"ოცნებამ" გვითხრა, უპარტიოები გვჭირდ­ებით, პარტიულები - არაო" - კვირის პალიტრა

"ოცნებამ" გვითხრა, უპარტიოები გვჭირდ­ებით, პარტიულები - არაო"

"წინასაარჩევნოდ მეც წამომიყენეს პირობა - რესპუბლიკური პარტიის დატოვება და "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა!"

"ჩემთვის გაუგებარი იყო, რესპუბლიკელები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ პრინციპების ერთგული, რატომ უნდა დამეტოვებინა? ცუდ საქმეს აკეთებენ და შეიცვალნენ? ვიღაცები ამბობენ, ხალხს რესპუბლიკელები არ მოსწონს, უსუფაშვილი მოსწონთო. ყველას, ვინც ასე ფიქრობს, კიდევ ერთხელ ვეტყვი - ციდან არ ჩამოვვარდნილვარ, მშობლებმა მშობეს, როგორც ადამიანი, რესპუბლიკურმა პარტიამ კი საზოგადოებრივ ფიგურად და პოლიტიკოსად მაქცია"

შესთავაზა თუ არა პრემიერმა მომავალი პარლამენტის თავმჯდომარეობა, რატომ არ დათანხმდა "ქართულ ოცნებაში" გაწევრებას და რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ? ამ კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ექსკლუზიურად პასუხობს:

- მართალია, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მეტიც, ვფიქრობ, პოლიტიკური შედეგი გრძელვადიანი იქნება. უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყველაფერი ავწონ-დავწონეთ. ამ თვალსაზრისით დღეს საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხე არ არსებობს. ფაქტია, რომ რეგიონში პოლიტიკური ვითარება გამწვავდება, თუმცა, იმედი მაქვს, მიმდინარე მოვლენები თურქეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს.

- თურქეთის მოვლენებს ნიცის ტერაქტი უძღოდა... დღეს ხელისუფლებას აქვს მექანიზმი, რომ მოქალაქეებმა საქართველოში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ?

- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არ არსებობს საფუძველი, რომ ტერორიზმის ტალღა საქართველოსაც მოადგება. თუმცა, სათანადო უწყებები მაინც გაძლიერებულად მუშაობენ. თურქეთის მოვლენების პარალელურად, ჩვენი მზერა ჩრდილოეთისკენაც არის მიპყრობილი - აგრესორი ქვეყანა მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ყოველთვის ცდილობს. მით უმეტეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრისგანაც გავიგონეთ, ტერორიზმის ტალღა სამხრეთ კავკასიასაც მოადგებაო. არადამაჯერებელი ვიქნები, რომ ვთქვა, საბჭოზე ამ საკითხზეც არ გვიმსჯელია-მეთქი. მიმდინარე ოკუპაცია და რუსეთის დაუსრულებელი გეგმები მიგვანიშნებს, რომ განსაკუთრებული სიფხიზლე გვმართებს.

- რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ პროცესებს... მთავრობა ორპარტიული აღარ არის, რესპუბლიკელებმა მინისტრთა კაბინეტი დატოვეს, გიგლა აგულაშვილმა კი წინასაარჩევნოდ თქვენს გუნდში ყოფნას "ქართული ოცნება" არჩია. მისი გადაწყვეტილება პარტიისთვის როდის გახდა ცნობილი?

- პარტიიდან გიგლა აგულაშვილის შესაძლო წასვლაზე ინფორმაციის გავრცელებამდე ექვსი დღით ადრე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ იმედი მაქვს, როგორი კარგი რესპუბლიკელი მინისტრიც გახლდათ, ისეთი კარგი იქნება "ქართული ოცნების" რიგებშიც. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- აგულაშვილთან არ გისაუბრიათ? რის სანაცვლოდ მიიღო მან გადაწყვეტილება, ან თუ მოითხოვა "ქართული ოცნებისგან" გარანტიები მთავრობაში მინისტრად დარჩენის შესახებ?

- ამ საკითხზე არ გვისაუბრია, თუმცა გიგლა არც საჯარო სამსახურში და არც პოლიტიკაში ახალბედა არ გახლავთ, ამიტომ, არ მგონია, მისი გადაწყვეტილება მხოლოდ აგვისტომდე დარჩენას უკავშირდებოდეს.

არჩევნებში რესპუბლიკელებისა და "ქართული ოცნების" წარმატების შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, საქმის კეთება ერთად განვაგრძოთ, თუმცა წინასაარჩევნოდ მეც წამომიყენეს პირობა - რესპუბლიკური პარტიის დატოვება და "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. პოლიტიკაში კონკურენცია აუცილებელია - სხვას უნდა აჯობო და ასე წახვიდე წინ, "ქართული ოცნება" კი ამბობს, ერთი კარგი პარტია გავაკეთოთ და ქვეყანა წინ წავიყვანოთო. ეს უფრო პოსტსაბჭოური პროცესია, რაც სახარბიელო შედეგს არ მოიტანს. ამაში დარწმუნდა როგორც "ნაციონალური მოძრაობა", ისე - "მოქალაქეთა კავშირი" და "მრგვალი მაგიდა".

- "ქართული ოცნებაც" წინამორბედების გზას დაადგა?

- არ ვამბობ, რომ "ქართული ოცნებისგან" იგივე საფრთხე გველოდება, რაც წინა მმართველი პარტიებისგან, მაგრამ პოლიტიკისადმი ასეთი დამოკიდებულება მიზანშეუწონელია...

- აღნიშნეთ, რომ თანამშრომლობის მთავარ პირობად "ქართულ ოცნებაში" გაწევრება შემოგთავაზეს. ამას ულტიმატუმის ფორმა ჰქონდა?

- ულტიმატუმი არა, ეს იყო მსჯელობაში სიცხადის შეტანისას გამოთქმული წინადადებები. არც ერთ ეტაპზე ჩემსა და კვირიკაშვილს ან რომელიმე რესპუბლიკელ მინისტრსა და კვირიკაშვილს შორის ურთიერთობა ოდნავაც არ დაძაბულა. ქრონოლოგიურად მივყვეთ: არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ერთი მხრივ, პრემიერისგან პარტნიორობის წინადადება არსებობდა, მეორე მხრივ - "ქართული ოცნებიდან" რესპუბლიკელების წინააღმდეგ ნიაღვარი მოედინებოდა, რაც მოგვიანებით სამართალდამცავი სისტემის მოქმედებაზეც აისახა. სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ურთიერთობა შეუძლებელი იყო. თუმცა 27 მარტს ჩვენ არ გვითქვამს, რომ თანამდებობებიდან მივდივართ - ჩვენი მინისტრები რჩებოდნენ თანამდებობაზე, რადგან ივლისამდე სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გადაგვეწყვიტა. მე ჩართული ვიყავი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებაში, ხიდაშელი - ერთობლივ წვრთნებსა და ვარშავის სამიტში. მივიღე წინადადება, იქნებ რესპუბლიკელმა მინისტრებმა დატოვონ პარტია და ამის შემდეგ დარჩნენ თანამდებობებზეო. ვთქვი, რომ ეს შეუძლებელია. ანუ "ოცნებამ" გვითხრა, უპარტიოები გვჭირდებით, პარტიულები - არაო. ყველაფერი გასაგები იყო - ჩემი საბოლოო პასუხი გახლდათ, რომ მინისტრები გადაბარებას დაასრულებენ და ორ-სამ დღეში გადადგებიან.

- ხიდაშელის პრემიერთან შეუთანხმებელი ბრძანებაც ხომ არ გახდა ამ წინადადების ინდიკატორი? იქნებ მმართველ პარტიას ჰქონდა განცდა, რომ რესპუბლიკელები მინისტრის პორტფელს წინასაარჩევნოდ პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენებდით?

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხიდაშელის ბრძანებას არანაირი როლი არ უთამაშია. უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარი იყო, რესპუბლიკელები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ პრინციპების ერთგული, რატომ უნდა დამეტოვებინა? ცუდ საქმეს აკეთებენ და შეიცვალნენ? ვიღაცები ამბობენ, ხალხს რესპუბლიკელები არ მოსწონს, უსუფაშვილი მოსწონთო. ყველას, ვინც ასე ფიქრობს, კიდევ ერთხელ ვეტყვი - ციდან არ ჩამოვვარდნილვარ, მშობლებმა მშობეს, როგორც ადამიანი, რესპუბლიკურმა პარტიამ კი საზოგადოებრივ ფიგურად და პოლიტიკოსად მაქცია. ჩვენი პარტია ყოველთვის რთულ გზას გადის, მაგრამ ვერასოდეს შევეგუებით, მაგალითად, დისკრიმინაციას. ქართული სიამაყე სხვის მიმართ ზევიდან გადმოხედვაში არ უნდა გადაიზარდოს. ჩვენი სიძლიერე და კულტურული ფესვები ზუსტად იმას უნდა გვკარნახობდეს, რომ სხვის აზრსაც პატივი ვცეთ.

- "ქართული ოცნების" რამდენიმე წევრი კი რესპუბლიკელებს სწორედ ასეთ ქედმაღლურ დამოკიდებულებაში გდებდათ ბრალს.

- თუ რესპუბლიკელების მხრიდან ქედმაღლობა იყო, ეს სწორი არ გახლდათ. არა მგონია, ასეთი შემთხვევა ბევრი ყოფილიყო, მაგრამ მეორე მხრიდან რა იყო, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს...

- რესპუბლიკური პარტიის პირველი ნომერი ხართ, თუმცა პარტიამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო წინასაარჩევნოდ საკუთარი ნიშის გამოკვეთა - მკვეთრად ოპოზიციური პარტია იქნებით თუ "ქართული ოცნების" კრიტიკულ შეფასებებს ისევ მოერიდებით?

- რას ნიშნავს მოვერიდო, ესე იგი, საკუთარი თავის მტერი ვარ?! ამომრჩეველთან ხმის მოსაპოვებლად მივდივარ, ამიტომ არავის კრიტიკას არ მოვერიდები. საარჩევნო კამპანიის დროს თითოეული ამომრჩევლისთვის ოპოზიციაშიც ვიქნები და პოლიტიკურ ბრძოლაშიც. არჩევნების შემდეგ კი შევხედავთ, ვინ სად დავდგებით.

- ეს ნიშნავს, რომ რესპუბლიკელები უახლოეს მომავალში საპარლამენტო უმრავლესობასაც დატოვებთ?

- უმრავლესობის დატოვება ნიშნავს, რომ ზვიად კვაჭანტირაძესა და დავით ბაქრაძეს სამ-სამკაციანი აპარატი არ ეყოლებათ.

სხვა შედეგს ეს ნაბიჯი არ მოგვცემს - თუ უმრავლესობა დაშლილია, უმცირესობაც არ არსებობს.

- რაც შეეხება "ქართულ ოცნებასთან" არჩევნების შემდგომ თანამშრომლობას, ორი ვერსია არსებობს: ერთის მიხედვით, პრემიერისგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის შეთავაზება მიიღეთ, მეორე ვერსიის მიხედვით კი, თუ მომავალი მოწვევის პარლამენტში მოხვდებით, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარეობა ისევ თქვენ შემოგთავაზონ.

- როდესაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ვსაუბრობდით, ითქვა ისიც, რომ პარტნიორობა რაღაცაში გადაიზრდებოდა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, დიახ, ამ საკითხზე ვფიქრობ, ეს ჩემი ინტერესის სფეროა, ამიტომ არ გამოვრიცხავ, ჩემს პროფესიულ საქმიანობას დავუბრუნდე საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა ეს მხოლოდ 15-20 წლის შემდეგ წარმომიდგენია.

- დაბოლოს - რესპუბლიკელების პრინციპულობაზე დიდხანს ისაუბრეთ, თუმცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გიგი წერეთლის კანდიდატურის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" პოზიციას სამარცხვინო უწოდეთ, მეორე დღეს კი თვითონ არ მიეცით ხმა ქართველ კანდიდატს. რატომ?

- ჩემი შეფასება არ გულისხმობდა, რატომ არ უჭერთ მხარს გიგი წერეთლის კანდიდატურას-მეთქი. ვთქვი, ისე არაკვალიფიციურად აწარმოებთ წერეთლის საწინააღმდეგო კამპანიას, სამარცხვინოა-მეთქი. "ქართული ოცნება" მოქმედებდა ისე, თითქოს წერეთლის კანდიდატურას ჭიათურის მაჟორიტარად ამარცხებდა. მათ დაავიწყდათ, რომ 56 ქვეყნის სამას წარმომადგენელს შორის მხოლოდ სამი ქართველი ვიყავით, ვინც კენჭისყრაში მონაწილეობდა - მე, თედო ჯაფარიძე და თვითონ გიგი წერეთელი. თუ ეს კამპანია ჩვენზე იყო გათვლილი, არასერიოზულია, თუ დანარჩენ 297 კაცს ელაპარაკებოდნენ, სხვა სტილი უნდა შეერჩიათ და სხვა არგუმენტი მოეყვანათ.

რუსუდან შელია