"ნაციონალებმა" ტლიკინს ქვეყანა გადააყოლეს"
25-07-2016
"ნაციონალებმა" ტლიკინს ქვეყანა გადააყოლეს"
"ვხედავდი, რომ მაშინ ხელისუფლება გამოუსწორებელ შეცდომებს­ უშვებდა - ამის შესახებ სააკაშვილთანაც ხშირად მისაუბრია"

მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი სახე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი­ თავმჯდომარე კოტე კემულარია თითქმის ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდება, თუმცა პარტიასა და ლიდერსაც იცვლის - პაატა ბურჭულაძემ ის ფოთში­ მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. რას შეცვლის ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, მოძრაობა "სახელმწიფო­ ხალხისთვის" წევრი, კოტე კემულარია გვესაუბრება:

- 2007 წელს "ნაციონალური მოძრაობიდან" და ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლა­ გადავწყვიტე. წლების განმავლობაში საფ­რანგეთში ვცხოვრობდი და
ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ისევ ქართულ პოლ­იტ­იკაში დავბრუნდებოდი. გადამწყვეტი ფაქტორი ქვეყანაში არსებული გაუსაძლისი­ პოლიტიკური ვითარება აღმოჩნდა - ხელისუფლება უსუსურია, ყველა რეფორმა შეჩერდა და ხალხსაც ისევ უპერსპექტივობის განცდა ეუფლება. როდესაც ბატონმა პაატამ პოლიტიკაში დაბრუნება შემომთავაზა, დავთანხმდი.

- მმართველი გუნდი მუდმივად მიანი­შ­ნებს, რომ ბურჭულაძის პარტია "ნაციონალ­ური მოძრაობის" პოლიტიკურ
სატელიტს წარმოადგენს. არ ფიქრობთ, რომ თქვენი ამ პარტიაში გამოჩენა ეჭვს გააძლიერებს?

- "ნაციონალური მოძრაობა" პროტესტის ნიშნად დავტოვე. მას შემდეგ პარტიასთან ან მის ლიდერებთან კონტაქტი აღარ მქონია. ვხედავდი, რომ მაშინ ხელისუფლება გამოუსწორებელ შეცდომებს­ უშვებდა - ამის შესახებ სააკაშვილთანაც ხშირად მისაუბრია.
არ შეიძლება ხელისუფლება ახალგაზრდა, გამოუცდელ და გაუწონასწორებელ პირებს ჩააბარო, სააკაშვილმა­ კი ძალაუფლება ასეთებს,­ მათ შო­რის, ახალაიებსა და კეზერაშვილს გადაულოცა.­ მათი თვითნებობა მალევე გადაიზარდა სისტემურ დარღვევებში. როდესაც ამ ხალ­ხ­თან ბრძოლაში ვერაფერს გავხდი, გუნდი­ დავტოვე.

- ყოფილი თანაგუნდელები ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით ქურასბედიანის გოგირდის აბანოებში გასეირნების ფაქტს გახსენებენ. აცხადებენ, რომ სწორედ თქვენ, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, უზრუნველყავით ციხიდან "წრიპას" გოგირდის აბანოებში­ გადაყვანა, რასაც მოგვიანებით თქვენი თანამდებობაც შეეწირა. ისიც ითქვა, რომ "შავ ფულთან" გქონდათ კავშირი.
- სად არის ფაქტი? იქნებ წარმოადგინონ კონკრეტული მტკიცებულებები! თუ ეს ფაქტები ჰქონდათ, რატომ არ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე?

- როგორც ვიცი, კორუფციულ დანაშაულზე ოთხი სისხლის სამართლის საქმე იყო პროკურატურაში აღძრული.

- ამაზე ახლა საუბარი, როდესაც პოლიტიკაში დავბრუნდი, დაგვიანებულია. მოვალთ ხელისუფლებაში და დავსჯით იმ პირებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ. "ნაციონალებმა" ტლიკინს ქვეყანა გადააყოლეს, ამიტომ მათი ბრალდებები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით