"სინანული ერთი სიტყვის გამო გამოვხატე..."
11-07-2016
"სინანული ერთი სიტყვის გამო გამოვხატე..."
"შესაძლოა, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები სხვა სახელმწიფოში აწყობდეთ, თუმცა მთავარია, აფხაზებმა იცოდნენ, რომ ჩვენს ინტერესებში არეულობა ნამდვილად არ შედის"

"თვლით თუ არა, რომ აუცილებელია აფხაზეთის რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება" -10 ივლისს, სოხუმში რეფერენდუმი სწორედ ამ კითხვით ჩატარდა, რასაც წინ ე.წ. ოპოზიციური ძალების საპროტესტო აქციები უძღოდა. მომიტინგეებმა დე-ფაქტო შს სამინისტროს ჭიშკარიც კი შეანგრიეს და ლეონიდ ძაშპას თანამდებობიდან გადაყენებაც მოითხოვეს, თუმცა ძალოვანებმა აქციის მონაწილეები სახანძრო მანქანის გამოყენებით დაშალეს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ოპოზიცია მასშტაბურ
გამოსვლებს მომავალშიც გეგმავს. როგორ აფასებენ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს თბილისში, დაისჯება თუ არა გიგა ოთხოზორიას მკვლელი და რა შეიცვალა კონფლიქტურ რეგიონებში ოთხი წლის განმავლობაში, "კვირის პალიტრის" კითხვებს შერიგებისა და ტანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს:

- ბუნებრივია, სოხუმში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ვაკვირდებით, თუმცა ეს
მხოლოდ დიდი ხნის წინ დაწყებული პოლიტიკური ბატალიების გაგრძელებაა - რეალურად, ორივე დაპირისპირებულ მხარეს თანაბარი პოლიტიკური რესურსი გააჩნია, თუმცა ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, ამ ყველაფერს საჯაროდ ვერ გავაანალიზებ. ერთი კი ცხადია - ჩვენ უნდა მოვახერხოთ, აფხაზეთში არსებულ ნებისმიერ ძალასთან თანამშრომლობა. მთავარია, კონფრონტაცია მშვიდობიანად დასრულდეს. ნებისმიერი პრობლემა აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა რეგულირდებოდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით და უნდა გამოირიცხოს ძალადობის ნებისმიერი გამოვლენა. შესაძლოა სხვა სახელმწიფოში აფხაზეთის ტერიტორიაზე არეულობა აწყობთ, თუმცა საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება იქ ზედმეტი დაძაბულობა.

- ფიქრობთ, სოხუმში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება ისევ რუსეთიდან მართულია?

- გამორიცხული არაფერია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აფხაზებმა იცოდნენ, რომ თბილისის ინტერესებში ნამდვილად არ შედის აფხაზეთის ტერიტორიაზე კონფრონტაციის გაღრმავება. ვიცი, აფხაზეთში ჩემ გამონათქვამებს განსაკუთრებით მძაფრად აღიქვამენ. ხშირად ჩემი უწყინარი ფრაზაც კი მათთვის მტკივნეული ხდება. ამიტომ, საჯაროდ, მსგავს საკითხებზე ყოველთვის თავშეკავებულად ვსაუბრობ.

- გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, გიორგი გიუნაშვილის დაკავება გაურკვეველი ბრალდებით, სასაზღვრო სოფლებიდან მოქალაქეების ინტენსიური გატაცება - ეს თქვენი მუშაობის დადებითი შედეგებია?
- მესმის, რომ საზოგადოებისთვის მსგავსი ფაქტების გადახარშვა მტკივნეულია, მაგრამ სიმძიმეებს შორის განსხვავება უნდა ვისწავლოთ - გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ოთხი წლის განმავლობაში პირველი ტრაგიკული ფაქტი იყო, 2012 წლამდე კი, მსგავსი შემთხვევები ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. თვე არ გავიდოდა მკვლელობა არ მომხდარიყო.

- ანუ, დღესაც ფიქრობთ, რომ ადეკვატური განცხადება გააკეთეთ, როდესაც აღნიშნეთ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობა "ერთჯერადი" ფაქტი იყო?

