რა შემთხვევაში შეიძლება უგულავა არ დასახელდეს მერობის კანდიდატად - კვირის პალიტრა

რა შემთხვევაში შეიძლება უგულავა არ დასახელდეს მერობის კანდიდატად

"სააკაშვილს ისტერიულად ეშინია ხელისუფლების დაკარგვის, რადგან იცის, ამის მერე ან ციხეში მოხვდება, ან საგიჟეთში"

"7 ნოემბრის დარბევა გიგი უგულავას პირადი ბრძანებით დაიწყო"

"თუ ასე გავაგრძელეთ, 30 მაისს ვეღარ ვიქნებით ამპარტავნები და საზოგადოება პასუხს მოგვთხოვს"

"ის მაინც დამანახონ, რომ მიხეილ სააკაშვილის დამარცხება უნდათ და არა, ვთქვათ, აფთიაქის გახსნა"

"თუ "ეროვნული საბჭო", "ალიანსი" და "მრეწველები" გამარჯვების ფორმულაზე შეთანხმდებიან, მე სულ ბოლო ვიქნები, ვინც უპირობოდ ამ შეთანხმებას ხელს მოაწერს", - განაცხადა "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, რომლის გადაწყვეტილებასაც ოპოზიციური ბანაკი მოუთმენლად ელოდა. ერთ-ერთი მათგანი, ვისაც სოზარ სუბარმა საკრებულოს თავმჯდომარეობა შესთავაზა, ლევან გაჩეჩილაძეა.

თუკი ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ სააკაშვილის დამარცხებისათვის  საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი "დაიცავი საქართველოს" ლიდერი უნდა იყოს, ლევან გაჩეჩილაძე დათანხმდება:

- არასწორი შეფასებები კეთდებოდა, თითქოს  ვყოყმანობდი. პირიქით, ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს, რომელსაც არ გადავუხვევ - დამარცხების ფორმულაში მონაწილეობას არ მივიღებ. ოპოზიცია დაქსაქსულია. ერთმანეთს უფრო ებრძვის, ვიდრე სააკაშვილს.

ოპოზიციის საარჩევნო კამპანია არ არის აგრესიული. არ ვამბობ, რომ კამპანია ცემა-ტყეპით უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ ის მაინც დამანახონ, რომ მიხეილ სააკაშვილის დამარცხება უნდათ და არა, ვთქვათ, აფთიაქის გახსნა. დამარცხებისათვის განწირულ კამპანიაში არც მონაწილეობას მივიღებ და არც ხელს შევუშლი ვინმეს. არ მინდა თქვან, ლევან გაჩეჩილაძის ბრალია, რომ დავმარცხდითო.

- რაკი დამარცხების ფორმულაზე ლაპარაკობთ, ალბათ, გამარჯვებისაც იცით.

- გამარჯვების ფორმულა უპირველესად გულისხმობს სააკაშვილთან და არა ნოღაიდელთან ბრძოლას, აგრესიულ საარჩევნო კამპანიას სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების მხილებით ხალხის დარწმუნებას, რომ ხარ ლიდერი და გამარჯვება შეგიძლია.

ამის გაკეთება კი ორი გზით შეიძლLება: ყველა ოპოზიციური პარტია უნდა შეთანხმდეს, რომ ლიდერი ხარ ან შენ უნდა გქონდეს ისეთი თვისებები, სხვასთან შეთანხმება და დათანხმება არ გჭირდებოდეს. მხოლოდ განცხადებით, ლიდერი ვარო, ლიდერი ვერ გახდები. თუკი მაგარი მოჭიდავე ხარ, ტატამზე უნდა გახვიდე და სხვას მოერიო.

არ ვაპირებ 30 მაისს "ალიანსს", გოგი თოფაძეს ან პრაიმერისტებს ნიშნი მოვუგო. ჩემი მიზანი მხოლოდ სააკაშვილის დამარცხებაა. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ძალა მაქვს, გამხადეთ გამარჯვების ფორმულის მონაწილე და გეტყვით, გამარჯვების გზა სადაც არის.

მეგობრებო, ამპარტავნობის დრო დამთავრდა. თუ ასე გავაგრძელეთ, 30 მაისს ვეღარ ვიქნებით ამპარტავნები და საზოგადოება პასუხს მოგვთხოვს.

- რაში გამომჟღავნდა თქვენი კოლეგების ამპარტავნობა?

