"ბათუმელობასა და აჭარლობაში დუმბაძე ვერ გამეჯიბრება" - კვირის პალიტრა

"ბათუმელობასა და აჭარლობაში დუმბაძე ვერ გამეჯიბრება"

საკადრო მიმართულებით რადიკალურ ცვლილებებს არ ვგეგმავ - ამ ეტაპზე, უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერის შემთხვევაში, ორი მინისტრი - ეკონომიკისა და ფინანსთა, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრი შეიცვლება

აჭარის მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე 12 ხმით აირჩია. მართალია, კენჭისყრაში 9 დეპუტატი არ მონაწილეობდა, მაგრამ კანდიდატის ასარჩევად 11 ხმაც საკმარისი გახლდათ. რა კავშირი აქვს აჭარასთან მთავრობის ახალ თავმჯდომარეს და როგორ აპირებს ის რეგიონში არსებული პოლიტიკური სირთულეების გადალახვას, "კვირის პალიტრასთან" ზურაბ პატარაძე საუბრობს:

- ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, უნივერსიტეტში სწავლაც ჯერ თბილისში, შემდეგ კი ბათუმში გავაგრძელე. ჩემი კარიერული წინსვლაც სწორედ ბათუმს უკავშირდება. თავდაპირველად, ერთ-ერთ ბანკში დავიწყე მუშაობა, მოგვიანებით, შს სამინისტროში... 2000 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გახლდით. წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიური მისიით ვმუშაობდი, მათ შორის, რუსეთის, შვეიცარიის, სალონიკის, სტამბოლის საელჩოებში. ბოლო სამი წელი კი, ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ვიყავი.

- თავადვე აღნიშნავთ, რომ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ძირითადად, საზღვარგარეთ მუშაობა გიწევდათ. აჭარის პრობლემებს რამდენად იცნობთ?

- აჭარასთან კონტაქტი არასდროს გამიწყვეტია. ხშირად ჩამოვდიოდი მშობლიურ რეგიონში და პროცესებს ინტენსიურად ვეცნობოდი. მეტიც, დიპლომატიური სამსახური მეხმარებოდა რეგიონისთვის ინვესტორები მომეზიდა, ხშირად ვხვდებოდი მოსახლეობასაც და თითოეულ წვრილმანზე ინფორმაციას ვიღებდი. ასე რომ, გადაჭარბებულია იმაზე ლაპარაკი, რომ რეგიონის პრობლემებს არ ვიცნობ. პირიქით, უკვე მაქვს შემუშავებული ამოცანები, როგორ უნდა განვავითაროთ ბათუმი და სრულიად რეგიონი. პირველ რიგში, ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტორი მოვიზიდო. აუცილებელია ინოვაციური მიმართულებითაც განვვითარდეთ, ტურიზმი და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კი ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. დიდი გეგმები მაქვს სოფლის მეურნეობაში ახალი პროექტების დანერგვის კუთხითაც. ჩვენი გუნდის მუშაობა მოქალაქეებზე იქნება ორიენტირებული. უახლოეს დღეებში ახალ მინისტრთა კაბინეტსაც დავამტკიცებთ. დარწმუნებული ვარ, მალე აჭარის მოსახლეობა ჩვენი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგებს საკუთარ ყოფაზე გამოცდის.

- საკადრო ცვლილებებს არ გეგმავთ?

- რადიკალურ ცვლილებებს არ ვგეგმავ - ამ ეტაპზე, უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერის შემთხვევაში, ორი მინისტრი - ეკონომიკისა და ფინანსთა, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრი შეიცვლება.

- სანამ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელად აგირჩევდნენ, ვისთან გქონდათ კონსულტაციები?

- საქართველოს მთავრობის გუნდის წევრი ვარ, შესაბამისად, კონსულტაციები პრემიერთან მქონდა, მასთან ერთად რამდენიმე წელია ვმუშაობ. გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. ვფიქრობ, ის მხარს დაუჭერს პროექტებს, რომლებსაც აჭარაში განვახორციელებთ. პრეზიდენტის როლზეც უნდა აღვნიშნო - მადლობა მას ნდობის გამოცხადებისთვის.

- აჭარა პოლიტიკურადაც ერთ-ერთი რთულად სამართავი რეგიონი აღმოჩნდა ცენტრალური ხელისუფლებისთვის - ფიქრობთ, რომ ვითარების სტაბილიზებას ამ მხრივაც მოახერხებთ?

- ამ მხრივ უკვე გვაქვს გარკვეული წარმატებები - ჩემს კანდიდატურას უმაღლესი საბჭოს თორმეტმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამასთან, თუ წინა არჩევნებს გავაანალიზებთ, როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობამ "ქართულ ოცნებას" დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა. დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომბერსაც ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.

- ანუ წინასაარჩევნო პროცესში თქვენც ჩაერთვებით?

- პირველ რიგში, რეგიონის მართვაში ჩავებმები - პირველადი ამოცანა ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებაა. კარგად ვიცნობ მაღალმთიანი რაიონების პრობლემებსაც და არაერთი გეგმა მაქვს...

- თუ გაქვთ ინფორმაცია, რატომ შეიცვალა წინასაარჩევნოდ არჩილ ხაბაძე?

- ბატონი არჩილი ჩვენი გუნდის წევრად რჩება. დარწმუნებული ვარ, ის მთელ ენერგიასა და ცოდნას რეგიონის განვითარებას მოახმარს.

- განსაკუთრებით მიუღებელი კანდიდატი აღმოჩნდით ოპოზიციისთვის. როგორც მურმან დუმბაძემ აღნიშნა, წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერიც იყავით.

- მურმან დუმბაძისგან მსგავსი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, ეს ჩემთვისაც არ არის სიახლე, თუმცა ჩემი კუთხის სიყვარულში, ბათუმელობასა და ზოგადად აჭარლობაში ის ნამდვილად ვერ გამეჯიბრება. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, თავადაც იამაყებს იმ მნიშვნელოვანი სიახლეებით, რაც აჭარას ელოდება.

რუსუდან შელია