"ჯიპიდან გადმოვიდა ნიკა რურუა, "კნოპკიანი დუბინკა" გახსნა და..."
04-07-2016
"ჯიპიდან გადმოვიდა ნიკა რურუა, "კნოპკიანი დუბინკა" გახსნა და..."
რა მოხდა 2 ივლისს ტაშკენტის ქუჩაზე?!

2 ივლისს სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა თამრიკო ცინცაძემ ყოფილ კულტურის მინისტრ ნიკა რურუას სკანდალური ბრალდება წაუყენა და "ფეისბუკის" გვერდზე ასეთი შინაარსის სტატუსი განათავსა:

"რომ არ დავწერო, არ შემიძლია! ერთი საათის წინ ტაშკენტის და ვაჟას კუთხეში საოცარ ინციდენტს შევესწარი: მოხუცი კაცი, სამად მოკეცილი, გადმოდიოდა ტაშკენტზე, დიდი ჩანთებით, უცებ შავმა ჯიპმა შემოუხვია, როგორც ჩანს, ამ კაცმა რაღაც მიაძახა მძღოლს. ჯიპი გაჩერდა, იქიდან გადმოვიდა ნიკა რურუა, "კნოპკიანი
დუბინკა" გახსნა და ჩვენ თვალწინ მოხუცი კაცი საშინლად სცემა, დაკეტა "დუბინკა" და მშვიდად განაგრძო გზა! იმდენად ცუდ დღეში ჩავარდა ის მოხუცი, რომ პატრულის გამოძახებაც ვერ მოვისაზრეთ იქ მდგო­მებმა..." - წერს იგი.

ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგიერთმა ფეისბუკმომხმარებელმა მიიჩნია, რომ ეს სიმართლე­ არ იქნებოდა, ზოგიერთმა
კი აღშფოთება გამოთქვა. ჩვენ ამ ფაქტის­ გადამოწმება შემთხვევის ადგილზე ვცადეთ. იქ მისულებს ინციდენტი დაგვიდასტურეს,­ თუმცა ცოტა განსხვავებულად გვიამბეს მომხდარი.
საბავშვო მაღაზიის გამყიდველი:

- ეს დაახლოებით დღის 12 საათზე მოხდა. შავმა ჯიპმა ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან ამოუხვია ტაშკენტზე, შუქნიშანზე წითელი ენთო და ამ დროს 50 წლამდე მამაკაცი გზაზე გადადიოდა. მან ჯიპის მძღოლს შეაგინა. მანქანა გაჩერდა და იქიდან ჯერ მძღოლი გადმოვიდა, შემდეგ ნიკა რურუა. მძღოლსა და ქვეითად მოსიარულეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ამ დროს მძღოლმა ხელკეტისმაგვარი ჯოხი გადმოიღო მანქანიდან და მამაკაცს რამდენჯერმე­ ჩაარტყა. ნიკა რურუას იმ კაცისთვის ჯოხი არ დაურტყამს. პირადად მე ასეთი რამ არ დამინახავს, თუმცა უყურებდა,­ როგორ ურტყამდა მძღოლი. მეტიც, იმ კაცს ისიც აგინებდა. მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია. მერე ჩასხდნენ მანქანაში და მშვიდად განაგრძეს გზა. ქვეითად მოსიარულეს პატ­რული არ გამოუძახებია, მაგრამ პოლიცია მოვიდა და არკვევდა, რა მოხდა. ინციდენტის ადგილიდან 10-15 მეტრის მანძილზეა ჩემი მაღაზია, მართალია, ახლოს არ მივსულვარ, მაგრამ აქედან ვუყურებდი.

მომხდარი იქვე მდებარე სალონის თანამშრომლებმაც დაადასტურეს, თუმცა დეტალებზე საუბარი არ ისურვეს. ამ საკითხზე თავად ნიკა რურუასთან გასაუბრება ვცადეთ, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა...

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით