"ოთხოზორიას ამბავი რომ ჩვენს დროს მომხდარიყო, მკვლელს მიწიდან ამოვიღებდით!.." - კვირის პალიტრა

"ოთხოზორიას ამბავი რომ ჩვენს დროს მომხდარიყო, მკვლელს მიწიდან ამოვიღებდით!.."

"სომხები აფხაზეთში თავიანთი ავტონომიის შექმნას ითხოვენ", - ამბობს "ტყის ძმების" ყოფილი მეთაური დათო შენგელია. რა შეეძლო პარტიზანულ მოძრაობას საქართველოში, თავის დროზე რისთვის დაიჭირეს ან გაათავისუფლეს დავით შენგელია და რა ესაქმებოდა მას თხილის ბიზნესთან? ამ და სხვა საკითხებზე დათო შენგელია ექსკლუზიურად "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- აფხაზეთში თუ იბადება ათი ბავშვი, იქიდან სამი - აფხაზი, რუსი, ესტონელი, ბერძენი ან ქართველია, დანარჩენი 7 - სომეხი. მეტსაც გეტყვით, არის სომხური დაჯგუფებები, რომლებიც სომხებისთვის ავტონომიას ითხოვენ. 15-20 წელიწადში ეს პრობლემა უფრო მტკივნეული გახდება. აფხაზები ამას ხვდებიან, მაგრამ იდეოლოგიურად იმდენად მოწამლულები არიან, რომ ჩვენთან ურთიერთობა მაინც არ უნდათ.

- აფხაზებთან ურთიერთობის დათბობა არაერთხელ გვიცდია, საპასუხოდ კი დაცინვას ვიღებთ...

- ვიღაცას ჰგონია, აფხაზს აფხაზურად თუ ეტყვის "გამარჯობას", ის სიხარულით ცას ეწევა. მას არავინ არაფერს ეკითხება. ყველაფერს რუსი წყვეტს. რუსთან თუ მოვაგვარებთ ურთიერთობას, ყველაფერი დალაგდება. მაგრამ რუსეთს სურს, საქართველომ ნატოზე თქვას უარი, ასეთ ვითარებაში მასთან ურთიერთობის დალაგება ჭირს...

- ოთხოზორიას მკვლელს დანაშაული შერჩება?

- აქედან რომ ვერ დავსჯით, ცხადია. პირიქით, აფხაზები წაახალისებენ მას. სანამ პარტიზანულ მოძრაობას გააუქმებდნენ, მანამდე უნდა ეფიქრათ ასეთ შედეგებზე! წინათ მსგავსი ქმედების ჩადენას ყველა ერიდებოდა, რადგან იცოდა, დანაშაულის ჩამდენი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი აუცილებლად შეეწირებოდა.

ოთხოზორიას ამბავი ჩვენს დროს რომ მომხდარიყო, მკვლელს მიწიდან ამოვიღებდით!.. ხომ გახსოვთ ის დრო, როცა გალის რაიონში აფხაზი ვერ შემოდიოდა! ვინმეს თუ შემოსვლა უნდოდა, ხალხს გვიგზავნიდა, ვატარებდით და დაცვასაც ვაყოლებდით, რომ უკან მშვიდობით დაბრუნებულიყო. მერე შევარდნაძემ 1998 წელს ჩაატარა იქ ე.წ. მარულა და იქიდან დავიწყეთ პოზიციების დაკარგვა. 2003 წელს კი საერთოდ გაუქმდა პარტიზანული მოძრაობა და დაგვიჭირეს კიდეც...

- ციხიდან თქვენს გათავისუფლებასაც კითხვის ნიშნები ახლდა...

- დიახ, იმიტომ, რომ მიშა სააკაშვილმა დამიჭირა და მანვე გამათავისუფლა.

- და რა მიზეზით გაგათავისუფლეს?

- ძალიან ავად ვიყავი და დასაჭერიც რომ არ ვიყავი, იცოდნენ ალბათ!

- ამბობდნენ, რომ თხილის ბიზნესს აკონტროლებდით.

- ვთქვათ და, ვარ თხილის ბიზნესში. რატომ არ უნდა ვიყო? პარლამენტარი ვარ, თუ რამე სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა მიკავია?

- ე.ი. ხართ თხილის ბიზნესში?

- ნეტა ვიყო! თხილის ბიზნესის გაკონტროლება რომ შემეძლოს, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა. 1995 წლიდან მოყოლებული ერთადერთი იმას ვაკეთებდი, რომ აფხაზებს გალის თხილი აქეთ გადმოეტანათ და სხვა მხრიდან არ გასულიყო.

- კონტრაბანდულ საქმიანობასა და ნარკობიზნესში დადანაშაულებაზე რას გვეტყვით?

- ვიღაც რაღაც სისულელეს იტყვის, ყველაფერს რატომ უნდა ვუპასუხო? წინა ხელისუფლება ყვიროდა: არიქა, შენგელია ჩაიყვანეს ზუგდიდში, იქ ჯარი ჰყავს და საარჩევნო კამპანიაში ხელს გვიშლისო, ახლა ამ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც ამასვე გაიძახის... სად მყავს ეს ჯარი?! ზუგდიდში 5 თვეა, არ ვყოფილვარ, ლოგინად ვარ ჩავარდნილი. ისე, არც არავის უთქვამს, - მოდი, გვერდით დამიდექი და დამეხმარეო.

- თქვენი სიმპათია რომელ პოლიტიკურ ძალას ეკუთვნის?

- არც იქითა ვარ და არც აქეთ...

ეკა ასათიანი