პროკურატურა: "ინტერპოლი დარწმუნდება, რომ გიორგაძე კრიმინალია" - კვირის პალიტრა

პროკურატურა: "ინტერპოლი დარწმუნდება, რომ გიორგაძე კრიმინალია"

"ეს დაახლოებით იგივეა, ბინ ლადენი ამოიღო წითელი ცირკულარიდან, ის ამერიკაში ჩავიდეს და საქმიანობა დაიწყოს"

"თუ გიორგაძე ქვეყანაში შემოვა, დააკავებენ!"

ინტერპოლმა უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა. ის 21 წელია წითელი ცირკულარით იძებნება 1995 წლის 29 აგვისტოს პრეზიდენტ შევარდნაძეზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით.

გიორგაძე თავს პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს და მიესალმება ინტერპოლის გადაწყვეტილებას. ამბობს, რომ ქართული სასამართლოს ვერდიქტს ელოდება და შემდეგ საქართველოში დაბრუნდება... პროკურატურაში აცხადებენ, რომ ინტერპოლს ქართული მხარისთვის მტკიცებულებების წარდგენა არ მოუთხოვია, ისე მიიღო გადაწყვეტილება.

ირაკლი ჩილინგარაშვილი, მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი: - ჩვენ დავუკავშირდით ინტერპოლის ეროვნულ სამდივნოს და არგუმენტები წარვუდგინეთ. მალე მივაწვდით მტკიცებულებებს და ინტერპოლი დარწმუნდება, რომ გიორგაძე ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელსაც ბრალად ედება ტერორისტული აქტის ორგანიზება. არ შეიძლებოდა ასე ხელაღებით ძებნის შეწყვეტა.

- სასამართლოში ახლა განიხილება გიორგაძის საქმე და 21 წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის დაუსწრებლად ასამართლებენ. სად იყო აქამდე პროკურატურა?

- ვინაიდან ის ძებნილი იყო, ძველი კანონმდებლობით, სანამ არ დააკავებდნენ, ვერ წარიმართებოდა საქმე სასამართლოში. ახლა კი კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, დაუსწრებლად გასამართლდეს და მიესაჯოს სასჯელი.

- ეს კანონი წლებია მოქმედებს და არაერთ ძებნილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი...

- როცა დავრწმუნდით, რომ საქმეში სრულად იყო მტკიცებულებები მისი ბრალეულობისა, საქმე სასამართლოს გადავეცით.

გიორგაძეს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი. ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც, პირი, რომელიც სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით, საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას ექვემდებარება. რომ მოემართათ ჩვენთვის, დავასაბუთებდით ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობას.

- თუ გიორგაძე საქართველოში შემოვა, დააკავებთ?

- ის ძებნილია, მხილებულია დანაშაულებში და თუ ქვეყანაში შემოვა, დააკავებენ.

გაგი მოსიაშვილი, იგორ გიორგაძის ადვოკატი: - წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ იგორ გიორგაძე აღარ იძებნება. ადგილობრივ დონეზე არ არის ძებნა შეწყვეტილი. შესაბამისად, თუ საქართველოში ჩამოვიდა, ქართულ მხარეს ექნება სამართლებრივი რეაგირება. სანამ სასამართლო ობიექტურად არ განიხილავს საქმეს, მისი ჩამოსვლა არ იქნება მიზანშეწონილი. არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ადასტურებს მის ბრალეულობას, დაწყებული ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმით, დამთავრებული გახმაურებული მკვლელობებით, რაც დღეს ბრალად აქვს წარდგენილი...

თუ სამართლიანად განიხილავენ, იგორ გიორგაძის უდანაშაულობის დადასტურება გარანტირებულია. ინტერპოლს თავად მივმართეთ გიორგაძისთვის ძებნილის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით. აშკარაა, რომ სახეზეა პოლიტიკური დევნა და დისკრიმინაცია. ინტერპოლის სამდივნომ საკითხი ობიექტურად და სიღრმისეულად შეისწავლა და გადაწყვიტა ძებნის შეწყვეტა... გიორგაძეს ბრალი აქვს წარდგენილი 90-იან წლებში მომხდარ და გაუხსნელ საქმეებში, მათ შორის პრეზიდენტ შევარდნაძეზე თავდასხმაში, ხაბეიშვილის საქმესა და გია ჭანტურიას მკვლელობაში. თუმცა, ჯერჯერობით, სასამართლოს არავითარი განაჩენი არ გამოუტანია. საქმის მასალებით ჩანს, რომ ამ პერიოდში გიგლა აგულაშვილი და კობა ნარჩემაშვილი არიან საგამოძიებო მოქმედებების განმხორციელებლები, თუმცა ისინი ბრალდების მხარეს დასაკითხ პირთა სიაში არ შეუყვანია. სავარაუდოდ, არც დაჰკითხავენ, თუმცა დღეს არა აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოზიცია ეკავა მაშინ ან უკავია დღეს. მთავარია, თუნდაც მათ მიერ გამოძიების პროცესში მოპოვებული ინფორმაციით, არ დასტურდება იგორ გიორგაძის ბრალეულობა...

გიორგაძისთვის ძებნილის სტატუსის მოხსნას აპროტესტებენ ედპ-ის წევრები. გიორგი ჭანტურიას მეგობარი გოგა გოგნიაშვილი დარწმუნებულია, რომ ჭანტურიას მკვლელობის ორგანიზატორი იგორ გიორგაძე იყო:

- გია ჭანტურიას ტერაქტის ორგანიზატორად გიორგაძე იყო მხილებული. სამხილები არსებობდა და რომ მოიძიოთ ეს საქმე, მაშინდელ სისხლის სამართლის საქმეში იპოვით. არ ვიცი, რითი ხელმძღვანელობდა ინტერპოლი, მაგრამ ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება, რომ ტერორისტი ამოიღო წითელი ცირკულარიდან. ეს ჩემთვის დაახლოებით იგივეა, ბინ ლადენი ამოიღო წითელი ცირკულარიდან, ის ამერიკაში ჩავიდეს და საქმიანობა დაიწყოს.

გიორგაძე არის ჩვეულებრივი ტერორისტი, მხილებული დანაშაულებში, ის კა-გე-ბეს გენერალია და რუსული სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა. დღეს ლაპარაკია მის საქართველოში დაბრუნებაზე და იმაზე, რომ სასამართლომ მას ბრალდება უნდა მოუხსნას. ვაცხადებ, ეს სამარცხვინო იქნება ყველა ხელისუფლებისთვის.

გიორგაძემ პასუხი უნდა აგოს. გიორგი ჭანტურიას მკვლელობასთან ერთად, ის ხაბეიშვილის საქმეშიც ფიგურირებდა, მერე იყო შევარდნაძეზე თავდასხმა და მხოლოდ ამის შემდეგ აღიძრა გიორგაძის წინააღმდეგ საქმე. როგორც მახსოვს, ასევე ამხელდნენ გია გულუას მკვლელობაშიც. იგი შევარდნაძის ტერაქტის დღესვე გაფრინდა მოსკოვში და მას მერე არ გამოჩენილა. სირცხვილია, როცა ისმენ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძისგან, რომ იგორ გიორგაძე თურმე არაჩვეულებრივი კაცია და შეუძლია, სამშობლოში დაბრუნდეს. მას შემდეგ, რაც მის ნათქვამს ხმაური მოჰყვა, ფოფხაძემ გადათქვა, სიტყვა "არაჩვეულებრივი" არ მითქვამსო, თუმცა დასძინა, ეს კაცი უნდა დაბრუნდეს ისე, როგორც დაბრუნდა ლევან ვარშალომიძეო".

წარსული ბრალს სდებს...

სოლიკო ხაბეიშვილი 1995 წლის 20 ივნისს მოკლეს. იმ საბედისწერო დღეს იგი საკუთარი ბინიდან გამოვიდა, მაშინ ხაბეიშვილი საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი იყო. ხაბეიშვილი სამსახურებრივ მანქანაში ჯდებოდა, როცა რამდენიმე ნიღბიანი პირი ზურგიდან მიეპარა და მოკლა. ამ ფაქტს ხაბეიშვილის მძღოლიც შეეწირა. მან დაინახა, დაქირავებული კილერები როგორ ესროდნენ და დაიყვირა, რას სჩადიხართ, ვის კლავთო. მის ამ სიტყვებს ტყვიის ჯერი მიჰყვა, ისიც იქვე მოკლეს.

უფრო ადრე იყო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გია ჭანტურიას მკვლელობა. 1994 წლის 3 დეკემბერს მას და ირინა სარიშვილს საკუთარ სადარბაზოსთან ცეცხლი გაუხსნეს. მანქანის საჭესთან გია ჭანტურია იჯდა. ჭანტურიას მკვლელობისთვის მაშინ მხედრიონელები გაასამართლეს, თუმცა მკვლელობის შემკვეთად და ორგანიზატორად იგორ გიორგაძე სახელდებოდა.

რაც შეეხება შს მინისტრის მოადგილე გია გულუაზე განხორციელებულ ტერაქტს, ეს დანაშაული 1994 წლის 19 აპრილს ნუცუბიძის პლატოზე, გულუას საცხოვრებელ სახლთან ახლოს დღისით მოხდა. ის და მისი თანამშრომლები მაშინ ჩაცხრილეს. ამ საქმეზე რამდენიმე პირი მიეცა პასუხისგებაში და ითქვა, რომ მკვლელობა მაშველთა კორპუსმა დაგეგმა... ერთ-ერთ ვერსიად კი ამ დანაშაულის ორგანიზატორად იგორ გიორგაძე სახელდებოდა.

თეა ხურცილავა