"პოლიტიკურ ველზე ცივილიზებულად გავეყარეთ" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკურ ველზე ცივილიზებულად გავეყარეთ"

"როდესაც საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, ახლა უკვე ყოფილ თანაგუნდელებსგულახდილად ავუხსენი "თავისუფალი დემოკრატებიდან" წასვლის მიზეზი"

ირაკლი ალასანიას გუნდი ირაკლი ქადაგიშვილმა დატოვა. როგორც ამბობენ, მან პრემიერისგან "ქართული ოცნების" რიგებში გაწევრების შემოთავაზება მიიღო. რატომ გადაწყვიტა პარტიიდან წამოსვლა და რა მიზნით შეხვდა გიორგი კვირიკაშვილს, "კვირის პალიტრასთან" "თავისუფალი დემოკრატების" უკვე ყოფილი წევრი ირაკლი ქადაგიშვილი საუბრობს:

- პარტიიდან წამოსვლაზე ადრეც ვფიქრობდი, ეს მხოლოდ ჩემი სურვილი იყო და არც შემოთავაზებას, ან ჩემს უკვე ყოფილ გუნდთან დაპირისპირებას გავლენა არ მოუხდენია. პირიქით, 20 დღის წინ, როდესაც საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, ყველას გულახდილად ავუხსენი პარტიიდან წასვლის მიზეზი. ამაზე ახლა საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, რადგან მათ დღემდე პატივს ვცემ და ჩემს მეგობრებად დარჩებიან.

- პარტიიდან წინასაარჩევნოდ ისე წამოხვედით, რომ თანაგუნდელებმა არც კი გისაყვედურეს?

- ბუნებრივია, აღფრთოვანება არ გამოუხატავთ. პარტიიდან წამოსვლა ჩემთვისაც არ ყოფილა სასიხარულო გადაწყვეტილება, მაგრამ ობიექტური მიზეზები არსებობდა. მთავარია, რომ მათ მომისმინეს და ჩემს გადაწყვეტილებასაც პატივისცემით მოეკიდნენ. ერთმანეთს პოლიტიკურ ველზე ცივილიზებულად გავეყარეთ. ჩვენ დღემდე ნორმალური ურთიერთობა გვაქვს და ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილების გამო ვინმესგან აგრესიას ან ნეგატიურ შეფასებებს ვიმსახურებ.

- პარტიიდან წამოსვლამდე პრემიერს შეხვდით?

- პრემიერს დაახლოებით ათი დღის წინ, ანუ პარტიიდან წამოსვლის შემდეგ ვესაუბრე. შეხვედრა ჩემი ინიციატივით შედგა - მე მას რამდენიმე წინადადება შევთავაზე, რითაც დაინტერესდა. გიორგის დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ პოლიტიკის მიღმაც ვმეგობრობდით, ერთმანეთი გუშინ ნამდვილად არ გაგვიცნია. ბევრ საკითხს შევეხეთ, თუმცა, კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ახლა ვერ დაგელაპარაკებით. რამდენიმე დღეში საზოგადოებისთვის ბევრი რამ ცნობილი გახდება.

- "თავისუფალი დემოკრატებიდან" თქვენი წამოსვლის შემდეგ ორი ვერსია გავრცელდა. ერთი, რომ კახეთის გუბერნატორობას გთავაზობენ, მეორე - "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრობა შემოგთავაზეს. რომელს ადასტურებთ?

- კახეთის გუბერნატორობაზე საუბარი არ ყოფილა. ეს ვერსია, ალბათ, ჩემი წარმომავლობიდან გამომდინარე გაჩნდა. რაც შეეხება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიას, კონკრეტულად ვერც ამ საკითხზე გიპასუხებთ. თუ რაიმე გადაწყვეტილებამდე მივალთ, საზოგადოებას პირველი მე შევატყობინებ. ზოგადად, პოლიტიკაში აღმატებული მოლოდინები ნამდვილად არ მაქვს.

- გაქვთ ინფორმაცია, რომ "თავისუფალი დემოკრატების" რიგებს სხვა წევრებიც დატოვებენ?

- არ მაქვს, მაგრამ რომც მქონდეს, ბუნებრივია, არ ვიტყოდი. მე ამ პარტიის წევრი აღარ ვარ და შიდა დეტალებზეც საუბარი ჩემს კომპეტენციას სცილდება.

რუსუდან შელია