"აშშ-ში საქართველოს ელჩი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს"
11-07-2016
"აშშ-ში საქართველოს ელჩი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს"
"თუ ელჩი ასეთ შეცდომებს უნებლიეთ უშვებს, ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ერთ დღესაც, როდესაც, შესაძლოა, მსხვილი ამერიკული გამოცემა მასთან ინტერვიუს ჩაწერით დაინტერესდეს, იმავე შინაარსის გაუგებარ განცხადებებს არ გააკეთებს?!"

ერთ-ერთი ვერსიით, ამერიკაში საქართველოს ელჩს ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი მიხეილ ჯანელ­იძე­ ჩაანაცვლებს, ჯანელიძის შემცვლელად კი გამოცდილი დიპლომატი თედო ჯაფარიძე მოიაზრება - როგორც ამბობენ,­ სწორედ ამ კონფიგურაციით შეეცდება მთავრობა იმ სკანდალის განეიტრალებას, რაც არჩილ გეგეშიძის განცხადებას მოჰყვა. არიან თუ არა ხელისუფლებაში პრორუსული ძალები და
რატომ დაემთხვა ქართველი დიპლომატის ორაზროვანი განცხადებები საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის­ ვიზიტს, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა ყოფილი რწმუნებული გია ჯაფარიძე საუბრობს:

- თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა და მიხეილ ჯანელიძე ამერ­იკაში საქართველოს ელჩად დაინიშნა, ეს ორმხრივი ურთიერთობისთვის დადებითი­ გზავნილია. მინისტრის ელჩად გაგზა­ვნა ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებუ­ლებაზე მიანიშნებს.
თედო ჯაფარიძის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნასაც მივესალმები - მას, როგორც პროფესიონალს, პატივს ვცემ, თუმცა, ამ ცვლილებებით, ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე, არს­ებითად არაფერი შეიცვლება - საქართველოს საგარეო კურსი დასავლეთის მიმა­რთულებით გაგრძელდება. მოგეხსენებათ, არჩილ გეგეშიძე სამინისტრ­ოშიც დაიბარეს. ალბათ, განცხადების სიმძიმე აწონ-დაწონეს და შესაბამისი ზომე­ბიც მიიღეს. ყოველ შემთხვევაში, ეს პოსტი დიდხანს თავისუფალი არ შეიძლება იყოს.

- რაც შეეხება არჩილ გეგეშიძის განცხადებას, რატომ გადაწყვიტა ელჩმა, საქართვე­ლოს ხელისუფლებაში შესაძლო რუსულ გავლენებზე მოღვაწეობის მეოთხე წლისთავზე ელაპარაკა. ეს უნებლიე შეცდომა იყო, თუ მიზანმიმართული გზავნილი მმართველი გუნდისთვის?
- გეგეშიძემ ცალსახად წარუმატებელი­ განცხადება გააკეთა. აშშ-ში საქართველოს­ ელჩი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს.

შესაძლო რუსულ გავლენებზე საუბართან ერთად, მისი ინტერვიუ­ რასისტულ კონტექსტსაც შეიცავდა და ისიც ნათლად გამოიკვეთა, რომ საქართველოს ისტორიას არასწორად აანალიზებს. თუ ელჩი ასეთ შეცდომებს უნებლიეთ უშვებს,­ ვინ გვაძლევს გარანტიას, რომ ერთ დღესაც, როდესაც, შესაძლოა, მსხვილი ამერიკული გამოცემა მასთან ინტერვიუს ჩაწერით დაინტერესდეს, იმავე შინაარსის გაუგებარ განცხადებებს არ გააკეთებს?! თუმცა, არც ის მიმაჩნია სამართლიანად,­ დღეს ჯოხი მხოლოდ გეგეშიძეზე გადავტ­ეხოთ. გავიხსენოთ, ვინ დანიშნა ის აშშ-ში ელჩად ოთხი წლის წინ - არჩილ გეგეშიძე მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და იმ ჯგუფმა­ დანიშნა, ვინც მაშინ უწყებას კურირებდა.­ სწორედ ამ პერიოდში ელჩებს პირადი მეგობრობისა და ძმაკაცობის საფუძველზე ნიშნავდნენ და არა პროფესიული გამოცდი­ლებით, გეგეშიძე გამონაკლისი არ ყოფილა. 30 ელჩი თავიანთი მეგობრებით ჩაანაცვლეს. ისიც კი მახსოვს, არჩილ გეგეშიძის აშშ-ში ელჩად გაგზავნას საქართველოში საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ამ პარტიის ძმაკაცობამ მაინც გაჭრა.

- იყო თუ არა ეს რევანში თუნდაც "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ?

- არა მგონია... გეგეშიძე საგარეო მიმა­რთულებაზე ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს მუშაობდა, მას ამ სფეროში ყველა იცნობს, თუმცა ელჩის გამოცდილება არ ჰქონდა.

- მაშინ რა მიზნით გაკეთდა განცხადება­ ხელისუფლებაში შესაძლო პრორუსული ძალების­ არსებობაზე?
- ამერიკაში, ჩვენგან განსხვავებით, საკუთარ საგარეო ურთიერთობებს სერიოზულად ეკიდებიან. ვფიქრობ, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ყველა ხვდება, ელჩმა რა შეცდომა დაუშვა. ბუნებრივია, არ ვფიქრობ, რომ ინტერვიუ კერის ვიზიტის პარალელურად შემთხვევით გამოქვეყნდა. სხვათა შორის, დაახლოებით ათი დღის წინ ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი და ნამდვილად არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ საქართველოში პრორუსული ხელისუფლების ყოფნა ეეჭვებათ. პირიქით, ამ მხრივ კითხვები არ არსებობს.

- ფაქტია, განცხადება ძალიან ცუდად დაემთხვა კერის ვიზიტს.
- თუ გეგეშიძეს მსგავსი ინფორმაციის გაჟღერების სურვილი ჰქონდა, შეეძლო ოდნავ მოეცადა და პოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ დაეფიქსირებინა.

- ბრძანეთ, რომ 30 ელჩი თავის დროზე მეგობრობის ნიშნით დაინიშნა. გეგეშიძის განცხადების შემდეგ აუცილებელია თუ არა მათი კომპეტენციაც გადაიხედოს?
- სახელმწიფოები ელჩებს ასე მარტივად არ უნდა ცვლიდნენ. უმჯობესი იქნება, დაველოდოთ მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვას და როტაციის წესით ვიხელმძღვანელოთ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით