"მართლმსაჯულებაში არსებული ყველა ხარვეზი საზოგადოებამ მურუსიძეში გააერთიანა..."
18-07-2016
"მართლმსაჯულებაში არსებული ყველა ხარვეზი საზოგადოებამ მურუსიძეში გააერთიანა..."
თამარ ჩუგოშვილი ერთ-ერთია "ქართული ოცნების" იმ თხუთმეტ ახალ სახეს შორის, რომელიც პრემიერმა გასულ კვირას საგურამოში წარადგინა.

თამარ ჩუგოშვილი: - "ქართულ ოცნებაში" ჩემი გაწევრების საკითხზე კონსულტაციები იანვარში დაიწყო, გადაწყვეტილება კი ერთი თვის წინ მივიღე. პოლიტიკაში წასვლა დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა­ დღეს ჩემს ნაბიჯს სრულად ვაცნობიერებ და იმ სირთულეებისთვისაც მზად ვარ, რაც წინ მელოდება.

- ერთ-ერთი პირველი, ვინც "ქართული ოცნების" სიაში თქვენს დასახელებას გ
ამოეხმაურა, თინა ხიდაშელი იყო: "კეთილი იყოს თქვენი­ მობრძანება ჯოჯოხეთში". ეთანხმებით ამ შეფასებაში?

- თინას სიტყვებში გარკვეული ლოგიკა მართლაც არის, წინ მნიშვნელოვანი სირთულეები გველოდება. ვგრძნობ - ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშეა და ამისთვის აბსოლუტურად მზად ვარ. რაც მთავარია, ძლიერი ლიდერი და კარგი გუნდი გვყავს.

- გუნდი აქცენტს ახალ სახეებზე აკეთებს. თუმცა რამდენად მზად ხართ, წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს პასუხი
გასცეთ თქვენი წინამორბედების ოთხწლიან მუშაობაზე? რატომ არ შესრულდა დაპირებების ნაწილი?

- პარტია მხოლოდ ახალი სახეებისგან­ არ შედგება. ჩვენ არაერთი გამოცდილი წევრი­ გვყავს. განცდა, რომ დაპირებები არ შესრულდა, უფრო მიზანმიმართული პროპაგანდის შედეგია. ოთხი წლის მთავარი მონაპოვარი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ჩატარებული რეფორმებია. დემოკრატია აბსტრაქტული ცნება არ გახლავთ,­ ის ბიზნესისა და საკუთრების უფლების დაცვას, მედიაპლურალიზმს, ადამიანის უფლებების დარღვევის შემცირებას გულისხმობს. ამ მიმართულებით "ქართულმა ოცნებამ" სწორი საფუძვლები ჩაყარა, რაზეც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში შენება უნდა განვაგრძოთ. ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ გეგმას, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარების უზრუნველსაყოფად ზედმიწევნით შესრულდება.

- უფლებადამცველი და საია-ს­ ერთ-ერთი­ ხელმძღვანელი იყავით. თქვენი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, რამდენად კმაყოფილი ხართ თუნდაც გახმაურებული საქმეების­ გამოძიებით?
- ყველა იმ საქმეზე, რაზეც საია-შიც აქტიურად ვმუშაობდი, მათ შორის, 26 მაისისა და სანდრო გირგვლიანის საქმეზეც­, ვანო მერაბიშვილს ბრალი წარედგინა. შესაძ­ლოა, ზოგიერთ საქმეზე გამოძიება ჩიხში შევიდა, ან საზოგადოებას მეტი ინფ­ორმაცია სჭირდება, ამიტომ მომავალ პარლამენტში მოვითხოვთ პროკურატურისგან მნიშვნელოვან საქმეებზე მეტ ინფორმაციას. საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის შედეგებიც ცხადყოფს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხი გაუმჯობესდა.

- თუმცა სისტემას, ფაქტობრივად, ისევ ლევან მურუსიძე ხელმძღვანელობს, რომელიც სწორედ იმ საქმეებში ფიგურირებდა, რასაც თქვენ წლების განმავლობაში იძიებდით.

- წინა წლებში მართლმსაჯულებაში არსებული ყველა ხარვეზი საზოგადოებამ მურუსიძეში გააერთიანა... წარმატებაა, რომ დღეს იუსტიციის საბჭოში პოლიტიკოსებს არ ვუყურებთ, დღეს ნებისმიერი პროცესი ღიაა და ხალხს სასამართლოდან დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

-"ქართული ოცნების" სიაში­ დასახელებისთანავე წლების წინ გაკეთებული განცხადებები­ შეგახსენეს, მათ შორის, 26 მაისზე, ასევე 2012 წლამდე ივანიშვილის მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე, თქვენსა­ და ივანიშვილს შორის საჯარო მწვავე კამათიც კი გაიხსენეს.­ ამის მიუხედავად, დღეს ყოფილი პრემიერის ფავორიტად ითვლებით. იმასაც ამბობენ, რომ მან საზღვარგარეთ სწავლაც კი დაგიფინანსათ.

- კარგად გვახსოვს, "ნაციონალური­ მოძრაობა" წინასაარჩევნოდ ოპონენტებს­ ანგარიშს პოლ­იციის დახმარებით რომ უსწორებდა, არაფერს ვამბობ მოსამართლეებზე ზეწოლასა და მედიის კონტროლზე. თუმცა, როდესაც კითხვები ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გაგვიჩნდა, ამის შესახებ საჯაროდ განვაცხადეთ. ასე რომ, ეს საკითხი დღეს ჩემთვის მხოლოდ კომპლიმენტია - ეს ნიშნავს, რომ საია ობიექტურად აშუქებდა ორივე მხარის დარღვევებს. რაც შეეხება ბატონ ბიძინას, არჩევნების შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, მისი თანაშემწე გახლდით, თუმცა საზღვარგარეთ სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტმა დამიფინანსა.

- კორცხელის ინციდენტის ფონზე, რამდე­ნად სამართლიანია წინასაარჩევნო პროცესი?

- ჯერ კიდევ გასარკვევია, როგორ დაიწყო დაპირისპირება და როგორ გაგ­რძელდა, თუმცა, ბუნებრივია, ასეთი ინცი­დენტები თავიდან უნდა ავიცილოთ. გამოძიება ახლაც მიმდინარეობს, პროკურატურის ნაცვლად საქმეს ჩვენ ვერ გამოვიძიებთ.

- დასასრულ, პარლამენტის მომავალ თავმჯდომარედ მოიაზრებით.

- ეს სწორი ფორმულირება არ არის და ამის საფუძველიც არ არსებობს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით