პრეზიდენტის სიძის საქმე #... - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის სიძის საქმე #...

"რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მომავალში ანალოგიური ჩხრეკისას, პრეზიდენტის სიძეს რამეს "ჩაუდებენ"?!

"ახლა თავად პრეზიდენტს მოუწევს სათანადო არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა, რომ ჩხრეკა უკანონო იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დადასტურდება, რომ ის სახელმწიფო ინსტიტუტებს, კონკრეტულად კი შს სამინისტროს, მიზანმიმართულ დარტყმას აყენებს"

რა მოხდა 2016 წლის 28 ივნისს პრეზიდენტის სიძის სახლში - სანამ ამ კითხვაზე პროკურატურისგან ოფიციალურ პასუხს მოვისმენთ, პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის პოლემიკა გრძელდება. გიორგი მარგველაშვილი, სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ დაგეგმილ შანტაჟზე მიანიშნებს, "ქართული ოცნება" კი მას მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდებს. ვინ არის მინდია გოგოჭური, რა მიზნით გაჩხრიკეს დაახლოებით ერთი თვის წინ მეგობრებთან ერთად და რამდენად რეალურია ვერსია პოლიტიკურ შანტაჟზე, "კვირის პალიტრასთან" პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე საუბრობს:

- გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ოჯახის წევრზე განცხადება მხოლოდ ერთი მიზნით გააჟღერა - სურდა საზოგადოებისთვის შეექმნა განცდა, რომ ნებისმიერ მსგავს შემთხვევაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ და კითხვებზე პასუხი საჯაროდ მოვითხოვოთ.

ნაცვლად იმისა, მმართველი გუნდის წევრებს შესაძლო საფრთხეები გაეცნობიერებინათ, გაუგონარი განცხადებები მოვისმინეთ - თითქოს ვიღაც ტყუის, გადამეტებულ ინფორმაციას აჟღერებს, პროცესი გარე ძალებისგან იმართება და ა.შ. ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს და არა მაღალჩინოსნებმა თუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა.

- პროკურატურამ მინდია გოგოჭურთან ერთად მისი მეგობრებიც დაჰკითხა, დაიწყო გამოძიება, ვინ და რა ფორმით ჩაატარა პრეზიდენტის სიძის სახლში ჩხრეკა, თუმცა მანამდე გაუგებარი დარჩა - რა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით განაცხადა პრეზიდენტმა, რომ სიძის სახლში ჩხრეკას მის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდა?

- ჩხრეკის დეტალები ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა მინდია გოგოჭურის ადვოკატი მთელ რიგ პროცედურულ გადაცდომებზე საუბრობს. მაგალითად, გოგოჭური ექვსი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და როდესაც მან ადვოკატი მოითხოვა, მიიღო პასუხი - შენ თავი ევროპაში ხომ არ გგონია?! ეს ყველაფერი ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავებმა ზუსტად იცოდნენ, რომ პრეზიდენტის სიძის სახლში იმყოფებოდნენ.

- და თქვენ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრობა ინდულგენციაა?

- რა თქმა უნდა, არა. ოჯახის წევრობაზე ხაზს იმის გამო კი არ ვუსვამ, რომ პრეზიდენტი გაბრაზებულია, როგორ გაუბედეს მის ახლობელს გაჩხრეკა, თავად ფაქტი მეტყველებს ყველაფერზე - როდესაც პრეზიდენტის ოჯახის წევრმა ადვოკატი მოითხოვა, უპასუხეს, თავი ევროპაში ხომ არ ეგონა. იყო სხვა მინიშნებებიც, რომლებზეც ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ და გამოძიებისგან ველოდები პასუხებს. მინდია გოგოჭურს ღიად უთხრეს, ვიცით, ვინც ხარ და სწორედ ამიტომ გვაინტერესებს შენი პიროვნებაო... გაუგონარი იყო შს მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ თურმე მსგავსი ოპერატიული ჩხრეკა დღეში ათეულობით ტარდება. სასამართლოს ორდერის გარეშე ჩხრეკა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში ხორციელდება, ანუ როდესაც გამონაკლისი შემთხვევაა და ძალოვანებს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე არა აქვთ დრო, სასამართლოსგან ორდერი მოითხოვონ. თუ მინისტრის მოადგილე გვეუბნება, რომ ყოველდღიურად ათეულობით მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება, ეს ნიშნავს, რომ ათეულობით ადამიანის უფლებები ირღვევა.

- თუ პრეზიდენტი ამ საკითხზე საჯაროდ საუბარს აპირებდა, თანაც პოლიტიკურ კონტექსტში, რატომ არ გაახმაურა ერთი თვის წინ?

- ადმინისტრაციაში დიდხანს ვმსჯელობდით, რა ტიპის ღონისძიებასთან გვქონდა საქმე. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, პრეზიდენტს ინფორმაცია პრემიერისა და შს მინისტრისთვის მიეწოდებინა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ კი გიორგი მარგველაშვილმა თავი მოვალედ ჩათვალა, საჯაროდ ესაუბრა.

- თუ არსებობს ეჭვი, რომ ჩხრეკას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა, არ ფიქრობთ, რომ "სპეცოპერაცია" ბევრად ორგანიზებულად ჩატარდებოდა და სამართალდამცავები გოგოჭურის სახლიდან "ხელცარიელები" არ გამოვიდოდნენ?

- ამ წარმოსახვით მარჩიელობაში არ გადავალ, მაგრამ რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს გაფრთხილება იყო და მომავალში ანალოგიური ჩხრეკისას პრეზიდენტის სიძეს რამეს "ჩაუდებდნენ"?! ეს ფაქტი უკვე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, ახლა გამოძიებისგან ველოდებით პასუხს, რა მიზნით დაიგეგმა ჩხრეკა.

"პრეზიდენტი "ნაციონალების" სასარგებლოდ კეკლუცობს"

არჩილ გამზარდია, ექსპერტი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი თავადვე ვერ ხვდება, რა განცხადებებს აჟღერებს. მისი სიძის ჩხრეკის ფაქტზე პოლიტიკური კონტექსტის მიბმა აბსოლუტურად გაუაზრებელი განცხადება გახლდათ. მირჩევნია ვიფიქრო, რომ ეს გაუაზრებელი განცხადება იყო, ვიდრე პოლიტიკურად გათვლილი და მიზანმიმართული დარტყმა მარგველაშვილის მხრიდან. თუმცა, პრეზიდენტის განცხადება გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრას საეჭვოდ დაემთხვა და შეუძლებელია, პოლიტიკური კონტექსტი არ ვეძებოთ თავად ამ შეხვედრის შინაარსშიც.

- მიანიშნებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი გახდა?

- თუ ბოლო დროს მის მიერ გაჟღერებულ განცხადებებს გავაანალიზებთ, პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის" გზავნილებს ნამდვილად ახმოვანებს. თანაც საზოგადოება პრეზიდენტის რებუსებით დაიღალა - თუ მას თავიდანვე ჰქონდა ეჭვი, რომ ჩხრეკა პოლიტიკური შანტაჟისთვის დაიგეგმა, რატომ არ მოხდა მყისიერი რეაგირება, ჩვენ ხომ ქვეყნის პირველ პირზე ვსაუბრობთ, რომელიც თურმე ერთი თვის განმავლობაში ითმენდა მისი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ უკანონობას? ეს საშიშ ტენდენციადაც შეგვიძლია აღვიქვათ - პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონობას არ შეიმჩნევს, სხვა უკანონობასაც ანალოგიური წარმატებით გაატარებს.

ახლა თავად პრეზიდენტს მოუწევს სათანადო არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა, რომ ჩხრეკა უკანონო იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დადასტურდება, რომ ის სახელმწიფო ინსტიტუტებს, კონკრეტულად კი შს სამინისტროს, მიზანმიმართულ დარტყმას აყენებს. იმდენად ბევრი კითხვა გაჩნდა პრეზიდენტის განცხადების ირგვლივ, რომ ეს გაუგებრობა პრეზიდენტის სასარგებლოდ ნამდვილად არ მოქმედებს. თანაც ითქვა, რომ პრეზიდენტის სიძე რამდენჯერმე ნასამართლევია, მათ შორის, იარაღის უკანონო ტარების გამო. ვფიქრობ, პრეზიდენტი პოლიტიკურად კეკლუცობს "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ, სხვა ახსნა მის არაადეკვატურობას, უბრალოდ, არა აქვს.

რამდენჯერ და რა ბრალდებებით იყო დაკავებული მინდია გოგოჭური

როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, პრეზიდენტის სიძე რამდენიმე კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. კერძოდ, რამდენიმე წლის წინ, გიორგი ხელაშვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო. როგორც გაირკვა, ცხრა ძმის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ხელაშვილი მძიმედ დაჭრეს. იმავე დღეს ეჭვმიტანილის სახით მინდია გოგოჭური დააკავეს. გოგოჭურს თავადაც აღენიშნებოდა დაზიანებები და იმ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც დაჭრილი ხელაშვილი გადაიყვანეს. სამართალდამცავებმა გოგოჭური სწორედ საავადმყოფოში დააკავეს. ის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობდა. თუმცა, გოგოჭურმა საავადმყოფოდან გაპარვა მოახერხა და მიიმალა. მიუხედავად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა, მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა. ამასთან, ხელაშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, მინდია გოგოჭურს 30 დღის განმავლობაში ბრალი არ წარდგენია. პროკურატურამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მის მიერ ამ დანაშაულის ჩადენას. საბოლოოდ, პროკურატურამ დევნა შეწყვიტა და საქმე გაუხსნელი დარჩა... მოგვიანებით, სამართალდამცავების ყურადღების არეალში მინდია გოგოჭური სულ სხვა ბრალდებით მოექცა. ის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი დააკავეს. გოგოჭურს ერთწლიანი პატიმრობაც მიესაჯა, რაც საპროცესო გარიგებით შეიცვალა და ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. ამასთან, დამატებით ჯარიმაც დაეკისრა.

"კვირის პალიტრისთვის" ასევე ცნობილი გახდა, რომ მოგვიანებით გოგოჭური ვანშიც დააკავეს, ჩხრეკისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება. სასჯელი თავისუფლების აღკვეთას 5 წლის ვადით გულისხმობდა, თუმცა ამჯერადაც დაკავება პირობითი სასჯელით შეეცვალა და დამატებით 13.000 ლარის გადახდაც დაეკისრა. შემდგომში კი სასჯელი გაუნახევრდა - 3 წელსა და 5 თვემდე შეუმცირდა. 2008 წლის ნოემბერში, თბილისში, კოჯრის ქუჩაზე, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით გიორგი სიხარულიძე და ბაქარ კვიტაიშვილი დაჭრეს... ეჭვმიტანილთა შორის ისევ გოგოჭური აღმოჩნდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. საქმე გაუხსნელია. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ მინდია გოგოჭური, რომელიც ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა დანაშაულისთვის უკვე რამდენჯერმე დააკავეს და გაათავისუფლეს, ის პირი იყო, რომელიც ხელაშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით რამდენიმე წლის წინ დააკავეს, მაგრამ საავადმყოფოდან გაიპარა. მინდია გოგოჭურსა და პროკურორს შორის ამჯერადაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

მინდია გოგოჭური 3 წლის წინ ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტშიც ფიგურირებს, რა დროსაც ბაჩო სირაძე, ანა მარგველაშვილის (პრეზიდენტის ქალიშვილი) მეგობარი დაჭრეს. მინდია გოგოჭური სამართალდამცავებმა მოწმის სახით დაჰკითხეს. ორი წლის წინ კი მინდია გოგოჭური კიდევ ერთხელ გაეხვია შარში - სამართალდამცავებმა ყაზბეგის გამზირზე მდებარე ბინაში კომაში აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ "ბიოს" გადაჭარბებული დოზა ჰქონდა მიღებული.

მომდევნო წლებში რამდენჯერმე იყო პასუხისგებაში მიცემული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, მათ შორის, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის.

"უკვე წლებია ვითხოვ გოგოჭურის დაკავებას"

კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, 2011 წელს რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობაა - შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილი მოკლეს... ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებდა.

თამილა კოჭლამაზაშვილი: - უკვე წლებია ვითხოვ მინდია გოგოჭურის დაკავებას, მაგრამ დღემდე ვერ მივაღწიე. გოგოჭურმა ერთ-ერთმა პირველმა ესროლა ზუკას და ეს ვიდეოკადრებშიც ჩანს. ეს კადრები წარვუდგინეთ პროკურატურას, თუმცა რეაგირება არ ყოფილა... გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ვერ მივაღწიე, რომ მისთვის ბრალი წაეყენებინათ და პასუხი ეგო ჩემი შვილის სადისტური მკვლელობისთვის. როგორც ჩანს, მას ძველი მთავრობაც მფარველობდა და ახალიც. პრეზიდენტი ხელს აფარებს მაშოს მეუღლეს, მინდია გოგოჭურს.

გამოძიება არ დაობს, რომ ამ საქმეში მონაწილეობდნენ სხვა პირებიც, მათ შორის გოგოჭურიც, მაგრამ პროკურატურა ჯერ ისევ დუმს. არიან მოწმეებიც, მაგრამ ჩვენების მიცემის ეშინიათ, რადგან მკვლელები გარეთ არიან. ჩემი შვილი წამებით მოკლეს და არ გავჩუმდები, ვიდრე ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს ამ სისასტიკისთვის...