"ვინ ვისგან მართულია, ნათლად ჩანს"
15-08-2016
"ვინ ვისგან მართულია, ნათლად ჩანს"
ეკა ბესელია: "იმის თქმა, რომ ელჩი ჩვენს მიმართვას ურნაში მოისვრის, პირველ რიგში, დიპლომატებს აყენებს შეურაცხყოფას და ექსპერტის კვალიფიკაციაც ეჭვქვეშ დგება"

სოსო ცისკარიშვილი: "რატომ გაახსენდათ სწორედ ახლა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნული მოსამართლეები მუშაობენ?!"


"ჩვენი განცხადების მიზანია, ქართველ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ "ნაციონალური მოძრაობის" სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე", - ამ მოტივით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ და
მისმა მოადგილე გედევან ფოფხაძემ დიპლომატიური კორპუსისათვის ღია მიმართვა გამოაქვეყნეს, რომელშიც""საკონსტიტუციო რევოლ­უციის" შემდეგ, კიდევ ერთხელ გაიჟღერა­ "ნაციონალური მოძრაობისა" და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მიერ დაგეგმილი შესაძლო "საკონსტიტუციო საბოტაჟის" საკითხმა. "კვირის პალიტრას" ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ესაუბრა:

- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და გარკვეული პოლიტიკური
პარტიებისგან დიდი ხანია, გაუთავებელი ცილისმწამებლური განცხადებები გვესმის, მეტიც, ფაქტები მიზანმიმართულად მახინჯდება. "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციისგან მუდმივად გვესმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩამოშლილ ორგანოდ იქცა, მოსამართლეთა უმრავლესობა კი, უღირსია. სწორედ ამიტომ, საჭიროა მუდმივად გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებრიობას ჩვენი მოსაზრებები, რეალური ფაქტები წარვუდგინოთ და ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ.

- ექსპერტების ნაწილი პირიქით ფიქრო­ბს - თქვენ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას არ დაელოდეთ და შეფასებები თუნდაც პაპუაშვილის მისამართით მტკიცებულებების­ გარეშე გააჟღერეთ. ისიც ითქვა, რომ ეს მიმართვა­ დიპლომატებისთვისაც არ იქნება ღირებული დოკუმენტი.
- მართლაც, რამდენიმე ექსპერტის არაკვალიფიციურმა კომენტარმა გამაოცა. რა კავშირი აქვს პროკურატურაში მიმდინ­არე გამოძიებას ჩემს მიმართვასთან? საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლე დაჰკითხეს, რომელთაგან რვამ ზეწოლის ფაქტი არ დაასახელა და ამაზე ინფორმაცია პროკურატურამაც გაავრცელა. ღია მიმართვაში კი ჩვენ შეფასებებსა და ტენდენციებზე ვსაუბრობთ: როგორ ნაწილდება საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში, დაცულია თუ არა სარჩელების განხილვის თანმიმდევრულობა და ა.შ. გამოძიება მსგავს გარემოებებს არ სწავლობს, ექსპერტმა კი, თუ პრეტენზია აქვს, რომ საკითხს იცნობს, ეს უნდა იცოდეს.

უკაცრავად, მაგრამ სამართლის სფეროში პროცედურებს ვერ მასწავლის ადამიანი, რომელიც საკითხს საერთოდ არ იცნობს.

ექსპერტებს, რომლებიც მსგავს განცხა­დე­ბებს აკეთებენ, მეტი კვალიფიკაცია მოეთხოვებათ. იმის თქმა, რომ ელჩი ჩვენს მიმართვას ურნაში მოისვრის, პირველ რიგში, დიპლომატებს აყენებს შეურაცხყოფას და ექსპერტის კვალიფიკაციაც ეჭვქვეშ დგება.
პროკურატურამ შუალედური დასკვნა იმის გამო გამოაქვეყნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებით საზოგადოებაა დაინტერესებული.

- "საკონსტიტუციო რევოლუციის" შემდეგ ღია მიმართვაშიც დაგეგმილ საბოტაჟზე ისაუბრეთ. ამით ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას­ ხომ არ ცდილობთ, ან თუ პაპუაშვილი "ნაცმოძრაობის" ინტერესების შესა­ბამისად მოქმედებს, ამის დადგენას გამოძიება­ შეძლებს?
- გამოძიების კვლევის საგანი არ არის პოლიტიკური საკითხები, ის სწავლობს, მოხდა თუ არა დანაშაული და ვინ ჩაიდინა.
ვფიქრობ, ვინ ვისგან მართულია, ნათლად ჩანს. "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლო გააკონტროლოს, თუმცა არ გამოსდის. პირად­ კავშირებს კი ვერავის ავუკრძალავთ. ვინ ვისი ნათლია და მეგობარია, ეს მხოლოდ მათი პირადი საქმეა, მაგრამ მოსამართლეს არა აქვს უფლება, სასამართლოს იმიჯი პირადი განწყობების გამო ეჭვქვეშ დააყენოს.

ჩვენ კი ნუ გვსაყვედურობენ, პრობლემებზე­ რატომ საუბრობთო, თავად ჩაიხედონ პრობლემების­ არსში. ამ ღირებულებების დაცვას წლები შევალიე, ასე რომ, ბარიერების მიუხედავად, უსამართლობაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებ.

ერთ-ერთი ექსპერტი, რომელმაც ბესელია-ფოფხაძის ღია მიმართვა მწვავედ გააკრიტიკა, სოსო ცისკარიშვილი იყო:
- როდესაც დიპლომატიურ კორპუსს პარლამენტის წევრი მსგავსი შინაარსის პოსტულატით მიმართავს, მეტი თავშეკავება მართებს. ბესელია-ფოფხაძესაც იმავეს ვურჩევდი - წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა დიპლომატიურმა კორპუსმა და საერთაშორისო პარტნიორებმა იფიქრონ, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხზე პროკურატურის ნაცვლად დასკვნას ერთ-ერთი საპარლამენტო კომიტეტი ავრცელებს. საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხი არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც დიდი დისკუსიის საგნად იქცა, ყველა პროკურატურის დასკვნას ელოდება, ამ დროს კი, კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილესთან ერთად, ავრცელებს წერილს, სადაც კონკრეტული ბრალდებებია ...

- ღია მიმართვის ავტორები ექსპერტების ნაწილს არაკვალიფიციურობაში სდებენ ბრალს - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს არა აქვს კომპეტენცია საკონსტიტუციო სასამარ­თლოში შესაძლო დარღვევებზე ინფორმაცია გაავრცელოს?
- იქნებ მიმართვის ავტორებმა პასუხი გაგვცენ, რატომ გაახსენდათ სწორედ ახლა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნული მოსამართლეები მუშაობენ?! ამის შესახებ ინფორმაცია 2015 ან წინა წლებში არ ჰქონდათ?
ყველამ კარგად იცოდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას ადეიშვილი და სააკაშვილი აკომპლექტებდნენ. სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნოდ ამ მიმართულებით "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ხედვები ერთმანეთს სულ უფრო უახლოვდება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით