"ვინ ადგენს მაჟორიტარების სიას "ქართულ ოცნებაში?!" - კვირის პალიტრა

"ვინ ადგენს მაჟორიტარების სიას "ქართულ ოცნებაში?!"

"ცნობილი გახდა, რომ რეზო არველაძე "ქართული ოცნების" შემომწირველი გახდა. საზოგადოებასაც კარგად ახსოვს რეზი არველაძისა და კახი კალაძის დაპირისპირება, თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთისგან განსხვავებით, პოლიტიკაში ფეხბურთელების გარიგება შესაძლებელია"

"ნუ ჰგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირებით ქუჩაში ნაპოვნი ადამიანების გადეპუტატებას შეძლებენ"

როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, "ქართული ოცნება" 20 აგვისტომდე თბილისის მაჟორიტარების წარდგენას აპირებს, თუმცა საბოლოო სია ამ დრომდე ჩამოყალიბებული არ არის. ჩვენი ინფორმაციით, დედაქალაქში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენაზე კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს როგორც მოქმედ პოლიტიკოსებს, ისე საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ პირებთან, მათ შორის, ნიკოლოზ სამხარაძესთან, მარიამ ტარასაშვილთან, დარეჯან დვალიშვილთან, ნანა ადეიშვილთან, დავით დარსაველიძესთან, რატი იონათამიშვილთან, ზაზა გაბუნიასთან, ირინა ფრუიძესთან, აკაკი ზოიძესთან, ზაალ ანჯაფარიძესთან, ვასილ ჩიგოგიძესთან, რომან კაკულიასთან, რატი ბრეგაძესთან, ემზარ ჯგერენაიასთან, გიორგი მუსხელიშვილთან, ლაშა აბაშიძესთან, მირიან გოგიაშვილთან... როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოლაპარაკება მიმდინარეობს ფეხბურთელ რევაზ არველაძესთანაც, რომელსაც მმართველი პარტია მაჟორიტარად, სავარაუდოდ, საბურთალოს რაიონში წარადგენს.

რა პრინციპით კომპლექტდება გუნდი და აქვთ თუ არა გამარჯვების რესურსი ამომრჩევლისთვის ნაკლებად ცნობილ ფიგურებს, ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პოლიტიკის შესაფასებლად, პირველ რიგში, მათ მიერ უკვე წარმოდგენილ მაჟორიტარებს უნდა გადავხედოთ - თუ პრემიერმა აქცენტი გააკეთა განათლებულ ახალგაზრდებზე, მაჟორიტარების ნაწილში პარტიის აბსოლუტურად საწინააღმდეგო კონცეფცია ვიხილეთ.

მაჟორიტარად ისეთი კანდიდატები არიან დასახელებული, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრინციპი თავდაყირა დგება. მეტიც, რამდენიმე მათგანის ბექგრაუნდი საზოგადოებისთვის დღემდე საეჭვოა. წარმოიდგინეთ, როდესაც მმართველ პარტიაში ორი საწინააღმდეგო მიმართულება იკვეთება, ეს არამხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის, პირველ რიგში, ქვეყნის განვითარებისთვის არის კატასტროფული შედეგის მომტანი. ფაქტია, "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაზე სხვა, მაჟორიტარებზე კი, სხვა ჯგუფი მუშაობს.

დღეს გვაქვს ვითაAრება, როდესაც მმართველი გუნდი, ერთი მხრივ, სუფთა წარსულზე ლაპარაკობს, მეორე მხრივ კი, საზოგადოებას იმ პირებს წარუდგენს, რომლებიც 2012 წლამდე ცოცხების ფონზე იყრიდნენ კენჭს. სხვადასხვა ხელწერაც სწორედ აქ იკვეთება.

- თუ ერთ მხარეს პრემიერია, ვინ მართავს მეორე - მაჟორიტარების შერჩევის პროცესს?

- დადასტურებული ინფორმაცია არა მაქვს, თუმცა ფაქტია, რომ პრემიერამდე მაჟორიტარების საბოლოო სია მიდის. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დასახელებულ კანდიდატებს შორის უმრავლესობა "ქართული ოცნების" წევრიც კი არ არის. ამ ფონზე, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება თბილისში მაჟორიტარების კანდიდატების სიას. ჩემი ინფორმაციით, პარტიის ლიდერი არც დედაქალაქის მაჟორიტარების შერჩევის პროცესში მონაწილეობს და კონკრეტულ პირებს რეკომენდაციებს სხვადასხვა პირი უწევს. ამასთან, როგორც ვიცი, "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტართა სიაში ისეთი ადამიანები ჭარბობენ, რომელთა წარსული საზოგადოებას არაფერს ეუბნება და არც პოლიტიკური წონა აქვთ. ფაქტია, რომ პარტიაში მოკალათებული ერთი პიროვნება ნაცნობ-მეგობრებს კრებს და პრემიერთან შეუთანხმებლად მათ პარლამენტში შეყვანას გეგმავს.

გაფრთხილდნენ, რადგან ცეცხლს ეთამაშებიან. ნუ ჰგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრებზე პარაზიტირებით ქუჩაში ნაპოვნი ადამიანების გადეპუტატებას შეძლებენ. ბიძინა ივანიშვილის მხრებით პარაზიტირება მუდმივად არ გაგრძელდება.

- ჩვენი ინფორმაციით, თბილისში მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად რევაზ არველაძეც განიხილება. არადა, კარგად გვახსოვს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ვიცე-პრემიერის დაპირისპირება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევისას.

- ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რეზო არველაძე "ქართული ოცნების" შემომწირველი გახდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ეს უბედურება ტრიალებს - ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ამჩნევდნენ, რა რეჟიმში გვიწევდა ცხოვრება, დღეს სისხლიან ცხრა წელზე გაუთავებლად ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, საზოგადოებასაც კარგად ახსოვს რეზი არველაძისა და კახი კალაძის დაპირისპირება, თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთისგან განსხვავებით, პოლიტიკაში ფეხბურთელების გარიგება შესაძლებელია. მერწმუნეთ,

თუ ეს ვარაუდები დადასტურდა, "ქართულ ოცნებას" ივანიშვილის იმედი აღარ უნდა ჰქონდეს.

რუსუდან შელია