"ნაციონალური მოძრაობისთვის" ფულის უკან დაბრუნების შანსი არ არსებობს" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობისთვის" ფულის უკან დაბრუნების შანსი არ არსებობს"

"ლაპარაკია იმაზე, მიმართულებები გავმიჯნოთ, თუ ერთიანი ძალით რაღაც ჩავიდინოთ?"

რა პროცესები მიმდინარეობს "ნაციონალურ მოძრაობაში" და რატომ შეიძლება ვეღარ აღმოჩნდეს შოთა მალაშხია "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში? "კვირის პალიტრას" შოთა მალაშხია ესაუბრა:

- წინასაარჩევნოდ ყველა პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს და ამომრჩეველიც იბნევა... კარგი იქნებოდა, ერთი პოლიტიკური ძალიდან სხვა პოლიტიკურ ძალაში გადასვლა-გადმოსვლები ანგარების მიზნით არ ხდებოდეს და პოლიტიკური სპექტრის უკეთ ჩამოყალიბებას ემსახურებოდეს.

როცა ყოფილ სახელისუფლებო ბლოკში შემავალ პარტიებს ტოვებენ მათი წევრები და "ქართულ ოცნებაში" გადადიან, აშკარად ჩანს, რომ მათ ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი აქვთ და ოპოზიციაში ყოფნა არ მოსწონთ.

ხალხს ყველაფერი მოჰბეზრდა, უფრო საქმიანი ადამიანების ნახვა უნდა, რომელიც უბრალოდ კი არ ეტყვის, რომ ყველაფერი კარგად იქნება, არამედ კონკრეტულ გეგმასაც შესთავაზებს.

- და ასეთი პოლიტიკური ძალა თუ არსებობს დღეს საქართველოში?

- ასეთი ჩვენი პარტიაა - ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიას აქვს თავისი პროგრამა...

- "ნაცმოძრაობა" რატომ დატოვეთ?

- ბევრს ჰგონია, რომ დავტოვე, რაც არასწორია, რადგან "ნაცმოძრაობის" წევრი არც არასდროს ვყოფილვარ...

- დიახ, გვახსოვს, წლების წინ ზურაბ ჟვანიას გუნდმა თქვენი პარტიის სახელით ისარგებლა და "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიაში ამის გამო მოხვდით, მას შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" სიაში ყოველთვის მოიძებნა თქვენთვის ადგილი...

- დიახ, ასე იყო. საერთოდ, როცა არჩევნები გამოცხადდება, ბლოკში შემავალმა პარტიებმა ცალ-ცალკე უნდა გაიარონ რეგისტრაცია... ამდენად, მეც გავიარე რეგისტრაცია და "ნაციონალურმა მოძრაობამაც". აქედან გამომდინარე, ვარ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი და მაქვს უამრავი ბენეფიტი - ცესკოში დამკვირვებლის დანიშვნა შემიძლია (ხელფასიანის), საარჩევნო დროის ყიდვა ნახევარი მილიონი ლარის ფარგლებში, მაქვს უფასო სარეკლამო დროც. უახლოეს მომავალში გადაწყდება, კონსერვატიული პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ბლოკში იქნება თუ არა.

- კულუარულად უკვე ითქვა, რომ თქვენ ვეღარ მოხვდებით "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში. უარყოფთ?

- "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება არავისთან მაქვს, იქ ჩემი მეგობრები არიან. უბრალოდ, როცა ვლაპარაკობ როგორც ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე და არა როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, იურიდიულად უფრო მართალი ვარ.

ვერ ვილაპარაკებ "ნაცმოძრაობის" სახელით, თუმცა მათ ყველაფერს ვიზიარებ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა იმ თანხების დაბრუნება მოგთხოვეს, რომელიც მათთან ბლოკში ყოფნის გამო მიიღეთ...

- ამ ფულის უკან დაბრუნების შანსი თეორიულადაც კი არ არსებობს და ამას ვერავინ მომთხოვდა. ბლოკში თუ ერთად ვიქნებით, ეს ფული საერთო საარჩევნო კამპანიის წარმოების მიზნით დაიხარჯება.

კონსერვატიული პარტია ცალკე თუ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მასაც ხომ დასჭირდება საარჩევნო კლიპი, საეთერო დრო და ა.შ.? ამისთვის განკუთვნილი ფული რომ სხვა პოლიტიკურ ძალას მივცე, ეს უკვე კრიმინალია...

- შიდა მოლაპარაკებების დონეზე მაინც არ იცით, არჩევნებში "ნაციონალებთან" ერთად (ერთიანი ბლოკით) წარდგებით თუ არა?

- ერთმანეთთან არავითარი პრობლემა არა გვაქვს, მაგრამ საკითხი დგას ასე: მე ვარ ქრისტიან-კონსერვატიული მიმდინარეობის პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" არის ცენტრისტული მემარჯვენე ძალა. ახლა ლაპარაკია ამაზე, ეს მიმართულებები გავმიჯნოთ, თუ ერთიანი ძალით რაღაც მოქმედებები ჩავიდინოთ? გამორიცხული არ არის, რომ ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ არჩევნებში ცალკე მიიღოს მონაწილეობა.

- თუ ცალკე მიიღებთ მონაწილეობას, რა შანსი გაქვთ? "ნაცმოძრაობასთან" შედარებით, რა უპირატესობა ან განსხვავება გაქვთ?

- ასე ვერ დაგიზუსტებთ, თუმცა ჩემს პროგრამაზე გეტყვით... ქრისტიან-კონსერვატიული პარტია არის საშუალო ფენაზე ორიენტირებული ძალა, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს დეცენტრალიზებული, უნიტარული. დიდ ყურადღებას ვუთმობთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს და ასევე იმას, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენდა სასარგებლოდ საერთაშორისო სასამართლოები... ამიტომ, შანსი ნამდვილად გვაქვს.

- კულუარული ინფორმაციით, გიგა ბოკერია წინააღმდეგია, რომ თქვენ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში ისევ მოხვდეთ...

- ეს არ შეესაბამება სიმართლეს. დაელოდეთ ორი კვირის გასვლას, 26 აგვისტოს ბლოკების რეგისტრაციაც დასრულდება და ყველაფერი გაირკვევა.

ეკა ასათიანი