"საჯარო სამსახური დასაქმების სააგენტო არ არის"
25-07-2016
"საჯარო სამსახური დასაქმების სააგენტო არ არის"
პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" სამინისტროების შეკვეცის ინიციატივით გამოდის­ - პარტიის განცხადებით, 19 სამინისტროს ნაცვლად, 7-იც საკმარისია, რათა სახელმწიფოს მუშაობა ეფექტური გახდეს. "კვირის პალიტრას" "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ესაუბრა:

- ისეთ მცირებიუჯეტიან ქვეყანას, როგორიც საქართველოა, 19 სამინისტრო,­ პლუს პრემიერ-მინისტრი, არ სჭირდება.­ ეს "ნაცმოძრაობის" დროს დაინერგა და მის შესაცვლელად რესურსი არც "ქართულ ოცნებას" აღმოაჩნდა. ქვეყნის ეფექტურად მართვისთვის 7 სამინისტრო, პლუს პრემიერ-მინისტრის აპარატი, საკმარისია. რა საჭიროა ცალ-ცალკე ევრ­ოინტეგრაციის ან დიასპორის სამინისტ­როები, როცა საგარეო საქმეთა­
სამინისტროს შემადგენლობაშიც საკმარისი იქნებოდა. ან რა საჭიროა ცალკე ფინანსთა, ენერგეტიკის ან ინფრასტრუქტურის სამინისტროები, როცა მათი ერთ სივრცეში­ მოქცევაც შესაძლებელია?!

- წინასაარჩევნოდ თქვენი ინიციატივა, პირველ რიგში, საჯარო სექტორში დასაქმებულ უამრავ ადამიანს გააღიზიანებს. რას სთავაზობთ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებს?

- რაც
უნდა არაპოპულარული გზავნილი იყოს "გირჩის" ინიციატივა, ბიუროკრატია უნდა დასრულდეს! რამდენი წელი უნდა ვყაროთ მილიონები წყალში? დამოუკიდებელი სამინისტრო ყოველ წელს ბიუჯეტიდან უფრო და უფრო მეტ ფულს ითხოვს და ბიუროკრატია წლიდან წლამდე­ იზრდება. საჯარო სამსახური დასაქმების სააგენტო არ არის. მაშინ 3,7 მილიონი ადამიანი საჯარო სამსახურში­ გავაფორმოთ. ამას ვერც ერთი სახელმწიფოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს. გაბერილი შტატ­ები, პირველ რიგში, გაჭირვებულ მოსახლეობას აზარალებს, რადგან მის გადახდილ გადასახადებს­ ბიუროკრატია ჭამს. მეტიც, უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო სამსახურებში არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ყავას სვამენ ან სიგარეტს ეწევიან და სახელმწიფოსთვის არანაირ სიკეთეს არ ქმნიან.

- ხშირად აკრიტიკებთ პარტიებს, რომლებიც მოსახლეობას 300-ლარიან პენსიას ჰპირდებიან. თქვენ რას სთავაზობთ ამომრჩეველს, მხო­ლოდ იუმორნარევ საარჩევნო ვიდეორგოლებს, რომლებიც სოციალურ ქსელში ტრიალებს?

- პოლიტიკაში ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართულნი და პარტიებიც აქც­ენტს ასაკოვან ხალხზე აკეთებენ, მათ მოსატყუებლად არის 300-ლარიანი პენსიაც. პენსიების კოლოსალურად ზრდაზე ლაპარაკი მტკნარი სიცრუეა. ჩვენ არა გვაქვს სახელმწიფო დაფინანსება, არც ისეთი რესურსები, რომ თითოეულ ამომრჩეველს ხმა მედიასაშუალებებით მივაწვდინოთ. იმის გამო, რომ პანამის ოფშორებს კონკურენციას ვერ გავუწევთ, განსხვავებული საარჩევნო კამპანია დავგეგმეთ, თანაც ჩვენს მიზანს ახალგაზრდების გააქტიურება წარმოადგენს.

- და ამ მიზნით აწარმოებთ მოლაპარაკებას ედპ-სა და "ახალ მემარჯვენეებთან"?

- ვადასტურებ, რომ გიორგი ვაშაძესთან­ ერთად, კონსულტაციები გვაქვს ამ პარტიეთან, თუმცა ჯერ არ შევთანხმებულვართ - თუ კოალიციას შევქმნით, ერთნაირი ხედვების ადამიანები გვჭირდება. იმის გამო, რომ გვინდა, ახალ სახეებს პოლიტიკაში გზა გავუხსნათ, დასახელებული პარტიებისთვის ჯერ ხელი არ ჩამოგვირთმევია...

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით