"არ ვიცოდი, წინა ხელისუფლების დროს თუ ვინმე საკუთარ­ უფლებამოსილებას ამეტებდა" - კვირის პალიტრა

"არ ვიცოდი, წინა ხელისუფლების დროს თუ ვინმე საკუთარ­ უფლებამოსილებას ამეტებდა"

"ხალხი მუდმივად წარსულზე საუბრით დაიღალა, მათ საკუთარი პრობლემების მოგვარება უფრო აინტერესებთ, რისი რესურსიც "ქართულ ოცნებას" ნამდვილად არ გააჩნია"

რა პოლიტიკური რესურსი აქვს ოპოზიციას წინასაარჩევნოდ და დააყენებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ, "კვირის პალიტრასთან" კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა საუბრობს:

- სამწუხაროა, რომ პრეზიდენტიც კი ამ ქვეყანაში დაუცველია. ამ შედეგამდე სწორედ არაფორმალური მმართველობის გამო მივედით. დღეს ქვეყანაში ჩვეულებრივი მოქალაქის დაცვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, რადგან ქვეყნის პირველი პირი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც ზეწოლაზე მიანიშნებენ - სწორედ ამიტომ ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია. "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს საფრთხე შეუქმნა. დღეს ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, უფრო ანომალიურ გარემოში გვიწევს არსებობა. ყველა მიმართულებით ანალოგიური ვითარებაა, მათ შორის, ეკონომიკაშიც - ხალხი დღითი დღე ღარიბდება, ხელისუფლება კი იხტიბარს არ იტეხს.

- ეკონომიკური პრობლემები 2012 წლამდეც იყო, მანამდეც გვყავდა მილიონამდე სოციალურად დაუცველი მოქალაქე, ვიდეოფირებით შანტაჟის პრაქტიკა კი, თავად თქვენი გუნდის დამსახურებად არ მიგაჩნიათ? - პროკურატურას პირადი ცხოვრების ამსახველი 26 ათასი ფაილი დახვდა.

- პრობლემები მანამდეც იყო, თუმცა რეალურად ქვეყანაში დღეს გაჭირვებამ ბევრად მასშტაბური სახე მიიღო. რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოფირებს, არ ვიცი, რამდენი ფაილი დახვდა პროკურატურას, ამის შესახებ ინფორმაციაც კი არ მქონდა, მაგრამ ხალხს წარსული კი არა, მომავალი აინტერესებს! ნამდვილად არ ვიცოდი, წინა ხელისუფლების დროს თუ ვინმე საკუთარ უფლებამოსილებას ამეტებდა, თუმცა ვიცი, რომ მსგავსი კადრები "ნაციონალურ მოძრაობას" არასოდეს გამოუქვეყნებია, დღეს კი თავდაცვის მინისტრიც ამაზე ლაპარაკობს. საერთოდ, ხალხი მუდმივად წარსულზე საუბრით დაიღალა, მათ საკუთარი პრობლემების მოგვარება უფრო აინტერესებთ, რისი რესურსიც "ქართულ ოცნებას" ნამდვილად არ გააჩნია.

- თქვენ რა შეგიძლიათ საზოგადოებას შესთავაზოთ?

- ბევრი ახალი ინიციატივა - უკეთესი სამოქმედო პროგრამა, როგორც ეკონომიკაში, ისე ნებისმიერი სხვა მიმართულებით. საქართველოს ბევრად ყურადღებიანი და ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება, ასევე მოქნილი სამთავრობო სტრუქტურები სჭირდება. დღეს შერჩევითი სამართალი ყვავის - მწვანე შუქს უნთებენ საკუთარ მხარდამჭერებს, პოლიტიკურ ოპონენტებს კი ფიზიკურადაც უსწორდებიან. ვიმეორებ, ამ შედეგამდე პოლიტიკაში მოსულმა ქველმოქმედმა მიგვიყვანა - საერთოდ, ნორმალურ სახელმწიფოში ქველმოქმედები პოლიტიკაში არ მოდიან.

- პაატა ბურჭულაძეც პოლიტიკაში ქველმოქმედებით მოვიდა. მის პარტიასთანაც იდენტური პოლიტიკური დამოკიდებულება გაქვთ?

- თუ ქველმოქმედებით ხარ დაკავებული, პოლიტიკაში მოსვლამდე იმდენი დრო მაინც უნდა იყოს გასული, რომ სიკეთეები ამომრჩევლის მოსყიდვად არ ჩაგეთვალოს. დავსვათ კითხვა: რა მივიღეთ საბოლოოდ? ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანები კმაყოფილი არიან, მოსახლეობის უმრავლესობა - უკმაყოფილო. თუ ეს ვითარება მომავალი ოთხი წლის განმავლობაშიც შენარჩუნდა, სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ გაუძლებენ და ჩამოიშლებიან. ამიტომ არჩევნებზე მშვიდად, წყნარად და ევროპულად ხელისუფლების ცვლილებას უნდა მივაღწიოთ. ეს შესაძლებელია, თუ "ქართული ოცნება" არჩევნებს არ გააყალბებს და ძალაუფლებას პოლიტიკური ინტერესებისთვის არ გამოიყენებს.

- პრეზიდენტისა და მოსამართლეების განცხადება, ასევე NDI-ს კვლევები საკმარისი არგუმენტი იქნება იმისთვის, რომ თქვენთვის არასასურველი საარჩევნო შედეგის შემთხვევაში, 8 ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოთ?

- ამ ფაქტების ერთობლიობა არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს, ეს მხოლოდ ქვეყანაში არსებულ ცუდ ტენდენციაზე მიანიშნებს.

არსებობს არაერთი სხვა მეთოდი, რომლებითაც მარტივად დადგინდება, გააყალბა თუ არა ხელისუფლებამ ხალხის არჩევანი. მათ შორის, არ უნდა მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება, ყუთების გატაცება, აუცილებელია საარჩევნო პროცესს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი დაესწროს და ა.შ.

ამას ხელისუფლებისგან არა მხოლოდ ოპოზიცია, სრულიად თავისუფალი სამყარო ითხოვს.

- მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ 8 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნებას აპირებს, პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა დაანონსებულ რევოლუციად აღიქვა.

- საქართველოს რევოლუციები აღარ სჭირდება, დღეს ქვეყნისთვის ევოლუცია და წინსვლაა აუცილებელი. ერთმანეთი მოგვწონს თუ არა, ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ამიტომ თანაცხოვრება უნდა შეგვეძლოს. ფეხბურთი ვერ შედგება, თუ ერთი მხარე დაიცავს წესებს, მეორე კი, მინდორზე ხელკეტებითა და თოფებით შევარდება. ასე ხდება პოლიტიკაშიც. საქართველოს მოქალაქეებს დღეს ერთმანეთთან დაპირისპირების უფლება არა გვაქვს.

რუსუდან შელია