"ვარდიკო ნადიბაიძე და თენგიზ კიტოვანიღა გვაკლია და არჩევნები ცირკს დაემსგავსება" - კვირის პალიტრა

"ვარდიკო ნადიბაიძე და თენგიზ კიტოვანიღა გვაკლია და არჩევნები ცირკს დაემსგავსება"

ივანე გოგლიძე: "ნაციონალებმა" დახმარება მთხოვეს და მარტივად გადავჭერი პრობლემა - ჩავამსხვრიე მინები"

ბადრი ბასიშვილი: "თავზეც რომ გადაიმტვრიოს მინები, მისი ძმა არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას"

გასულ კვირას "ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბადრი ბასიშვილმა საწარმო "კულას" დირექტორი ივანე გოგლიძე გორის პარტიული ოფისის მინების ჩამსხვრევაში დაადანაშაულა. ამ უკანასკნელმა ეს ფაქტი დაადასტურა და უჟანგბადობას დააბრალა. აღსანიშნავია, რომ ივანე გოგლიძის ძმა, ალექსანდრე გოგლიძე, გორში "ნაცმოძრაობის" მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატია.

"ივანე გოგლიძე ოფისში შემოიჭრა და მინები ჩაამსხვრია. მინდა მივმართო მას: თავზეც რომ გადაიმტვრიოს მინები, მისი ძმა ალექსანდრე გოგლიძე არ აპირებს კანდიდატურის მოხსნას ქალაქში. ივანე გოგლიძე 9 ოქტომბერს აუცილებლად წარდგება სასამართლოს წინაშე. ვნახოთ, ვინ ინატრებს უფრო კარგ ჰაერს და ჟანგბადი ვის მოენატრება", - განაცხადა ბასიშვილმა.

ჩვენ "კულას" ხელმძღვანელს, ივანე გოგლიძეს დავუკავშირდით:

- ოფისში მართლაც დახუთულობა იგრძნობოდა, უჰაერობა იყო. მათ დახმარება მთხოვეს და მარტივად გადავჭერი პრობლემა, ჩავამსხვრიე მინები, რომლებიც ისედაც დაზიანებული იყო... მათივე თხოვნით გავაკეთე ეს, რადგან ამ პარტიის წარმომადგენლებს აშკარად უჟანგბადობა აწუხებდათ.

არ არის გამორიცხული, სხვა პარტიებსაც მოეწონოთ განიავების ასეთი მეთოდი, რაც, ალბათ, ბევრს სჭირდება.

- თქვენი ძმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა გორის მაჟორიტარობის კანდიდატად. ბასიშვილის განცხადებით, ამ ამბით გაღიზიანებულმა ჩაამსხვრიეთ მინები...

- უკვე რამდენიმე თვეა, ვიცი, რომ ჩემი ძმა გორის მაჟორიტარად იყრის კენჭს, თუმცა მანამდე არ ჩამიმსხვრევია. მდაბიო საქციელია ამ ფაქტის პოლიტიკურად გასაღება და ამით ქულების ჩაწერა.

- "ნაცმოძრაობის" გორის ოფისში რა გინდოდათ?

- მივედი, მათ ჩემი ხედვების შესახებ ვუთხარი და რამდენიმე საჭირო რჩევა მივეცი. სულ ეგ იყო.

სხვა პარტიებსაც თუ დასჭირდებათ, მივცემ რჩევებს და დავეხმარები, თუ როგორ უნდა გაასუფთაონ პარტიის რიგებიც და ჰაერიც...

- და მაინც, შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ, რა ხედვები გაქვთ?

- გორში დავიბადე და გავიზარდე, კარგად ვიცი, მას რა სჭირდება. გორი არ არის ქალაქი, რომელიც აბუჩად შეიძლება აიგდო...

ახლა აქ ისეთი კანდიდატურები წამოაყენეს, ალბათ, ვარდიკო ნადიბაიძე და თენგიზ კიტოვანიღა გვაკლია და არჩევნები ცირკს დაემსგავსება.

ყველას ევალება დაფიქრდეს, როცა გორთან აქვს საქმე.

- ე.ი. გორში არც ალასანიას და არც ოქრუაშვილს გამარჯვების შანსი არა აქვთ?

- რა თქმა უნდა, არა. "ქართული ოცნების" კანდიდატს, იოსებ მაკრახიძეს ვერავინ მოუგებს. იოსები ექიმია, წესიერი კაცი, გორელი, და ამ ქალაქისთვის ბევრი აქვს გაკეთებული, გამოცდილებაც აქვს იმისთვის, რომ კარგი საქმეები აკეთოს.

- და თქვენს ძმას რამე შანსი აქვს?

- არჩევნებზე გამოჩნდება ყველაფერი.

- მას თქვენს მოსაზრებას არ ეუბნებით?

- რა თქმა უნდა, ვეუბნები.

- "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობას უარყოფითად რატომ აფასებთ?

- უარყოფითად კი არ ვაფასებ, უბრალოდ, ვთვლი, რომ კარგი ანალიზის უნარი მაქვს... თორემ პოლიტიკასთან არავითარი შეხება არ მაქვს და არც მინდა, მქონდეს.

- თქვენი ძმა რომ დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს და არა "ნაცმოძრაობის" წარდგენილი, გამარჯვების მეტი შანსი ექნებოდა?

- რა ვიცი, შეიძლება... მე ის კაცი არა ვარ, ძმასთან ურთიერთობა პოლიტიკის გამო გავიფუჭო...

ივანე გოგლიძის ძმასთან, ალექსანდრე გოგლიძესთანაც ვცადეთ დაკავშირება, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ეკა ასათიანი