"ნაცმოძრაობის" მილიარდერი სააკაშვილია" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობის" მილიარდერი სააკაშვილია"

"ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობისგან" საფრთხობელას ქმნის, "ნაცმოძრაობის" რეაბილიტაციისთვის კი ერთადერთი საშუალება ამჟამინდელი ხელისუფლებაა"

მედიის თანდასწრებით ხელმოწერილი ბრძანება, რომლის მიხედვითაც თავდაცვის მინისტრმა ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმებულად გამოაცხადა, არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ოპოზიციისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბრისას პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია აღნიშნავს, გადაწყვეტილება მისი მინისტრობისას დაანონსდა, თუმცა საბოლოო ბრძანების მისაღებად ფინანსური და სამხედრო ბაზა უნდა მომზადებულიყო:

- ადამიანს სამხედრო სამსახური ძალდატანებით არ უნდა მიაღებინო. პროფესიული არმიის გარდა, არსებობს სხვა მექანიზმებიც, რომ მოქალაქე ქვეყანას პირნათლად ემსახუროს. სწორედ ამიტომ ქართული ჯარის საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლა ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობისას დავაანონსე, თარიღიც დასახელდა - 2017 წლისთვის ფინანსებიც უნდა მოძიებულიყო და სავალდებულო რეზერვის სტრუქტურაც ჩამოყალიბებულიყო. 75% ამ მიმართულებით ჩემი მინისტრობისას შესრულდა, თუმცა საკითხი საბოლოო ბრძანების გამოქვეყნებამდე უშიშროების საბჭოსთან, პრემიერსა და პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ უნდა განხილულიყო.

- როგორც გაირკვა, თავდაცვის მინისტრის ბრძანება პრემიერმა საზღვარგარეთ ვიზიტისას შეიტყო და ის არც პრეზიდენტსა და უშიშროების საბჭოსთან იყო შეთანხმებული.

- ამ ბრძანების შეუთანხმებლად მიღებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება დაქსაქსულია, მინისტრთა კაბინეტი ერთიანი ჩანაფიქრით არ იმართება და მნიშვნელოვან საკითხზეც კი ერთმანეთთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ.

- კოალიციის დაშლის შემდეგ რესპუბლიკელების მინისტრთა კაბინეტში დარჩენა, ფაქტობრივად, უთავმოყვარეობად შეაფასეთ.

- მათ ოქტომბერში მინისტრთა კაბინეტის დატოვება მაინც მოუწევთ, ამიტომ რა მოხდება ამ ოთხი თვის განმავლობაში, ნაკლებად საინტერესოა. როდესაც უთავმოყვარეობაზე გავაკეთე განცხადება, ისიც აღვნიშნე, რომ ქართული ჯარისთვის გადამწყვეტ ეტაპზე ვართ, ერთ კვირაში ვარშავის სამიტი ჩატარდება, ამიტომ თავდაცვის მინისტრის კრიტიკისგან თავს შევიკავებ-მეთქი. სამიტის დასრულების შემდეგ კი ვიტყვი, გაამართლა თუ არა თავდაცვის მინისტრმა ის მოლოდინი, რაც მქონდა.

- თავდაცვის მინისტრის მოულოდნელი გადაწყვეტილება სამიტის შედეგებზე რა გავლენას მოახდენს?

- ბუნებრივია, გავლენას მოახდენს. რაც შეეხება, რას უნდა ველოდოთ სამიტისგან, მონტენეგროს ალიანსის წევრად გამოცხადება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ნატოში ღია კარის პოლიტიკაა და, ადრე თუ გვიან, საქართველო მისი წევრი გახდება. ვფიქრობ, არსებითი პაკეტი დამატებითი პარამეტრებით შეივსება, თანაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ფრონტს აძლიერებს და იმ მასშტაბის წვრთნებს ატარებს, რომლის მსგავსიც "ცივი ომის" შემდეგ არ ჩატარებულა.

- ამ ფონზე, რუსეთის რეაქციის გამწვავებას თუ ელოდებით, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ?

- საქართველოს პოლიტიკა, რუსეთს მუდმივად დავანახოთ, რომ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი მათ საწინააღმდეგოდ კი არ არის მიმართული, არამედ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ემსახურება, აბსოლუტურად სწორია. რუსეთს არ უნდა მივცეთ ესკალაციის შესაძლებლობა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. მეორე მხრივ, მან არ უნდა შეგვაცვლევინოს აზრი თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, ეს ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფას ნიშნავს. 2014 წელს სწორედ ამ მიმართულებით გვიშლიდა ხელს ივანიშვილი, რასაც პრინციპულად დავუპირისპირდით, თუმცა მას ოქტომბრის არჩევნებზე დავასრულებთ. შემდეგი კვირიდან მოქალაქეებს საარჩევნო სიას გავაცნობთ და იმ პროფესიონალებს წარვუდგენთ, რომლებიც ხელისუფლებაში სუფთა პოლიტიკით მოვლენ. შევიმუშავეთ ეკონომიკური პროგრამა, რომლის მიხედვითაც ფინანსურ პოლიციას გავაუქმებთ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას შევქმნით. ამასთან, საარსებო მინიმუმს 250 ლარამდე გავზრდით, სოციალური პენსია კი 360 ლარი იქნება.

- გულწრფელად მეგონა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ეკონომიკურ პროგრამას მიჰყვებოდით, ფინანსური პოლიციის გაუქმებასთან ერთად, ციფრებშიც კი ემთხვევით.

- ფინანსური პოლიცია ყველაზე სასტიკი სწორედ "ნაციონალების" დროს იყო, ამიტომ მათი სიტყვა ამ კუთხით ნდობას ნამდვილად არ იმსახურებს.

- მსგავს დაპირებებს 2012 წლამდე "ქართულ ოცნებასთან" ერთადაც იძლეოდით. ახლა რატომ უნდა გენდოთ ამომრჩეველი?

- თავდაცვის მინისტრად დანიშვნისთანავე ჯარისკაცის ჯანდაცვის უზრუნველყოფა საგრძნობლად გავაუმჯობესე, დაღუპული მეომრების ოჯახებს კომპენსაციები გავუზარდეთ და ა.შ. რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, ამ ინიციატივით მთავრობას მაშინ არაერთხელ მივმართე, თუმცა არავინ შეისმინა.

- ყველა კვლევის მიხედვით, საარჩევნოდ ორი ძირითადი ძალა: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" იკვეთება. თქვენ თუ გაქვთ შიდა კვლევები, როგორია თქვენი პარტიის რეიტინგი?

- "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობისგან" საფრთხობელას ქმნის, "ნაცმოძრაობის" რეაბილიტაციისთვის კი ერთადერთი საშუალება ამჟამინდელი ხელისუფლებაა. ძალადობრივი რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლებელია, "ქართული ოცნების" ხელისუფლება კი ქვეყანას უკან ხევს. ამიტომ, ამ დრომდე ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის 40-45% მხარს "თავისუფალ დემოკრატებს" დაუჭერს. რაც შეეხება შიდა კვლევებს, ჩვენ მილიარდერების პარტია არა ვართ, ამიტომ ამ მასშტაბის კვლევების ჩასატარებელი ფინანსური რესურსი არა გვაქვს.

- "ნაცმოძრაობაში" მილიარდერი ვინ არის?

- რა თქმა უნდა, სააკაშვილი.

რუსუდან შელია