- სწორედ ამ ერთი სიტყვის გამო გულწრფელი სინანული გამოვხატე. რატომღაც ეს ბევრს გაუკვირდა, ჩემთვის კი, სინანულის გამოხატვა ღირსების ნაწილია. თანაც იგი ეკუთვნოდა მხოლოდ გიგა ოთხოზორიას ოჯახს. რაკი მეკითხებით, კიდევ ერთხელ განვმარტავ - ოჯახის გამო სინანული მხოლოდ ერთი სიტყვის გამო გამოვხატე, დანარჩენი წინადადება კი აბსოლუტურად გამართული იყო და დღესაც გავიმეორებ - გიგა ოთხოზორიას მკვლელობა გახლდათ გამონაკლისი და წარმატებული საერთო სამშვიდობო პოლიტიკის სისტემიდან ამოვარდნილი.

- ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ქართველმა როგორ უნდა განსაზღვროს როდის დადგება შემდეგი ანგარიშსწორების ჯერი, ან ვინ გვაძლევს დღეს გარანტიას, რომ თუნდაც შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ქართველები ე.წ. საზღვართან უსაფრთხოდ იქნებიან?

- ეს არ არის სისტემური შემთხვევა - ანუ, არ არის მორიგი ვერაგული ნაბიჯი. გალელებმა კარგად იციან მათთვის რასაც ვაკეთებთ - გიგა ოთხოზორიას დაკრძალვაზე რამოდენიმე საათი გავატარე გალელებთან და ზუგდიდელებთან ეერთად. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა გიგა ოთხოზორია მოუგვარებელი კონფლიქტის ბოლო მსხვერპლი იყოს. თუმცა ვიდრე კონფლიქტი საბოლოოდ არ აღმოიფხვრება უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიებზე საუბარი არასერიოზული იქნება. სხვათა შორის, 25 წლის განმავლობაში ასევე პირველი შემთხვევაა, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქის მკვლელი აფხაზეთის ტერიტორიაზე დაკავებულია.

- შინა პატიმრობის მისჯა თქვენთვის საკმარისი სასჯელია?

- რა თქმა უნდა, ჩემთვის საკმარისი ღონისძიება არაა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადაც ამ ღონისძიებას უფარდებენ, ის ტერიტორია ოკუპირებულია და შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია არ ვრცელდება. შინაპატიმრობა დაკავების ერთ-ერთი ფორმაა. ანალოგიური შემთხვევა წინა წლებში არ დაფიქსირებულა. ამიტომ ვამბობ, რაღაცები ერთმანეთს უნდა შევადაროთ და შედეგების განსხვავება უნდა შეგვეძლოს.

- როგორ აპირებთ გიუნაშვილის დახსნას, რომელიც ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმმა ტერორისტის ბრალდებით დააკავა?

- ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ და ვაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე ჩანს. მეტიც, გიუნაშვილის საკითხზე იმაზე დიდი ხნით ადრე დავიწყეთ მუშობა, ვიდრე ამ საკითხზე მედია ინფორმაციას შეიტყობდა. როგორც წესი, ჩვენ საქმეს ყოველგვარი ხმაურის გარეშე ვაკეთებთ. ხმაურით, შეტევით, ისტერიკითა და პანიკით საქმე ყოველთვის ფუჭდება. მაგალითად, 10 მარტს, სოხუმიდან და ცხინვალიდან 14 უკანონო პატიმარი გამოვიხსენით. ამის შესახებ ამ უკანონო პატიმრების ახლობლებმაც კი არაფერი იცოდნენ. მით უმეტეს - პრესა არ იყო ინფორმირებული. ამ ადამიანების გამოხსნაზე რომ წინასწარ გავრცელებულიყო ინფორმაცია - გარწმუნებთ, ისინი დღემდე უკანონო პატიმრობაში იქნებოდნენ. ამიტომ მუდმივი ხმაური არ არის კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო მოკავშირე.

