"პრეზიდენტის განცხადება უტოპიაა" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტის განცხადება უტოპიაა"

"რამდენიმე კანდიდატურის პროფესიული ბიოგრაფია ეჭვსაც იწვევს"

იუსტიციის საბჭოში 65 მოსამართლის დასანიშნად ემზადებიან, თუმცა პროცესს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდობლობას უცხადებს და საპარლამენტო ფრაქციებს სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს სთავაზობს. არადა, საპარლამენტო სესიები უკვე დასრულებულია და როგორც უმრავლესობა აცხადებს, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, რიგგარეშე ფორმატში პარლამენტში შეკრება არარეალისტურია. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კი სასამართლოში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს:

- მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტს დიდი ხანია კონკრეტული ცვლილებები განსახილველად ჰქონდა გადაგზავნილი მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის შესახებ, პროცესი არ დაიძრა და კანონპროექტი თაროზე შემოდეს. ამასობაში იუსტიციის საბჭომ ჩაატარა გასაუბრებები სასამართლო კორპუსის განახლების ეგიდით, რაც საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობის შესუსტებას ემსახურება. არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში მითითებულია, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში ამყოფებენ და ა.შ. ირკვევა, რომ რამდენიმე კანდიდატურის პროფესიული ბიოგრაფია ეჭვსაც იწვევს.

- როგორ წარმოგიდგენიათ ამ ცვლილების ასე დაჩქარებულად მიღება, როდესაც პარლამენტმა დაასრულა მუშაობა, სექტემბერში კი წინასაარჩევნო პროცესი პიკს მიაღწევს?

- ჩვენ არაერთხელ მივუთითეთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ჩვენი შეთავაზება პანაცეა არ არის, ინსტრუმენტია, რომელიც მოაგვარებს პრობლემას ან ტრანსფორმაციამდე მიგვიყვანს. მანამდე კი პარლამენტმა უნდა აუხსნას საზოგადოებას, რატომ ამბობს უარს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში კონკურსანტების უფლებების დაცვის ახალ ინსტრუმენტებზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეთავაზებას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეხმაურება: -"მზად ვართ, რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ, მესამე კენჭისყრაა დარჩენილი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობის გამო შეფერხდა. მომავალში ამ რეფორმას აუცილებლად გავატარებთ. როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, კენჭისყრაც დაინიშნება, თუმცა ეს საარჩევნო კამპანიის პერიოდში რიგგარეშე ფორმატში ძნელად წარმომიდგენია.

არჩილ გამზარდია, ექსპერტი: - პრეზიდენტის განცხადება უტოპიაა - ნორმალურ ქვეყანაში პარლამენტი მაშინ უნდა იკრიბებოდეს, როდესაც საჭიროა, თუმცა წინასაარჩევნოდ რიგგარეშე სესიის ჩატარებაზე ლაპარაკი, ვფიქრობ, პოლიტიკურ მესიჯებს უფრო შეიცავს, ვიდრე პრობლემის გადაჭრის რეალურ სურვილს - წინასაარჩევნოდ საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენება განსაკუთრებით საინტერესო ხელისუფლების ოპონენტებისთვის იქნება. ვფიქრობ, პრეზიდენტის წინადადება პოლიტიკური ინტერესებითაა განპირობებული.

- რომელი ძალის ინტერესების სასარგებლოდ წამოაყენა პრეზიდენტმა ეს წინადადება?

- პრეზიდენტმა ზეპარტიულის ნიშა დაკარგა და "ნაცმოძრაობასთან" უცნაური დაახლოებით მის გადაწყვეტილებებზე სულ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. თავდაპირველად, მის სურვილს, პოლიტიკურ პარტიებს შორის მედიატორის ფუნქცია შეესრულებინა, მეც მივესალმებოდი. თუმცა, ბოლო პერიოდში სულ უფრო დაუახლოვდა მხოლოდ ერთ ოპოზიციურ პარტიას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური საყრდენების ძიებაშია, რათა ან დამოუკიდებლად შექმნას ახალი ძალა, ან რომელიმე ჯგუფს შეერწყას.

რუსუდან შელია