”პრემიერმა ხიდაშელი თანამდებობიდან უნდა გადააყენოს!”
04-07-2016
”პრემიერმა ხიდაშელი თანამდებობიდან უნდა გადააყენოს!”
”თინა ხიდაშელის ბრძანება მავნებლური გადაწყვეტილებაა და ამ ქაღალდს, ანუ ე.წ. ბრძანებას, ლეგიტიმაცია არ გააჩნია”.

პოპულისტური გადაწყვეტილება თუ წვევამდელების უფლებებზე ზრუნვა - თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას არმიაში სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საზოგადოებრივი მოძრაობა ”საქართველოს მშვიდობისთვის” ხელმძღვანელი დავით თევზაძე აფასებს:

- თინა ხიდაშელის ბრძანება მავნებლური გადაწყვეტილებაა და ამ ქაღალდს, ანუ ე.წ. ბრძანებას, ლეგიტიმაცია არ გააჩნია. მეტიც, ის მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და მისი შესრულების პერსპექტივაც კი არ არსებობს. თინა ხიდაშელმა,
ვფიქრობ, ვერც კი გაიაზრა, რას მოაწერა ხელი. მინისტრი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და რაც მთავარია, გენშტაბის კომპეტენციაში შეიჭრა. მართალია, განაცხადა, გენშტაბმა თავად მოგვაწოდა პროექტიო, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ მსგავსი სისულელე გენშტაბის თავში შეიძლებოდა მოხარშულიყო. ეს არის დემარში, რომლის შემდეგაც თინა ხიდაშელი
ან თავისი ნებით უნდა გადადგეს, ან პრემიერმა გაათავისუფლოს თანამდებობიდან.

- თავად თინა ხიდაშელის არგუმენტია, რომ დემოტივირებულ სამხედროებს სამხედრო სამსახური სახელმწიფომ არ უნდა დააძალოს.

- ეს განცხადება შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების 20-25 წელი ქართულ არმიას მიუძღვნეს. ჰკითხეთ რომელიმე ჯარისკაცს, ვინ დააძალა ტყვიას გადაჰფარებოდნენ და მტერს უშიშრად დახვედროდნენ - ამას ისინი საკუთარი სურვილითა და ქვეყნის სიყვარულით აკეთებდნენ. კონსტიტუციის მიხედვით, ჯარში სამსახური მოქალაქეების ვალდებულებაა. ვინც უარს ამბობს, კეთილინებოს, ნურც თვითონ მოითხოვს ამ ქვეყნისგან სხვა სიკეთეებს, მათ შორის, თანამდებობრივს. პრემიერ-მინისტრმა უახლოეს ხანებში თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადააყენოს. საჯაროდ ხელის მოწერა გაუგებარ ბრძანებაზე საარჩევნო პიარის ნაწილია და კონკრეტულ პარტიას ემსახურება. ამიტომ, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ, მსგავსი დანაშაულებრივი ბრძანებები მომავალშიც არაერთხელ ვიხილოთ.

”ბრძანება პოლიტიკურად მოტივირებულია”

ირაკლი სესიაშვილი,­ ­თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმ­ჯდომარე:
- ამ საკითხზე­ აზრთა სხვადასხვაობა არა მხოლოდ ჩემსა და თინა ხი­დაშელს შორისაა, საზოგადოებაც ვერ ჩამოყალიბდა, სჭირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება ქვეყანას და რა შედეგამდე მივალთ მისი აღსრულების შემთხვევაში. ლიტვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამიკავშირდა და მითხრა, ჩვენც გავაუქმეთ სავალდებულო გაწვევა, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ შეცდომა დავუშვით, თქვენც იმავეს ნუ გაიმეორებთო. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება არასწორია, მით უმეტეს, რომ სხვა უწყებებთანაა კავშირში.

- რატომ არ შეათანხმა მინისტრმა თქვენს კომიტეტთან ან უშიშროების საბჭოსთან ბრძანება და არის თუ არა ეს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება?
- გაუგებარია, რატომ დაგვაყენა თინა ხიდაშელმა ფაქტის წინაშე. სწორედ ამიტომ დავარქვი ამ ბრძანებას პოლიტიკურად მოტივირებული. ეს უფრო პოპულიზმთან არის კავშირში და არა იმასთან, რომ მინისტრი პრობლემამ რეალურად შეაწუხა.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით