"საახლობლო წრეს მაქსიმალურად იყენებენ..."
08-08-2016
"საახლობლო წრეს მაქსიმალურად იყენებენ..."
"იქნებ დავსვათ კითხვა: თავის დროზე როგორ შეირჩნენ საკონსტიტუციოს მოსამართლეები? რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების უახლოესი გარემოცვიდან. ნიკა გვარამიამ თავად აღიარა, რომ მაია კოპალეიშვილი განათლების სამინისტროში მისი მოადგილე, მანამდე კი პროკურატურაში მისი ხელქვეითი­ იყო. ის, მისი შვილის ნათლიაა. მისი ხელქვეითი გახლდათ კიდევ ერთი მოსამართლე, ზაზა თავაძეც. პროკურატურაში მუშაობდა და მეგობრობდა თამაზ ცაბუტაშვილთან. პარლამენტში ლალი ფაფიაშვილთან გვერდიგვერდ მსხდარან, ოთარ სიჭინავასთან კი, იუსტიციის საბჭოში უმუშავია. ქეთევან ერემაძე კურსელი ყოფილა, ვარძელაშვილის მეუღლე კი,
განათლების სამინისტროში მისი მოადგილე"


საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი აფასებს:

- არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო ორგანიზაციებიც ყველა ანგარიშში ღიად მიუთითებდნენ, რომ წლების განმავლობაში სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი არ იყო, ქვეყანაში არ არსებობდა კანონის უზენაესობა და ყველაფერს გარკვეული ჯგუფი წყვეტდა. საკონსტიტუციო
სასამართლოც ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. შესაბამისად, დღეს იქ მიმდინარე პროცესები წინა ხელისუფლების დროს შექმნილი მანკიერი მუშაობის ლოგიკური­ გაგრძელებაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები – მარცხნიდან პირველი ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, ლალი ფაფიაშვილი

კარგად მახსოვს, როდესაც სახალხო დამცველის მოადგილე ვიყავი, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების განხილვას ხელოვნურად აჭიანურებდნენ. პასუხიც კი არ არსებობდა, რატომ არ იხილებოდა სახალხო დამცველის აპარატის სარჩელები. დღეს კონკრეტული საქმეები დაჩქარებულ რეჟიმშიც კი განიხილება. ეს მოსალოდნელიც იყო და ამაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, მმართველ გუნდს ენიჭება.
საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" ბერკეტი იყო.

მაგალითად, ნიკა გვარამიას ტელევიზიის დირექტორად დანიშვნის შემდეგაც არ დაუმალავს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერია. დარწმუნებული ვარ, რომ პარტიულ დღის წესრიგშიც ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასე რომ, პაპუაშვილი დღეს კონკრეტული პოლიტიკური ძალის კონკრეტულ მითითებებს ასრულებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები – მარცხნიდან პირველი ოთარ სიჭინავა, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი

როგორც ხელისუფლებაში ყოფნისას ხალხს უქმნიდნენ ილუზიას, რომ ქვეყანაში რაღაც კეთდებოდა, დღესაც იმავეს აგრძელებენ - დარჩენილ რესურსსა და საახლობლო წრეს მაქსიმალურად იყენებენ.

- თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაპირისპირების პოლიგონად იქცა, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება...
- როდესაც ვსაუბრობთ "ნაციონალური მოძრობის" პასუხისმგებლობაზე, ხელისუფლების პასუხისმგებლობა უფრო მაღალ ხარისხში უნდა დავაყენოთ. დაუშვებელია, ქვეყნის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტორის - საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგეს და პროვოკაციების ობიექტს წარმოადგენდეს. ეს არც არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას შეუწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, საქართველომ "ნაციონალების" ტოტალურ მმართველობას გაუძლო, ამიტომ ამ მცირე პროვოკაციებსაც გადავლახავთ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით