"არაადეკვატური ის იქნებოდა, რესპუბლიკელები ჩემს გადაწყვეტილებას მისალმებოდნენ" - კვირის პალიტრა

"არაადეკვატური ის იქნებოდა, რესპუბლიკელები ჩემს გადაწყვეტილებას მისალმებოდნენ"

"ქართულ ოცნებაში" გაცილებით ნაყოფიერი და პირნათელი შემიძლია ვიყო ერისა და ბერის წინაშე"

გარემოს დაცვის მინისტრმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" რიგებში გადაინაცვლა. ყოფილ თანაგუნდელებს არც დაუმალავთ, რომ აგულაშვილის გადაწყვეტილება მათთვისაც მოულოდნელი იყო. ვინ შესთავაზა პარტიის შეცვლა და ჩაერთვება თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში ამჯერად "ქართული ოცნებიდან", "კვირის პალიტრის" კითხვებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი უპასუხებს:

- გადაწყვეტილება პრემიერსა და იმ პირებთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე, ვის აზრსაც პატივს ვცემ და ანგარიშს ვუწევ. ეს არ იყო ცალსახა, დაუფიქრებელი და მყისიერი პროცესი. ბუნებრივია, საბოლოოდ ყველა არგუმენტი და კონტრარგუმენტი შევაჯერე და ნაბიჯიც ამის შემდეგ გადავდგი.

- თუმცა ყოფილი თანაგუნდელების თქმით, მათთვის პარტიიდან თქვენი წასვლა მოულოდნელი იყო. მეტიც, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რესპუბლიკელები თანამდებობაზე დარჩენას არჩევნებამდე გეგმავდნენ.

- ასეთ გადაწყვეტილებას ყოველთვის ახლავს მოულოდნელობის ეფექტი. მსგავს სიტუაციებში, როგორც წესი, ადამიანები არ უშვებენ ან არ სურთ დაუშვან, რომ რადიკალურ ცვლილებებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი და ვინმე გადადგამს მას. საჯაროდ არ ვლაპარაკობ ამ გადაწყვეტილების დეტალებზე, პრეისტორიაზე, მაგრამ იგი ნამდვილად არ იყო მოულოდნელი.

- რესპუბლიკელები თქვენს გადაწყვეტილებას შეცდომად თვლიან. თავად როგორ აფასებთ არჩევნების წინ პარტიის შეცვლას?

- ეს შეფასება ლოგიკურია. გაუგებარი და არაადეკვატური ის იქნებოდა, ჩემს გადაწყვეტილებას მისალმებოდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად წინააღმდეგობისა, ჩვენ შევინარჩუნეთ პატივისცემა განსხვავებული აზრისადმი. როგორი ბანალურიც უნდა ჩანდეს ეს წინადადება, ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" გაცილებით ნაყოფიერი და პირნათელი შემიძლია ვიყო ერისა და ბერის წინაშე.

- იქნებით თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, ან რა ტიპის გარანტია მიიღეთ მმართველი პარტიისგან?

- "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ ვიქნები და არც მაჟორიტარულ ოლქში ვიყრი კენჭს. რაც შეეხება გარანტიას, როგორ წარმოგიდგენიათ, რა ფორმით უნდა მიმეღო იგი? არ მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება, მელაპარაკა შეღავათებსა და უპირატესობებზე, არავინ შემიბოჭავს ულტიმატუმით ან პირობის დადებით. საქმის კარგად კეთების გარდა, გარანტია არ არსებობს.

რუსუდან შელია