"თავისუფალი დემოკრატები" ნაბიჯ-ნაბიჯ "ნაცმოძრაობას" ემსგავსებიან" - კვირის პალიტრა

"თავისუფალი დემოკრატები" ნაბიჯ-ნაბიჯ "ნაცმოძრაობას" ემსგავსებიან"

"არ გამოვრიცხავ, შიოშვილი გაღიმებული დატოვონ"

რატომ დატოვეს "თავისუფალი დემოკრატები" თამაზ შიოშვილმა და დავით წეწვაძემ

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური მიგრაცია სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის - ამჯერად "თავისუფალი დემოკრატები" გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა თამაზ შიოშვილმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ დავით წეწვაძესთან ერთად დატოვა - გუნდზე უარი თქვა ხაშურის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ცხადიაშვილმაც. "კვირის პალიტრას" თამაზ შიოშვილი ესაუბრა:

"თუ სადმე დავსაქმდი, ეს ვინმესთვის პრობლემაა?!"

- "თავისუფალი დემოკრატებიდან" წამოსვლის მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გადაწყვეტილება როგორც ჩემთვის, ისე ირაკლი ალასანიასთვის მტკივნეული აღმოჩნდა. მართალია, მათთან მრავალწლიანი მეგობრობა მაკავშირებს, თუმცა მეგობრობა არ ნიშნავს პოლიტიკაშიც ერთად ყოფნას. ზოგიერთი საკითხი მე სხვაგვარად მესმის...

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართულმა ოცნებამ" შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დაწინაურება შემოგთავაზათ და პარტიიდან თქვენი წასვლის რეალური მიზეზიც ეს გახდა.

- "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებები არ მქონია. არავინ იცის, რა იქნება ორი-სამი კვირის შემდეგ, 40 წლის ვარ და აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ, თუ სადმე დავსაქმდი, ეს ვინმესთვის პრობლემას უნდა წარმოადგენდეს?! ოჯახის წევრებს შიმშილით ნამდვილად ვერ დავხოცავ.

არც ერთი წამით ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ, პირიქით, დარწმუნებული ვარ, პარტიის დატოვება ყველაზე დროული და სწორი ნაბიჯი გახლდათ.

- თქვენ ნაცვლად "თავისუფალი დემოკრატებიდან" გორში კენჭს ირაკლი ალასანია იყრის, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი დამარცხებას წინასწარ უსამძიმრებს. ფიქრობთ, თქვენი ყოფილი ლიდერი გორში გაიმარჯვებს?

- ვფიქრობ, ალასანიამ გორში მაჟორიტარად საკუთარი თავის დასახელებით საკმაოდ გარისკა.

ამ რეგიონში განსხვავებული ამომრჩეველია, ნაწილი პრორუსულადაც კი არის განწყობილი, ამიტომ პროგნოზზე საუბარი გამიჭირდება. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, ის გუშინდელი დღეა, რომელსაც გორის მოსახლეობა არ დააბრუნებს.

"ვერ გაარკვიეს, რა სურთ"

გორში "თავისუფალი დემოკრატების" შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი დავით წეწვაძე ყოფილი თანაგუნდელების "ნაცმოძრაობასთან" კავშირზე მიანიშნებს:

- "ქართულ ოცნებასთან" ერთად 2012 წლიდან ვიბრძვი, ჩვენ ერთად ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც უფრო ომს ჰგავდა, დღეს კი "თავისუფალი დემოკრატების" კონკრეტული მიმართულება და პოლიტიკური დღის წესრიგი აბსოლუტურად გაუგებარია - ისეთ საკითხებზე აპელირებენ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ "ნაცმოძრაობას" ემსგავსებიან,

"ნაცმოძრაობასთან" ბრძოლას კი ჩემი და ჩემი მეგობრების ჯანმრთელობა ეწირებოდა, ამიტომ მათთან დგომა ჩემთვის და კიდევ არაერთისთვის წარმოუდგენელი გახდა.

- რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ "თავისუფალი დემოკრატები" "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგს მიჰყვებიან?

- საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების, უგულავასა და "რუსთავი 2"-ის საქმეების შეფასებისას "თავისუფალი დემოკრატები" "ნაცმოძრაობის" განცხადებებს იმეორებდნენ. თავის დროზე, დავდექი გუნდთან, რომელმაც იცოდა, რა უნდა ეკეთებინა, დღეს კი "თავისუფალმა დემოკრატებმა" ვერ გაარკვიეს, რა სურთ და რას აკეთებენ. ვფიქრობ, პარტიაში პრობლემები მომავალშიც გამოიკვეთება.

ვერ გეტყვით, თბილისში რა რესურსი აქვთ, თუმცა რეგიონებში პარტიას საკმაოდ ბევრი პრობლემა დაუგროვდა. ვითარების გამოსასწორებლად კი ყველა რაიონში ირაკლი ალასანია საკუთარ კანდიდატურას ვერ წამოაყენებს. მეტიც, ვფიქრობ, გორში მმართველი გუნდის კანდიდატურა გაიმარჯვებს, ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ოქრუაშვილს მეორე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ.

"ეს გადაწყვეტილება პარტიისთვის სიურპრიზი იყო"

პარტიიდან აქტივისტების გადინებას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი, მმართველ გუნდს უკავშირებს:

- მმართველი პარტია მაქსიმალურად ცდილობს, წინასაარჩევნოდ ჩვენი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატები და ადგილობრივი აქტივისტები გადაიბიროს.

სამწუხაროა, რომ ჩვენი უკვე ყოფილი თანაგუნდელები ცდუნებასა და ზეწოლას ვერ უძლებენ. თამაზ შიოშვილის გადაწყვეტილება პარტიისთვის მართლაც სიურპრიზი აღმოჩნდა. ის საკმაოდ მნიშვნელოვან ეტაპებზე ჩვენ გვერდით იდგა, მეტიც, ცოტა ხნის წინ პარტიის ყრილობაზე გულანთებული მიმართავდა თანაგუნდელებს. როგორც ჩანს, კონკრეტულ შეთავაზებასა და ცდუნებას დაჰყაბულდა - როგორც ამბობენ, მას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის პოსტი შესთავაზეს.

თუმცა, არ გამოვრიცხავ, გაღიმებულიც დატოვონ. მან წასვლით ხმაური გამოიწვია და პარტიისთვის ზიანის მიყენებასაც შეეცადა, თუმცა მათი უღირსი საქციელი ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილების საპირწონედ ნამდვილად არ გამოდგება.

- თქვენი ყოფილი თანაგუნდელები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში გდებენ ბრალს.

- "ნაციონალურ მოძრაობასთან" შესაძლო კავშირზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. როგორც ჩანს, მსგავსი განცხადებების გახმოვანება "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობისთვის აუცილებელია. ამ შემთხვევაში ინტელექტის სიმწირესთან გვაქვს საქმე, მათ ღირსებას რომ თავი დავანებოთ.

მაინტერესებს, შიოშვილმა რა ახალი გარემოება აღმოაჩინა 16 ივნისის პარტიის ყრილობის შემდეგ? თუ მაშინ ყველას ერთად ბრძოლისკენ მოგვიწოდებდა, ორ კვირაში რა გამოიკვეთა?! მეტიც, წინა დღეებში გამგეობის სხდომებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებაზეც ერთად ვიყავით. ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებამ გორში არჩევნებს სერიოზული დამატებითი პოლიტიკური ელფერი შესძინა, ვფიქრობ, დღეს სხვა პარტიების შანსი ნულამდეა დაყვანილი. ჩვენ პირველ რაუნდშივე გავიმარჯვებთ!

- ირაკლი ოქრუაშვილი "თავისუფალ დემოკრატებს" დამარცხებას უწინასწარმეტყველებს.

- ირაკლი ალასანიას გორში წარდგენით პარტიებს მძიმე დღე გაუთენდათ - სხვა კანდიდატების მზე ჩაესვენა, გორში ირაკლი ალასანია ყველაზე მძიმეწონიანი კანდიდატია. არ გამოვრიცხავ, რომ ოქრუაშვილისა და მმართველი გუნდის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა და დღეს პრინციპით - "ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია" - ერთადაც მოქმედებენ, თუმცა ოქრუაშვილი უკვე წარსულია, "ქართული ოცნება" კი, წარუმატებელი. მათ ძალების გაერთიანების შემთხვევაშიც, პოლიტიკური რესურსი არ გააჩნიათ.

რუსუდან შელია