თქვენ ზემოთ მკითხეთ ოთხწლიანი მუშაობის შედეგებზე. ამ თემაზე საუბრისას დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხნის განმავლობაში დამატებითი სოფლებისა და ქალაქების დაკარგვა გამოვრიცხეთ. გამსახურდიამ, შევარდნაძემ თუ სააკაშვილმა მმართველობის პირველ წლეებშივე ვერ მოახერხეს კონფლიქტის თავიდან აცილება. ჩვენ კი ოთხწლიანი მშვიდობა დავამკვიდრეთ. დღეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში დანარჩენი საქართველოსადმი ნდობა აღდგა. უამრავი ადამიანი დასასვენებლად ან სამკურნალოდ ჩამოდის. ჯონ კერისთან პრემიერმა გამყოფი ხაზის გასწვრივ სოფლების მხარდაჭერის მემორანდუმს მოაწერა ხელი - ადრე ამ სოფლებიდან ხალხი გამორბოდა, განადგურებული იყო ინფრასტრუქტურა, სახლები, მეურნეობა... სოფლები, პრაქტიკულად, იცლებოდა. ჩვენ უკვე ერთი წელია დავასრულეთ ყველა ამ სოფლის გაზიფიცირება. უკვე 20-ზე მეტ სოფელს მიეწოდება სასმელი წყალი. ეს სამუშაოები გრძელდება. სამი წელია, გამყოფი ხაზის გასწვრივ სოფელების მცხოვრებ ახალგაზრდებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლას ვუფინანსებთ. ხალხი არათუ ადგილზე გავაჩერეთ, არამედ ბევრი წასული უკან დავაბრუნეთ. 2008-2012 წლებში აფხაზებს და ოსებს ქართველებისკენ გამოხედვაც არ უნდოდათ, ჩვენ კი ეს ურთიერთობა მშვიდ და სანდო ფაზაში გადავიყვანეთ.

- სამკურნალოდ და დასასვენებლად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, რასაც თქვენ წარმატებად და ნდობის აღდგენის ნიშნებად აფასებთ, აფხაზეთში წარუმატებელ "თაფლაკვერებად" შეაფასე, ამ მხრივ ვერც სოციალურმა აქციამ - "მშიბზიამ" (გამარჯობა) გაამართლა, პირიქით აფხაზეთში ნეგატიური გამოხმაურება მოყვა...

- მსგავს აქციებში არასოდეს ვმონაწილეობ და წარმოდგენაც არ მაქვს ეს ვისი ორგანიზებული იყო. მეტიც, ეს მხოლოდ აფხაზი ჟურნალისტისგან გავიგე, რომელმაც სწორედ "თაფლაკვერებთან" დაკავშირებით პირადად მე დამადანაშაულა. ჩვენთან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, შესაბამისად ასეთი "სმარტმობები" და აქციები ჩვეულებრივი ამბავია ქართული საზოგადოებისთვის. გულახდილად გეტყვით, მე პირადად არ მესმის ამ "სმარტმობის", თუმცა პატივს ვცემ გამოხატვის თავისუფლების ასეთი ფორმით რეალიზებას. აფხაზური საზოგადოების რეაქცია განჭვრეტადი იყო და არავის არ უნდა უკვირდეს ეს.

- რაც შეეხება თქვენ პოლიტიკურ გეგმებს, თავდაცვის მინისტრის მსგავსად თქვენც არჩევნებამდე აპირებთ მინისტრის თანამდებობაზე ყოფნას?

- ვთვლი რომ ეს პოზიცია ყველაზე უფრო მოსალოდნელია პასუხისმგებლიანი პარტიისა და მინისტრების მხრიდან. მინისტრებს სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება გვეკისრება არჩევნებიდან არჩევნებამდე. თუმცა, ამ საკითხზე, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის ფარგლებში ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული. არ იქნებოდა დამაჯერებელი, რომ მეთქვა, რომ მე არ მადარდებს თუ როგორი იქნება ჩემი უახლოესი მომავალი. პარტიაში ამაზე დაწვრილებით ჯერ არ მისაუბრია. თუმცა, ბუნებრივია მაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია - სად და როგორ ვხედავ ჩემ თავს მომავალში. ამაზე იქნება საუბარი პარტიაში და შემდეგ ამის შესახებ თქვენს შეიტყობთ.

- სხა პარტიაში გადასვლას ხომ არ გეგმავთ?

- დღეს არსებულ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მე არ მეგულება პოლიტიკური პარტია სადაც გადასვლაზე თუგინდ ერთი წამით მიფიქრია. ჩემ გეგმებში სხვა პარტიაში გადასვლა არ შედის.


"აქ უფროსი ვერც რუსი გახდება და ვერც სომეხი!"


