"ტურავა ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელია" - კვირის პალიტრა

"ტურავა ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელია"

"ის მოსამართლეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პროკურატურის დასკვნამდე უნდა გადადებულიყო საქმეების განხილვა, ადასტურებენ, რომ ასრულებენ ხელისუფლების დაკვეთას – გაჭიანურდეს "რუსთავი 2"-ისა და პოლიტპატიმრების საქმეები"

ხდებოდა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში ფორსირებულ რეჟიმში კონკრეტული სამი საქმის (ე.წ. კაბელების, "რუსთავი 2"-ისა და გიგი უგულავას საქმეების) განხილვა, "კვირის პალიტრის" კითხვებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ კახიძე პასუხობს:

– პაპუაშვილის განცხადების შემდეგ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ყველა მოსამართლემ პირადად მასზე ზეწოლა უარყო. როგორ ამტკიცებთ, რომ პაპუაშვილი რეალურ ფაქტზე საუბრობდა, ან რატომ არ თანამშრომლობენ მოსამართლეები გამოძიებასთან?

– 2015 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან გამართული აქციები იყო დანაშაული, რომელშიც მონაწილეობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს დანაშაული დღემდე გამოუძიებელია და არ გამოვლენილა არც ერთი პირი, ვინც ჩაიდინა აღნიშნული ქმედება. ეს ადასტურებს, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხელისუფლების ინტერესშია.

ის მოსამართლეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ პროკურატურის დასკვნამდე უნდა გადადებულიყო საქმეების განხილვა, ადასტურებენ, რომ ასრულებენ ხელისუფლების დაკვეთას – გაჭიანურდეს "რუსთავი 2"-ისა და პოლიტპატიმრების საქმეები.

ზეწოლაზე ისინი არ საუბრობენ ივანიშვილის მიერ მართულ პროკურატურასთან, რადგან ზეწოლა ხელისუფლებისგან ხორციელდება.

– მერაბ ტურავას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და რამდენიმე მოსამართლე განსაკუთრებულ ინტერესს "რუსთავი 2"-ის, ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას საქმეების მიმართ იჩენდა. საუბარია იმაზეც, რომ სარჩელი ერთ დღეში იცვლებოდა. ეს განცხადება არის თუ არა საფუძველი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს?

– მერაბ ტურავა არის მოსამართლე, რომელმაც თავი შეუძლოდ გაიხადა, რათა გიგი უგულავას განუსაზღვრელი პატიმრობა გაგრძელებულიყო და ხელისუფლებას მოესწრო მისთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯა. ეს მოსამართლე ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელია. მან 8-თვიანი განხილვის შემდგომ "რუსთავის 2"-ის უკვე გადასაწყვეტად გამზადებული საქმე გადასცა პლენუმს, რათა გაჭიანურებულიყო გადაწყვეტილების გამოტანა, ამიტომ მისი განცხადებები ნდობას არ იმსახურებს.

– როგორ წარმოგიდგენიათ დასახელებული სამი საქმის განხილვის პერსპექტივა? რეალურია, რომ თქვენი სარჩელი დადებითად დაკმაყოფილდეს და გიგი უგულავა წინასაარჩევნოდ გათავისუფლდეს?

– პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, ყველა ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლებამ მოიპოვა გავლენა სასამართლოს უმრავლესობაზე, თუმცა ამით მიზანს ვერ მიაღწევენ, "რუსთავი 2"-ს ვერ დაიქვემდებარებენ და ვერც პოლიტპატიმრებს ამყოფებენ ციხეში, ეს ყველაფერი დასრულდება 8 ოქტომბერს, ქართველი ამომრჩევლის ნებით.

რუსუდან შელია