"ხელისუფლების დაგეგმილი პროვოკაცია მერაბის წყალობით ჩაიშალა, მას ვერ მოუწყვეს ობსტრუქცია... ზოგი იმასაც კი ამბობდა, შესანიშნავია, სისხლი რომ დაიღვარაო" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების დაგეგმილი პროვოკაცია მერაბის წყალობით ჩაიშალა, მას ვერ მოუწყვეს ობსტრუქცია... ზოგი იმასაც კი ამბობდა, შესანიშნავია, სისხლი რომ დაიღვარაო"

გთავაზობთ ინტერვიუს "კვირის პალიტრის" არქივიდან, რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა:

1989 წლის 9 აპრილი ეროვნული მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ფურცელი იყო. ამ დღეს თავისუფლებისათვის ბრძოლაში საქართველომ თავისი საუკეთესო შვილების სისხლი გაიღო. გავიდა ორი წელი და ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. ბევრი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას სწორედ 1989 წელს დაღვრილ სისხლს მიაწერს. გვესაუბრება "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე:

- ბოლო დროს 9 აპრილის თაობაზე იმდენად ყალბი ვერსია გაავრცელა შოთა გორგოძემ (და ამას ჯუმბერ პატიაშვილიც დაეთანხმა), ვიფიქრე, მეხსიერების პრობლემა აქვს-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, არც მთლად ასეა საქმე. კარგია, რომ შესაძლებლობა მეძლევა, ავხსნა, რა ხდებოდა მაშინ.

აფხაზეთში "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" ატარებდა მიტინგებს, რომელიც ანტიაფხაზური კი არა, ანტიიმპერიალისტური იყო. ჩვენი მიტინგების დედაარსი ქართველთა შევიწროებისათვის ხელის შეშლა იყო. ლიხნის შეკრების შემდეგ, სადაც ანტიქართული მოთხოვნები გახმაურდა, აქციების  ტალღა გავაძლიერეთ.

KvirisPalitra.Geერთ-ერთი აქციის შემდეგ ლესელიძიდან სოხუმისაკენ მიმავალ ავტობუსს, რომელშიც მომიტინგეები ისხდნენ, თავს დაესხნენ. მე, ზურაბ ჭავჭავაძე და მერაბ კოსტავა ახალი ჩასული ვიყავით ავტობუსიდან. გაგრაში მანქანა გველოდა. იქ გადავედით, დანარჩენებმა გზა გააგრძელეს და სწორედ მაშინ მოხდა თავდასხმა. ამის პატიება აღარ შეიძლებოდა. ამიტომაც 1989 წლის 2 აპრილს სოხუმში ჩავატარეთ გრანდიოზული აქცია, რომელშიც ბევრი აფხაზი მონაწილეობდა.

"ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ" ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკების პროვოცირების თავიდან ასაცილებლად წინააღმდეგობის ცენტრის თბილისში გადატანა გადაწყვიტა. 4 აპრილიდან თბილისში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, რამაც შოკში ჩააგდო კომუნისტური ხელისუფლება.

გორგოძე ამბობს, მომიტინგეების დარბევაში დამნაშავე აფხაზეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასჯა გადაწყვეტილი გვქონდა და ბორის ადლეიბას დასაპატიმრებლად ხალხი გავგზავნეთ. ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან მოლაპარაკებული ვიყავით, რომ ამ საკითხს მივხედავდითო.

ეს სრული აბსურდია. როდის იყო "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" შარზე და ღია კარს ამტვრევდა, თუ ჩვენ გადავირიეთ და აქციები უსაფუძვლოდ გავმართეთ? გორგოძესთან არავითარი მოლაპარაკება არ ყოფილა, ეს ტყუილია. ჩვენ ურთიერთობა ზვიადთან არა, მაგრამ მერაბთან ხომ გვქონდა? ის უსათუოდ გვეტყოდა, რაიმე შეთანხმება რომ ყოფილიყო. მერაბი ამ აქციების აქტიური მონაწილე იყო.

არც ის იყო შარიანი კაცი და მოგვარებული საკითხის გამო ქუჩაში რატომ გამოვიდოდა? ჩემი აზრით, ამ განცხადებით შოთა გორგოძეს "გათეთრება" უნდა, აქაოდა, კომუნისტები კარგები ვიყავითო და  პატიაშვილიც, ალბათ, იმიტომ ეთანხმება, რომ დანაშაულის გამო აქვს კომპლექსი.

სინამდვილეში, 4 აპრილის საყოველთაო გაფიცვისა და ჩვენი ზეწოლის შემდეგ მიიღეს კომუნისტებმა ადლეიბას თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება.

ამ შედეგით კმაყოფილი დავრჩით (რადგან ადლეიბა ლიხნის შეკრების აქტიური მონაწილე იყო), მაგრამ მოვითხოვდით ოზგანისა და იმ პირების დასჯასაც, ვინც მომიტინგეებს დაესხა თავს. აქციები ამ მოთხოვნით გაგრძელდა. თუკი ჩვენი მოთხოვნა შესრულდებოდა, აქციებს შევწყვეტდით, მაგრამ, სამწუხაროდ, აქციებში უფრო აქტიურად ჩაება ეროვნული მოძრაობის რადიკალური ნაწილი: ზვიად გამსახურდია, ირაკლი წერეთელი, ვაჟა მთავრიშვილი, რომელთაც გამოაცხადეს, აფხაზეთის პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე მოგვარდებაო და აქციის მთავარ მოთხოვნად საქართველოს დამოუკიდებლობა იქცა.

ხალხის წინაშე გამოვედი და ავუხსენი, - არ შეიძლება აფხაზეთთან დაკავშირებული მოთხოვნების მოხსნა-მეთქი, მაგრამ ამას სტვენით შეხვდნენ. ჩარევას აზრი აღარ ჰქონდა. რადგან აქციები ჩვენი წამოწყებული იყო და პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, იქაურობა არ მიგვიტოვებია, მაგრამ პროცესებს ჩვენ ვეღარ ვმართავდით, რიგითი მონაწილეების სტატუსით დავრჩით.

5 აპრილს  ილიასა და აკაკის ძეგლთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, რომლის ჩანაწერიც, სამწუხაროდ,  არ არსებობს. "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" წარმომადგენლები  ზვიადის მხარეს ვეხვეწებოდით, ორი დღე გვაცალეთ, ხელისუფლებამ აფხაზების ანტიქართულად განწყობილი ლიდერების საკითხი იქნებ გადაწყვიტოს, მერე ჩვენც შემოგიერთდებით და ერთად ჩავატაროთ აქცია დამოუკიდებლობის მოთხოვნით-მეთქი.

ზვიადს თითქოს ესმოდა ჩემი არგუმენტები, მაგრამ მაინც კატეგორიული უარი თქვა. მერაბიც ჩვენსავით ფიქრობდა, მაგრამ ზვიადის დაყოლიება ვერ მოახერხა.

მახსენდება 7 აპრილი, როდესაც ცხადი შეიქნა, რომ ხელისუფლება სისხლის ღვრას აპირებდა. ეს ჰაერშიც კი იგრძნობოდა. მომიტინგეების შესაშინებლად ტანკები გამოატარეს, რომელთაც რამდენიმე მანქანას გადაუარეს. მთავრობის სახლის უკან ზეწრებით სავსე მანქანები იდგა, - ალბათ, ამით  მიგვანიშნეს, რომ მიცვალებულების გასაზიდად დასჭირდებოდათ.

ასეთ დროს გაისმა ერთ-ერთი რადიკალური ლიდერის მოწოდება, სინკარები მოვზიდოთ და ბარიკადები ავაშენოთო. ამის გაგონებამ დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლების შეკვეთა სრულდებოდა. ითქვა თუ არა ეს, მიტინგს სინკარებით დატვირთული უზარმაზარი ტრაილერები მოადგა. სად შეეძლო მაშინდელ ოპოზიციას ასე უცებ მოეზიდა სინკარები? ხელისუფლებას ხელს აძლევდა, რომ ბარიკადებზე  სისხლის ღვრა მომხდარიყო. აქციისთვის არამშვიდობიანი კვალიფიკაცია მიეცათ და მსოფლიოს თვალში ამით გაემართლებინათ თავიანთი ქმედება.

ხელისუფლების დაგეგმილი პროვოკაცია მაშინვე გავაპროტესტეთ. ეს პროვოკაცია მერაბის წყალობით ჩაიშალა, მას ვერ მოუწყვეს ობსტრუქცია, ვერ გაუბედეს წინააღმდეგობის გაწევა. როგორც კი მერაბმა გამოაცხადა, ბარიკადების აგება დაუშვებელიაო, ტრაილერები მაშინვე გაიყვანეს.

8 აპრილს, დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე, მერაბს ველაპარაკე. მითხრა, სისხლის ღვრა აუცილებლად უნდა ავიცილოთ თავიდანო, მაგრამ მერე ვინ მოახდინა მასზე ზეგავლენა, არ ვიცი. ბოლო წუთებში ძალიან აღგზნებული მეჩვენა იმის გამო, რაც ხდებოდა. როდესაც პატრიარქი მიტინგზე მოვიდა, მერაბი გათიშულივით იყო, ალბათ, გადაღლილობისაგან.

"ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას" მიგვაჩნდა, რომ პატრიარქის მოწოდებას უნდა დავმორჩილებოდით და ქაშუეთში გადავსულიყავით სალოცავად. მიტინგი დაიშლებოდა და სისხლის ღვრასაც ავიცილებდით. მას შემდეგ, რაც მიტინგზე სტვენით შემხვდნენ, სიტყვით აღარ გამოვდიოდი, მაგრამ პატრიარქს დავუჯეროთ-მეთქი, დავრბოდი და ვეხვეწებოდი  იმ ლიდერებს, რომელთაც შეეძლოთ პროცესებზე მოეხდინათ ზეგავლენა.

- როგორც ამბობთ, ლიდერები აცნობიერებდით სისხლის ღვრის გარდაუვალობას. რატომ გადადგეს ზოგიერთებმა ასეთი ნაბიჯი?

- ზოგი იმდენად იყო აღგზნებული, შესაძლოა, ვერც აცნობიერებდა ამ საფრთხეს, მაგრამ ვინც აცნობიერებდა, ის შეგნებულად წავიდა ამაზე. თუ რატომ, ამას ისტორია შეაფასებს. ზოგი იმასაც კი ამბობდა, შესანიშნავია, სისხლი რომ დაიღვარაო. არის მომენტები, როდესაც ეს გარდაუვალია, მაგრამ 9 აპრილს ამის გარდაუვალობა არ ყოფილა. ეს ხომ ომი კი არა, მშვიდობიანი აქცია იყო, სადაც დაუცველი ქალები და ახალგაზრდები იყვნენ.

- ხშირად ამბობენ, საბჭოთა კავშირის დაშლა სწორედ 9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა დააჩქარაო.

- 9 აპრილის სისხლის ღვრამ შესაძლოა პროცესები 1-2 თვით დააჩქარა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლა გარდაუვალი იყო.

პატრიარქის მოწოდების დაჯერება ყველაზე გონივრული იქნებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად სატანისტური რიტუალი -  ბოროტი ძალის, რუსეთის იმპერიისათვის უმანკო ადამიანების მსხვერპლშეწირვა ჩატარდა. პატრიარქის მოწოდებას აბსოლუტურად არაქრისტიანული განცხადება მოჰყვა,  ფიცი გვაქვს მიცემულიო.

როდესაც რუსთაველის პროსპექტზე ტანკები გამოჩნდნენ და დარბევა დაიწყო, ზურაბ ჭავჭავაძემ მითხრა, მამაჩემი (ნიკო ჭავჭავაძე) მოხუცია და მიხედეო. მამამისისთვის კი უთქვამს, თამარი გაიყვანეო. ზურაბმა ასე ეშმაკურად გამარიდა იქაურობას. დემონსტრანტების ტალღამ რუსთაველის თეატრისაკენ გაგვიტაცა და იქ შევაფარეთ თავი. ვიცი, რომ მერაბი და ზურაბი ბოლო წუთამდე იყვნენ მთავრობის სასახლესთან და მოშიმშილეები გამოჰყავდათ.

მე და ზურამ გადავწყვიტეთ, შინ აღარ გაგვეთია ღამე და ერთი კვირით იატაკქვეშეთში გადავედით. ჩვენი დაპატიმრება უნდოდათ, მაგრამ ვერ გვიპოვეს. ამის მერე ჩამოვიდა შევარდნაძე. კომენდანტის საათი მოხსნეს. დაპატიმრების საშიშროება აღარ იყო და შინ დავბრუნდით.

უსაფუძველოდ არ მიმაჩნია ვერსია, რომ შევარდნაძე 9 აპრილის დარბევამდე იყო ჩამოსული თბილისში. დარწმუნებული ვარ, იმ სცენარის უკან, რაც თბილისში განხორციელდა, შევარდნაძე (რა თქმა უნდა, მოსკოვის დავალებით) იდგა. მისი "დამსახურებაა" ისიც, რომ აქციაზე აფხაზეთთან დაკავშირებული მოთხოვნები საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეიცვალა. Aამას სხვადასხვა მიზანი ჰქონდა, ერთ-ერთი პატიაშვილის მოშორება იყო.

- 9 აპრილი ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა. რატომ თქვა მან უარი 26 მაისზე?

- ჩემთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისია. 9 აპრილის დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადებას პროპაგანდისტული დატვირთვა ჰქონდა, თუმც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში ჩაიწერა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე აღდგა. ზვიად გამსახურდიას გაძლიერება და ხელისუფლებაში მოსვლა 9 აპრილსა და მის შემდგომ პროცესებთან იყო დაკავშირებული.

9 აპრილის შემდეგ ხელისუფლებაში რეალურად ზვიადი იყო და არა გუმბარიძე. გუმბარიძე იყო დროებითი ხელისუფალი, რომლის ფუნქცია მხოლოდ "მრგვალი მაგიდისთვის" ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება იყო. მოსკოვს დაგეგმილი ჰქონდა, ეროვნული ძალები ცოტა ხნით მიეშვა ხელისუფლებაში, რასაც შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ-ის) შექმნა მოჰყვებოდა. ასე რომ, 9 აპრილს ჩვენ ე. წ. "გეგმური დამოუკიდებლობა" მოვიპოვეთ, რომელიც სხვადასხვა რესპუბლიკაში სხვადასხვა დროს გამოცხადდა.

ქართულ ეროვნულ მოძრაობაში ტოტალური, მართული სისულელე და ბელადომანია იყო წახალისებული, რაც დღემდე მოგვდევს. პრინციპების გარშემო გაერთიანების ნაცვლად ბელადების ირგვლივ გაერთიანება გვჩვევია. ვერ ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ბელადი არის ბერკეტი, რომლის საშუალებითაც უცხო ძალა ქვეყანას მართავს.

მართალია, საქართველო იურიდიულად დამოუკიდებელი გახდა, მაგრამ ისევე როგორც 1918 წელს, 1991 წელს მოპოვებულ  დამოუკიდებლობასაც აბსოლუტურად მოუმზადებლები შევხვდით, სწორად  ვერ გამოვიყენეთ. აAმიტომაც დღეს საქართველო, რეალურად, არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა.