"პაპუაშვილი დაუდასტურებელ განცხადებასთან მარტო აღმოჩნდა" - კვირის პალიტრა

"პაპუაშვილი დაუდასტურებელ განცხადებასთან მარტო აღმოჩნდა"

"პაპუაშვილი აფორიაქდა, რომ ქვეყანა ჩიხში ვერ შეიყვანა და სააკაშვილისა თუ "ნაცმოძრაობის" დავალებები წარმატებით ვერ შეასრულა. ზეწოლაზე ლაპარაკიც ამას მოჰყვა"

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე პროკურატურაში გიორგი პაპუაშვილიც გამოიკითხა, თუმცა, კითხვა: ვინ იყო ზეწოლის მსხვერპლი და რა მიზნით აშანტაჟებდნენ, ისევ უპასუხოდ რჩება, ამასობაში, მმართველი გუნდი სიტყვა "რევოლუციას" ააქტიურებს და ოპოზიციის პროვოკაციებზე ლაპარაკობს. დეტალებზე "კვირის პალიტრას" ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ესაუბრა:

- პაპუაშვილის განცხადებაზე პროკურატურამ გამოძიება მყისიერად დაიწყო, თუმცა, რა მივიღეთ: საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე უარყოფს, რომ პირადად მასზე ზეწოლას ახდენდნენ. რეალურად, პაპუაშვილი თავის დაუდასტურებელ განცხადებასთან მარტო აღმოჩნდა.

- ორმა მოსამართლემ განაცხადა, რომ მათ გამოძიებას იმ მოსამართლის ვინაობა გაუმხილეს, რომელზეც ზეწოლა იყო. თუ ფაქტები არ არსებობს, რა მიზანი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულ სკანდალს?

- ვიღაცებს სურთ მოსამართლეების დემორალიზება, თუმცა მიზანს ვერ მიაღწევენ. დავსვათ კითხვა: უკავშირდება თუ არა გიორგი პაპუაშვილის განცხადება საარჩევნო პერიოდს, რატომ კეთდება მსგავსი განცხადება მისი უფლებამოსილების შეჩერებამდე ორი თვით ადრე, ხომ არ ასრულებს ის კონკრეტული პირის დაკვეთას? და ა.შ.

- და ეს კითხვები საკმარისია შეფასებისთვის, რომ "ნაცმოძრაობა" "საკონსტიტუციო რევოლუციას" გეგმავდა?

- რომ არა "ქართული ოცნება", მოვლენები სწორედ იმ სცენარით განვითარდებოდა, რაზეც მმართველმა გუნდმა ისაუბრა.

საკონსტიტუციო სასამართლოში განხილული ბოლო საქმე ოლქების განსაზღვრის საკითხს ეხებოდა. წინა წლებში ოლქები არათანაბრად იყო განაწილებული, უმრავლესობის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით კი, ამომრჩეველთა ხმებს თანაბარი წონა მიენიჭა ყველა ოლქში. ამ ცვლილებების დამტკიცებას 74 ხმა სჭირდებოდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში ამ რეგულაციების გაუქმების რესურსი ორ მოსამართლეს ჰქონდა. ეს კი ქვეყანაში საარჩევნო კრიზისს შექმნიდა და შესაძლოა, არჩევნებიც ვერ ჩაგვეტარებინა. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში პარლამენტის შეკრება, ცვლილებების განხილვა და დამტკიცება ძნელია, თანაც ეს საკითხი პრეზიდენტსაც უნდა დაემტკიცებინა. სწორედ ამ სტაბილურობის შესაქმნელად ვთქვით, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის კონსტიტუციურობაზე გადაწყვეტილება ორის ნაცვლად ექვს მოსამართლეს მიეღო.

პაპუაშვილი აფორიაქდა, რომ ქვეყანა ჩიხში ვერ შეიყვანა და სააკაშვილისა თუ "ნაცმოძრაობის" დავალებები წარმატებით ვერ შეასრულა. ზეწოლაზე ლაპარაკიც ამას მოჰყვა.

მნიშვნელოვან გადაცდომებზე ისაუბრა მოსამართლე მერაბ ტურავამაც -თ ურმე სარჩელები აბსოლუტურად უწესრიგოდ ნაწილდებოდა კონკრეტულად სამ მოსამართლზე, იცვლებოდა ნუმერაცია და სარჩელების მოცულობაც. მეტიც, რატომღაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული სარჩელების განხილვა ფორსირებულად ხდებოდა, არადა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები თაროზე წლობით დევს.

- ოპოზიცია, პირიქით, თქვენ გდებთ ბრალს, რომ ხელოვნურად ცდილობთ პროცესების გაჭიანურებას და განხილვის ჩაშლას.

- ე.წ. კაბელების საქმის განხილვა იმის გამო ჩაიშალა, რომ მოსამართლეთა ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს ხვდებოდა.

რუსუდან შელია