"დავით კოღუაშვილი პარტიულ სიაში არ იქნება" - კვირის პალიტრა

"დავით კოღუაშვილი პარტიულ სიაში არ იქნება"

"ერთი პროცენტითაც არ ვუშვებ იმას, რომ არ დამასახელებენ..."

გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას "ქართული ოცნების" ახალი სახეები გააცნო. ვინ მოხვდა და ვინ დარჩა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის გარეთ, "კვირის პალიტრას" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ესაუბრა.

- კარგი ტენდენციაა, როცა ახალგაზრდები მოდიან პოლიტიკაში. მით უფრო, რომ მათ დასავლური განათლება აქვთ. სიმართლე გითხრათ, განათლებული და დიპლომიანი ადამიანების პრობლემა არასდროს გვქონია. მართალია, მე მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ამით ძალიან ვამაყობ.

- ჩვენი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პარტიულ სიაში ახალ სახეებს მოწინავე ადგილი უკავიათ...

- სიის კორექტირება აუცილებლად მოხდება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჯერ არავის დაუსახელებია მაჟორიტარი კანდიდატები. მალე გადაწყდება, რომელ საარჩევნო ოლქში რომელი კანდიდატის წარდგენა სჯობია. ამის შემდეგ სია შეიცვლება.

- კორექტირებაში იმას ხომ არ გულისხმობთ, რომ სიის საბოლოო ვარიანტი ბიძინა ივანიშვილთან უნდა შეთანხმდეს?

- ბატონი ბიძინა დღესაც "ქართული ოცნების" უპირობო ლიდერია. დღემდე ამ სიის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ დაინტერესდეს, ვინ არის შეყვანილი.

- ახალი სახეების წარდგენის შემდეგ ბევრს გაუჩნდა აზრი, რომ "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოების ნაწილის მიერ ოდიოზურ ფიგურებად მიჩნეული პოლიტიკოსები გადამალა...

- "ოცნებას" არავინ გადაუმალავს, ძველებიდან ბევრი მოხვდება საარჩევნო სიაში და მოწინავე ადგილსაც დაიკავებს.

- მაშინ ასე გკითხავთ, ვინ ვერ მოხვდება საარჩევნო სიაში?

- თამაზ მეჭიაური, ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე და კიდევ არაერთი ცნობილი ფიგურა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის სიებში იქნებიან და შესაბამისად, "ქართულ ოცნებაში" აღარ მოიაზრებიან.

- უკვე შედგენილ სიაში წერია თუ არა დავით კოღუაშვილი?

- დავით კოღუაშვილი არის პოლიტსაბჭოს წევრი, მაგრამ ახალ სახეებში არ იყო წარმოდგენილი, ვფიქრობ, პარტიულ სიაში არ იქნება.

- ეკა ბესელია, მანანა კობახიძე, გია ვოლსკი, სოსო ჯაჭვლიანი და სხვები ისევ მოხვდებიან საარჩევნო სიაში?

- მხოლოდ გია ვოლსკიზე შემიძლია ვთქვა, რომ სიაში იქნება. არც სხვა დანარჩენების სიაში აღმოჩენა გამიკვირდება.

- თქვენ იქნებით სიაში?

- მიმდინარეობს კვლევა, თუ ვინ იყრის კენჭს ვანი-ხონის გაერთიანებულ ოლქში. "ქართული ოცნება" მე და კიდევ ერთ კანდიდატს განიხილავს. დარწმუნებული ვარ, შედეგი ჩემს უპირატესობას წარმოაჩენს. ცხადია, თუ მაჟორიტარ კანდიდატად დამასახელებენ, პარტიულ სიაშიც რომელიღაც ადგილს დავიკავებ.

- რატომ ფიქრობთ, რომ სხვა კანდიდატთან შედარებით უპირატესობა გაქვთ?

- ვანში კონკურენციას ვერ გამიწევს ისეთი კანდიდატი, რომელსაც ამ რაიონთან არაფერი აკავშირებს. მე ვანში დავიბადე და გავიზარდე. ვანელები მომსწრენი არიან იმისა, რომ როცა უსამართლობაზე ბევრი ხმას ვერ იღებდა, მე ვიბრძოდი. ჩემი კონკურენტი იქნება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი პაატა ლეჟავა, რომელიც თავის დროზე სულიკო ასათიანის ოჯახის დატერორებაში მონაწილეობდა. ეს ინფორმაცია პირველმა მე გავაჟღერე. ჩემი აზრით, სამარცხვინო ფაქტი მოხდა, რომ 2012 წლის არჩევნებში "ნაციონალების" კანდიდატმა პაატა ლეჟავამ გაიმარჯვა. მართალია, მათ ამისთვის მაშინ სახელისუფლებო რესურსიც გამოიყენეს, მაგრამ არც "ქართულ ოცნებას" შეურჩევია ისეთი კანდიდატი, რომელიც ლეჟავას დაუპირისპირდებოდა. მაშინ მე რომ მეყარა კენჭი, აუცილებლად მოვიგებდი.

- და მაინც, თუკი "ქართული ოცნება" მაჟორიტარ კანდიდატად არ დაგასახელებთ, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში დამოუკიდებლად იყრით კენჭს?

- ერთი პროცენტითაც არ ვუშვებ იმას, რომ არ დამასახელებენ... თუნდაც იმიტომ, რომ ამ რაიონში არაერთი პროექტი მთავრობის ხელშეწყობით წარმატებით განვახორციელე. ჯერ კიდევ 2011 წლიდან ვაპროტესტებდი იმას, რომ "ნაციონალებმა" სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლა გააუქმეს, 2013 წელს სკოლა ისევ გავხსენით, ასევე სოფელ ზედა ვანში ევროპული დონის თანამედროვე სკოლა, ვანის ცენტრში კი თანამედროვედ აღჭურვილი საავადმყოფო გავხსენით.