ოს სეპარატისტთა "ეროვნული ამოცანა"
25-07-2016
ოს სეპარატისტთა "ეროვნული ამოცანა"
2008 წლის ომის შემდეგ, შიდა ქართლის 650 კულტურის ძეგლს რუსული საინფორმაციო საშუალებები ოსური კულტურის ძეგლებად აცხადებდნენ

ქართველებმა, ფაქტობრივად, არ ვიცით, რას წერენ, რას ფიქრობენ ქართული მიწა-წყლის მიმტაცებელი ოსები. ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო და ძირძველი ქართული ტერიტორიით (რომელსაც სამხრეთი ოსეთი უწოდეს და რომელსაც ახლახან ალანიას, ხან სარმატიასა და ამიერკავკასიის დვალეთსაც უწოდებენ) არ კმაყოფილდებიან და კიდევ ახალი ტერიტორიების დაპყრობა და მითვისება აქვთ გადაწყვეტილი.

მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს: კიდევ რომელ ტერიტორიებზე აქვთ პრეტენზია, კიდევ
რომელი ტერიტორიების ოკუპაცია აქვთ ჩაფიქრებულიო. საქმეში ჩახედული იტყვის, ეს ტერიტორია, ალბათ, თერგის ხეობის სათავეა, რომელიც ყაზბეგის რაიონში შედის, რადგან შეიძლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შემდეგ მათი ე.წ. პრეზიდენტის, კოკოითის­ განცხადება­ გაახსენდათ, რომ, თურმე, თრუსო სამხრეთ ოსეთის განუყოფელი ნაწილია და ახლა ჯერი ამ რეგი­ონის შეერთებაზეაო. არა,
მკითხველი ნამ­დვილად შეცდება, რადგან თქვენ წინაშეა "მომავალი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის - ალანიის რუკა, რომელსაც ბეჭდავენ ცხინვალში გამომავალ გაზეთებში. მაგალითად, გაზეთში "РЕСПУБЛИКА", #11-12, თებერვალი, 2016 წ. "მომავალი" სამხრეთ ოსეთის რუკა მოთავსებულია სტატიასთან, რომლის სათაურია: "Возвращение утраченных национальных територий - наша обязанность перед прошлым и будущим Алании" ("დაკარგული ნაციონალური ტერიტორიების დაბრუნება - ალანიის წარსულისა და მომავლის წინაშე ჩვენი ვალდებულებაა").

რომელია "ოსთა მიერ დაკარგული ნაციონალური ტერიტორიები"? ეს ყოფილა შიდა ქართლის მთელი მტკვრის მარცხენა­ სანაპირო, არაგვის მარჯვენა სანაპირო (დუშეთის რაიონის ტერიტორიის დიდი ნაწილი), მთელი ყაზბეგის რაიონი (თრუსო,­ ხევი). შიდა ქართლის - გორის, ქარელის, კასპის და მცხეთის რაიონების დიდი ნაწილი თურმე ოსების ძირძველი ტერიტორიები ყოფილა.
სამხრეთ ოსეთ-ალანიის რუკა გვამცნობს, რომ ახალშექმნილი სახელმწიფოს უკიდურესი სამხრეთი საზღვარი თბილისს იქნება მობჯენილი და ეს საზღვარი მუხათგვერდის ქედი ყოფილა. რუკის თანახმად, ისინი გაფართოებას კუდაროს დასავლეთით, რაჭის მიმართულებითაც გეგმავენ.

საქართველოს დაუძინებელი მტრები თავიანთ ვალდებულებად მიიჩნევენ, "დაიბრუნონ დაკარგული ნაციონალური ტერიტორიები". მასში კი აუცილებლად მცხეთას გულისხმობენ. ასე რომ, ჯვრისა და სვეტიცხოვლის "დაბრუნებასაც" ლამობენ. იმ სვეტიცხოვლისა, რომლის ნამდვილი სახელწოდება თურმე "ოსთცხოველი" ყოფილა.

თურმე 1922 წლამდე თრუსოსა და ღუდის ხეობები და კობის ქვაბული სწორედ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებად მიიჩნეოდა. ოსეთის ტერიტორიის გარეთ დარჩენილა ოსთა განსახლების ადგილები მეზობელი დუშეთის რაიონში, რომელიც თბილისელი საბჭოთა კარტოგრაფების ხელით ქართულ რაიონებში აღმოჩენილა.