მარატ თარბა, აფხაზი პუბლიცისტი:
- რუსეთს ძალიან ეშინია აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების. მათ არ უნდათ, კიდევ ერთი თავის ტკივილი გაუჩნდეთ. ურჩევნიათ, ასე მდორედ გრძელდებოდეს პროცესები და დროდადრო ფინანსურად დაგვეხმარონ, რაღაცების ფასად. ეკონომიკა უმნიშვნელოდ და მათი მონაწილეობით განვითარდეს და არა - დამოუკიდებლად. ასე უფრო ვიქნებით მათზე დამოკიდებული "დამოუკიდებელი ქვეყანა". ეს სტატუსი მათ ყველაზე მეტად აძლევთ ხელს... ამასობაში ქვეყანაში მასობრივი მიგრაცია ხდება, რადგან ბევრი ვერ უძლებს ამ ვითარებას. დამნაშავეები და პოლიცია შეთანხმებულად მოქმედებენ, ადამიანების გატაცება ბიზნესად აქციეს და წილებს იყოფენ. ეს ყველამ იცის. კორუფცია ყვავის, ნარკომანიას ყოველთვიურად ათეულობით სიცოცხლე ეწირება, სამედიცინო სფერო თითქმის აღარ არსებობს. ბიზნესი ტოტალურად კონტროლდება და კანონი მხოლოდ ქაღალდზე წერია, ისევე, როგორც დემოკრატია. ასეთია თანამედროვე აფხაზეთის ყოველდღიურობა, რომელსაც შევეჩვიეთ... ამას აპროტესტებს ახლა ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რადგან იცის, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში მათ შვილებს მომავალი არა აქვთ. მათ "ფერადი რევოლუციის" მოწყობის მცდელობას აბრალებენ, პრეზიდენტმა კი ამ ადამიანებს მოღალატეები უწოდა... გნებავთ, "მაიდანი" დაარქვით, გნებავთ - გადატრიალება. ყველამ ვიცით, რომ ცვლილებები საჭიროა და თანაც - დამოუკიდებლად. კარგია რუსეთის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ, მაგრამ იქნებ მიგვიშვან ჩვენს ნებაზე და თვითონ მივხედავთ ჩვენს პრობლემებს.

ევგენი გვალია, აფხაზი პუბლიცისტი:
- ახლა ძალიან ხშირად ლაპარაკობენ აფხაზეთისა და უკრაინის მსგავსებაზე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, აფხაზეთში "მაიდანი" არასდროს მოხდება. აფხაზეთმა არც ისე დიდი ხნის წინ გადაიტანა სისხლიანი 90-იანები და ალბათ, ვერავინ გარისკავს, ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაითრიოს შეიარაღებულ დაპირისპირებაში... ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს რუსეთი ამ ყველაფრისგან ცალკე დგას, არადა, უდავოა, რომ ის ყველა იმ გამოკვეთილ ლიდერთან "იმუშავებს", ვინც ავტორიტეტით სარგებლობს, რათა პროცესები კვლავ აკონტროლოს. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური მექანიზმები, რომელზეც დიდი გავლენა აქვს როგორც რუსეთს, ისე - სომხეთს, რომელიც დაუღალავად ცდილობს საკურორტო ბიზნესში ძალაუფლების მოპოვებას... აფხაზეთი სისხლის ფასად მოვიპოვეთ და აქ უფროსი ვერც რუსი გახდება და ვერც - სომეხი... აფხაზი საზოგადოება უკვე აცნობიერებს, რომ გარშემო მსოფლიო ვითარდება, ჩვენ კი ისევ საბჭოურ სივრცეში ვართ გამოკეტილი. ეს არის ქვეყანა, რომელიც არ ვითარდება, სადაც არც ომია და არც - მშვიდობა... 15 წელია, პუტინისგან აფხაზეთის განვითარების პროგრამაზე ერთი და იგივე "სიმღერა" გვესმის, მაგრამ შედეგი არ ჩანს. რატომ ვერ მოხერხდა 90-იანი წლების ომის დროს დანგრეული თუნდაც ერთი ქარხნის აღდგენა? ქვეყანაში მხოლოდ სასტუმროების მშენებლობაა, სადაც ძირითადად რუსები ისვენებენ... რუსეთის გადმორიცხული ფინანსები არ არის ინვესტიცია, ეს არის მოკავშირის შესანარჩუნებლად გადახდილი თანხა... რაც ყველაზე უარესია, ამ პოლიტიკურ პროცესებში არა აქტიურობენ ახალგაზრდები, მათ ცვლილებების მოტივაცია და სტიმული არ აქვთ. ისე გამოვიდა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრების საფასურად ჩვენ მათY მომავალი წავართვით.

რუსუდან შელია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით