"ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე ჭორაობენ" - ვინ შეცვლის ხიდაშელს?! - კვირის პალიტრა

"ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე ჭორაობენ" - ვინ შეცვლის ხიდაშელს?!

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, თინა ხიდაშელთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, რომლიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს.

- თქვენ განაცხადეთ, რომ რახან ვერ მოხერხდა, აგვეკრძალა გაწვევა შეიარაღებულ ძალებში, იპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შეგეძლოთ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მიგეღოთ. ვისთან ერთად იპოვეთ ცალმხრივად და ერთპიროვნულად სამოქმედო ფორმა ან ახლა რატომ გახდა აუცილებელი ამ ფორმით მოქმედება?

- ძალიან მარტივად, ჩემს იურიდიულ სამსახურთან ერთად ვიპოვე ეს ფორმა. მათ ვთხოვე, მოემზადებინათ დოკუმენტი, რადგან 2013 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, გაეუქმებინა გაწვევა. 2016 წელი უნდა მოხმარებოდა 2017 წლიდან გაწვევის დასრულების მზადებას. ეს არ მოხდა. პარლამენტში საყოველთაო გაწვევის აკრძალვაზე კანონპროექტიც ჩავარდა. მე, როგორც მინისტრი, ვალდებული ვიყავი, ბოლომდე დავლოდებოდი საკანონმდებლო პროცესს. შემდეგ საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო და რადგან აკრძალვა ვერ მოვასწარით, თავდაცვის სამინისტრომაც გაიწვია წვევამდელები. ეს გაწვევა რამდენიმე დღის წინ დამთავრდა. ძალიან მალე, აგვისტოში, ახალი გაწვევა იწყება, შესაბამისად, უნდა მესარგებლა დროის ლუფტით და ჩემი გადაწყვეტილება გამეცხადებინა. ვარშავის სამიტიდან ხომ არ ვიტყოდი, გაწვევას ვაუქმებ-მეთქი? სხვა არჩევანი არ მქონდა. პრეზიდენტის აქტი ძალაშია, ის არავის არ გაუუქმებია, ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებაც ძალაშია და თუ საშემოდგომო გაწვევაშიც მივიღებდით მონაწილეობას, ვარღვევდი მოქმედ აქტებს, ამიტომაც მოცემული ვადის მიხედვით, აგვისტომდე შევასრულე აღებული ვალდებულება.

...

- არაოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესიაშვილი ან კობა კობალაძე შეგცვლით. ისე, თქვენ პირადად, რომელ კანდიდატურას მიანიჭებდით უპირატესობას?

- ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე, ასე ვთქვათ, ჭორაობენ. ჯერ არც მოვმკვდარვარ და არც გადავმდგარვარ. ამ კითხვაზე პასუხი როგორ უნდა გაგცეთ? მე რომ არ ვიქნები ამ პოსტზე, პრემიერის გადასაწყვეტი იქნება ახალი მინისტრის ვინაობა. მე რომ მქონდეს არჩევანი, თუ თინა ხიდაშელი არა, მაშინ სხვა კანდიდატურა მეყოლებოდა, სუფთა, კვალიფიციური, პროფესიონალი... თუმცა ის კაცი კანდიდატურად ვერ გამოდგება, რადგან არასდროს დათანხმდება ამ წინადადებას.

- ასეთი არაოფიციალური ინფორმაციაც ვრცელდება, რომ შესაძლოა, არჩევნებში პარტიული ნიშნით მონაწილეობაზე უარი თქვათ და მინისტრად დარჩეთ.

- როგორც ბატონმა პრემიერმა თქვა და ვიზიარებ სრულად, ჩემი ყველა გადაწყვეტილება, რომლებიც დღემდე მივიღე, პოლიტიკურად და პრაქტიკული ამოცანებიდან გამომდინარე შეთანხმებული და სინქრონიზებული იყო. ზუსტად ისეთივე იქნება 8 ოქტომბრამდე მიღებული ჩემი ყველა გადაწყვეტილება.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "ჩემს თანამდებობაზე ორ კანდიდატურაზე ჭორაობენ"