სტატიის ავტორი მკითხველს მოძ­ღვრავს,­ რომ ოსებს სჭირდებათ ნაცი­ონალური­ იდეოლოგია, რათა შეინარჩუნონ თავი - ისინი ხომ ლაპარაკობენ და წერენ თავიანთ ენაზე, აქვთ თავიანთი რელიგია და კულტურა და ნაციონალური ტერიტორია. მაგრამ ნაციონალური განვითარებისთვის, ისევე როგორც ყველა ნაციას, ოსებსაც სჭირდებათ ეთნიკური სივრცე. აქვე არ არის საქართველოს ძირძველი ტერიტორიები? ისტორიის გასაყალბებლად, მითოლოგემების შესაქმნელად კი მზად არიან საბჭოთა თუ რუსეთის უშიშროების სამსახურში გამოზრდილი ე.წ. მეცნიერები. დღეს ეს "იდეოლოგები" ჩასძახიან საკუთარ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ უნდა დაიბრუნონ ნაციონალური ტერიტორიები - კი მაგრამ, თუ ებრაელებმა შეძლეს ეს საუკუნეების შემდეგ, რატომ ოსებმა ვერ უნდა შეძლონ! თუკი ყოველ ახალ წელს სომხები აუცილებლად შესვამენ სადღეგრძელოს, რომ მომავალ ახალი წლის დღესასწაულს არარატის მთის ძირში შეხვდნენ, რატომ ოსებმა არ უნდა თქვან მსგავსი სადღეგრძელო, რომ მომდევნო ახალ წელს "ძირძველ ოსურ ტერიტორიებზე" შეხვდნენ? სტატიის ავტორი მოძღვრავს თავის ხალხს, რომ ოსების ნაციონალური იდეის საფუძვლად უნდა იქცეს იმ მიწების ზრდა-შესისხლხორცება და შენარჩუნება, სადაც უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ოსი ხალხის ცენტრალური ბირთვი.


საქართველოში ანტიოსური ისტერია, თურმე, გრძელდება და ოსმა ისტორიკოსებმა რამდენადმე დაიგვიანეს. საამისო მაგალითად ის არის მოყვანილი, რომ უფროსი თაობის ოსებმა არაფერი იციან იმის შესახებ, რომ ალან-ოსების მიწა მცხეთამდე იყო გადაჭიმული. ისტორიის უცოდინარობის შედეგი ყოფილა ის, რომ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი ცხინვალი არა ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში აღმოჩნდა, არამედ მის განაპირას.

გაზეთი "РЕСПУБЛИКА" წლების განმავლობაში ქადაგებს ისტორიული რეინტეგრაციის(?) აუცილებლობას "ძირძველი ოსური ტერიტორიებისა", რომლებიც "ბედის უკუღმართობით", საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდა. რუკაზე შემოსაზღვრული ტერიტორიები ოსებმა ძალიან ჩქარა უნდა "დაიბრუნონ" - მანამ, სანამ­ დიდ რუსეთს შეუერთდებიან, რადგან რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ამის გაკეთება ბევრად ძნელი იქნება. ეს ტერიტორიები, ძვირფასო ქართველო მკითხველო, შიდა ქართლის მთელი გამ­ოღმა მხარეა, არაგვის ხეობის დაბლობი, მთისწინეთი და მთიანეთია (ჭართალი, ხანდო-მთიულეთი, ხევი). სვეტიცხოველსა და ჯვართან ერთად, ოსების უნდა გახდეს ანანურის ტაძარიც, სამთავისიც, ბოდორნაც...

და კიდევ ერთი რამ. ცოტა ხნის წინ ვლადიკავკაზიდან ერთმა კოლეგამ ჩამოიტანა რუსეთის ალანიის ეპარქიის ჟურნა­ლი და ბუკლეტი, რომლებშიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ალანიის ეპარქიის შემადგენელ ნაწილად არის განხილული და აქაური ქართული კულტურის ძეგლები, მაგალითად, დორეთკარის ეკლესიის ფრესკა, ოსური კულტურის ნიმუშებადაა გამოცხადებული. მეტიც, 2008 წლის ომის შემდეგ, შიდა ქართლის 650 კულტურის ძეგლს ოსური კულტურის ძეგლებად აცხადებდნენ რუსული საინფორმაციო საშუალებები.
ბოლოს ერთი კითხვა უნდა დავსვა: საქართველოს უშიშროების სამსახურებმა იციან თუ არა რამე ოსურ-რუსული გეგმების შესახებ?

"ოსურ საოცრებად" გასაღებული ქართული შედევრი


გაზეთ "РЕС­ПУ­Б­ЛИКА"-ს აქვს პროექტი "სამხრეთ ოსეთის შვიდი საოცრება". ერთ-ერთ "ოსურ საოცრებად" თირის მონასტერია დასახ­ე­ლებული(!) - "სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდე".

როლანდ თოფჩიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
nana
05 აგვისტო 2016 02:08
ამათ ნეტა ჭკუის დამრიგებელიც ასეთი უტვინო ჰყავთ?
ნეტა რამე მაინც შეეძლოთ რუსეთის გარეშე.
ახლა თავს ირთობენ ალბათ- სხვა საქმე არ აქვთ და...
ზურა
04 აგვისტო 2016 00:36
აუ, რა მაგარი ფანტაზია აქვთ.

რედაქტორის რჩევით