"პატარაძე აჭარისთვის ხაბაძე-2 იქნება"
18-07-2016
"პატარაძე აჭარისთვის ხაბაძე-2 იქნება"
"ვიღაცას პატარაძის თვალები მოეწონა და უვარგის კადრს ნახევარმილიონიან რეგიონს სთავაზობენ"

აჭარაში ცვლილებებს ბათუმის მაჟორიტარი მურმან დუმბაძე ნეგატიურად აფასებს:

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ზურაბ პატარაძის წარდგენა არასწორად მოხდა - პრეზიდენტმა კონსტიტუც­იური თამაში გაითამაშა. ხაბაძის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტს ახალი კანდიდატურა უნდა წამოეყენებინა. თუმცა პროცესები ისე წარიმართა, თითქოს პრეზიდენტმა ხაბაძის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ანუ ხაბაძემ გააგრძელა მუშაობა და პრეზიდენტმა ის თავად გადააყენა.
გიორგი მარგველაშვილმა ისიც ვერ გარისკა, რომ პატარაძის კანდიდატურა
თავიდანვე უმაღლეს საბჭოზე დაეყენებინა - მმართველი გუნდი ფიქრობდა, რომ ის 11 ხმის მოგროვებას ვერ შეძლებდა.

- ფაქტია, რომ პატარაძემ 12 ხმის მოგროვება შეძლო და დღეს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელია. ფიქრობთ, რომ მისი არჩევით აჭარაში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება?

- პრეზიდენტმა მის არჩევამდე ფრაქციებთან კონსულტაციები გამართა, არადა, თუ
პატარაძის რწმუნებულად დანიშვნას აპირებდა, მსგავსი კონსულტაციების ვალდებულება, უბრალოდ, არ ჰქონდა. რეალურად, მარგველაშვილი აბსოლუტურად უფუნქციოა - პატარაძის აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად დანიშვნის გადაწყვეტილება კი ვიღაცის კაბინეტში დაიბადა, თანაც მას აჭარასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ აქ დაიბადა, დაბადება კი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატის შერჩევაში საკმარისი პირობა არ არის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ - ვიღაცას პატარაძის თვალები მოეწონა და უვარგის კადრს ნახევარმილიონიან რეგიონს სთავაზობენ. ამ ყველაფრის შედეგს კი სულ მალე, ოქტომბრის არჩევნებზე ვიხილავთ. პროცესმა "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მანკიერება გამოავლინა - აჭარაში შევარდნაძისა და სააკაშვილის მეთოდებით თავმჯდომარის დანიშვნა დღესაც გრძელდება, რასაც დემოკრატიასთან არავითარი კავშირი არა აქვს. მეტიც, პატარაძე არც "ქართული ოცნების" და არც მმართველი გუნდის წარმომადგენელი არ არის. მეჩვენება, რომ
ის და მისი სამეგობრო 2012 წლამდე "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. პოლიტიკურ გამოცდილებას თავი რომ დავანებოთ, მისი ბიოგრაფ­იაც არაფერს გვაძლევს, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე განვიხილოთ.

- და რატომ ფიქრობთ, რომ წინასაარჩევნოდ პრეზიდენტი ან მმართველი გუნდი არჩევანს სუსტ კანდიდატზე გააკეთებდა?

- პატარაძის ბიოგრაფიაში არ არსებობს ნაწილი, რომელიც დაგვანახებს, რომ ამ თანამდებობას შეეფერება. მართალია, დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა, თუმცა ვიმეორებ, "ნაციონალების" მხარდამჭერად ითვლებოდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ აჭარის განვითარების ხედვა არ გააჩნია. ის ასლან აბაშიძის დროს ქობულეთში პოლიციელად საკმაოდ დაბალ თანამდებობაზე მუშაობდა, საიდანაც ასევე დაბალ თანამდებობაზე საბაჟო სამსახურში გადაინაცვლა, მერე კი ყველასთვის მოულოდნელად საგარეო საქმეთა სამინისტროში პასპორტების განყოფილებაში აღმოჩნდა. სააკაშვილის მმართველობისას ვარშალომიძეს დაუახლოვდა და დიპლომატიაში კარიერა გაიკვალა. პატარაძე აჭარისთვის ხაბაძე-2 იქნება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით