხანი გაწბილებული იყო, 2012 წელს არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დამირეკა, ყველა საქმეს ექვს თვეში გამოიძიებენ და წლობით ნატანჯი ადამიანები სიმართლეს ვიპოვითო. პროკურატურამ კი რა გააკეთა? სულხანი გაწბილებული წავიდა, ახლა ისიც აღარ ვიცი, აზრი აქვს თუ არა ამ გამოძიებას - სულხანი აღარ არის.

"ჩემს წამებაში ბოკერია და ადეიშვილი მონაწილეობდნენ"

2004 წელს საზოგადოებამ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის შემზარავი ფოტოები იხილა: პატიმრობაში მყოფ სულხან მოლაშვილს მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, სხეულზე უამრავი ჩაქცევა და სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა. როგორც ამბობდნენ, ელექტროშოკით წამების გამო ფეხის ვენები დასკდომაზე ჰქონდა... პრესა წამების ამსახველი კადრებით აჭრელდა. წლების წინ, სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ პატიმრობის დროს მის წამებაში გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და გოგა გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ.

"ოთახში ბნელოდა, თვალები მქონდა ახვეული, მაგრამ კარგად გავარჩიე, თუ ვინ მონაწილეობდა ჩემს წამებაში. ესენი იყვნენ: გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გოგა გრიგალაშვილი და სხვები... მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი ამ საშინელებების ავტორებს, რომ აღარასოდეს გამეორდეს ასეთი ფაშიზმი, პირველი პირისგან წამოსული სისხლისმსმელი კანონები. წამება და გაუპატიურება ყოველთვის ხდებოდა სააკაშვილის ციხეში. მე გავახმაურე ჩემი წამების ფაქტი, სამართალდამცავ ორგანოებსაც მივმართე, მაგრამ რა რეაგირება მოჰყვა?! იქ უარესი ფაქტებიც ხდებოდა - გვამებს აფუჭებდნენ, რომ საექსპერტოდ არ გამოსდგომოდა ჭირისუფალს. იყო გვამების გამჭრელი პატიმარი, რომელსაც ეს ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული. ე.წ. გვამების გამფუჭებელი ამას აკეთებდა რამდენიმე კოლოფი სიგარეტის საფასურად, ადმინისტრაციის მიერ წახალისებული იყო და იქ კარგად ცხოვრობდა. ეს ყველაფერი სააკაშვილის ორგანიზებული იყო...

2009 წელს, ჩემს შვილს ქუჩაში სასტიკად სცემეს, ლავიწის ძვლები დაუმტვრიეს და 2 ოპერაცია დასჭირდა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი შვილი იყო. მერე მემუქრებოდნენ და მოითხოვდნენ, საჩივარი გამომეტანა სტრასბურგიდან. ბოლოს სასამართლო უწყება მოვიდა, როცა ჩემი საქმის განხილვას იწყებდნენ. მოგეხსენებათ, მათ ხელში ისევ რომ მოვხვედრილიყავი, რა დღეში ჩავვარდებოდი, ამიტომ იძულებული გავხდი, საქართველო დამეტოვებინა და პოლიტიკური თავშესაფარი მეთხოვა საფრანგეთისთვის"...

"შვილი აღარ მყავს, ყველაფერმა აზრი დაკარგა"

თამაზ მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის მამა: - სულხანს საფრანგეთში გამოკვლევებს უტარებდნენ, მაგრამ ბოლო დღეებში ექიმებმა სისხლდენის შეჩერება ვეღარ შეძლეს. არადა, ღვიძლის გადანერგვას ვაპირებდით, დონორიც უკვე ნაპოვნი გვყავდა. მისი ჯანმრთელობა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვეღარ აღვადგინეთ, იმდენად ნაწამები და ნატანჯი იყო ჩემი შვილი, ვეღარ ვუშველეთ. მიუხედავად აუტანელი ტკივილებისა, უამრავი გეგმა ჰქონდა, არჩევნებში მონაწილეობაზეც კი საუბრობდა. გამოძიების იმედი აღარ ჰქონდა, რამდენჯერმე პროკურატურასაც მიმართა, ამდენ ხანს რას იძიებთო. ერთი პერიოდი ხელიც კი ჩაიქნია, მაგრამ ჩემი განადგურება სააკაშვილს როგორ შევარჩინოო - თავის თავზე ბრაზობდა. ახლა სულ არ მაინტერესებს, გამოძიება დასრულდება, ვინმე დაისჯება თუ რას იზამენ - შვილი აღარ მყავს და ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა და პირველ რიგში, იმ საქმემ, რომლის დასრულებასაც ჩემი სულხანი ვეღარ მოესწრო.

რუსუდან შელია