- პოზიციასა და განცხადებებში - ჩვენ მივდივართ გამარჯვებისაკენ, დიალოგი დამთავრებულიაო... ჩემთვის არ დამთავრებულა დიალოგის შესაძლებლობა და მათთვის რატომ უნდა დამთავრებულიყო? თუ დავივიწყებთ წყენას და პატარა კაცების თვისებას - კინკლაობას,  ხვალიდანაც შეიძლება ახალი ფურცლის დაწყება. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი მართლა მთავარი მიზანი სააკაშვილის დამარცხება იქნება.

საჭიროა კონსენსუსი ან  შეთანხმება ერთ კანდიდატზე. ჩემს თავს არ ვგულისხმობ, მაგრამ თუკი ოპოზიციის შეთანხმების შედეგად მომენიჭება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის როლი, ვიბრძოლებ. თუ არ მომენიჭება, განზე გავდგები და დაველოდები შედეგს, რადგან არ მინდა დამარცხებისათვის განწირულ პროცესში მონაწილეობა.

- თუ გამარჯვების ფორმულას დასჭირდება საკრებულოს თავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე და მერი ირაკლი ალასანია?

- ამაზე პასუხი რამდენიმე ოპოზიციურ ბანაკთან მოლაპარაკების მერე მექნება. თუ გადაწყვეტენ, მე დამაკისრონ ეს ფუნქცია, ვიქნები საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, მაგრამ თუ ოპოზიციური პარტიები ვერ მოილაპარაკებენ, არსად შეტენვას არ ვაპირებ.

- რომელ ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობთ?

- ყველა იმ ოპოზიციურ ძალას, რომლებსაც მერობის კანდიდატი ჰყავს დასახელებული გოგი თოფაძის ჩათვლით. ივანიშვილსა და ქრისტიან-დემოკრატებს არ ვგულისხმობ. გია ჭანტურიას გამონათქვამებში ისიც კი ვერ დავინახე, რომ ის ოპოზიციის კანდიდატია. ამ კაცმა თქვა, ოპოზიცია არა ვარო. თუ სურს ოპოზიციონერობა დაამტკიცოს, დამიჯდეს დებატებში და დავამტკიცებ, ვინც არის. საინტერესო არ არის, როგორ იქცა ძებნილი კაცი მერობის კანდიდატად?

- ამას წინათ განაცხადეთ, რომ ხელისუფლება ორ პაკეტს (ანუ ორ კანდიდატს წარადგენს) შეიტანს ცესკოში. რომელ სიტუაციაში გამოიყენებს პირველ ან მეორე პაკეტს?

- ასეთი რამ უკვე გააკეთეს საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ნინო ბურჯანაძის უარის მერე დაგვიანებით შევიდა ცესკოში "ნაცმოძრაობის" მეორე პაკეტი. ახლაც ასე იქნება. სააკაშვილს თბილისის მერად ურჩევნია უამბიციო კაცი, რომელიც მისი მონა იქნება.

- ამბობენ, რომ მეორე კანდიდატურა შეიძლება არჩილ გეგენავა იყოს.

- ვინაობას ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ გეტყვით, რომ ის პირი სააკაშვილს სრულ მორჩილებაში უნდა ჰყავდეს.

თუ ოპოზიცია გაერთიანდა და ხელისუფლებამ დაინახა ჩვენი გამარჯვების შანსი, სააკაშვილს სხვა გზა არ ექნება, - უგულავას დაასახელებს მერობის კანდიდატად, ხოლო თუ ოპოზიცია დაიქსაქსა და სუსტი იქნა, მას სათადარიგო მერობის კანდიდატითაც დაამარცხებს ხელისუფლება. ამ შემთხვევაში უგულავა არ დასახელდება. ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება უგულავას დამარცხება იქნება.

ის სააკაშვილზე ნაკლები დამნაშავე კი არ არის, არანაკლებ დანაშაულზე აქვს ხელი მოწერილი. 7 ნოემბრის დარბევა გიგი უგულავას პირადი ბრძანებით დაიწყო (როდესაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მოგვისია მოშიმშილეებს). ეს ვიცი სოზარ სუბარისაგან, რომელსაც ჩანაწერები აქვს, თუ როგორ იგეგმებოდა 7 ნოემბრის დარბევა.

- ამას წინათ ირაკლი ალასანია გააკრიტიკეთ.

- არ შეიძლება მხოლოდ ლაპარაკობდე,  რომ მაგარი ხარ, აუცილებელია ოპონენტების მოსმენაც. ვინც ჯანსაღად გაკრიტიკებს, იმას ყველაზე მეტად უნდა შენი გამარჯვება და შენი გულშემატკივარია. მისი პოზიცია ბევრად გამოკვეთილი იყო შარშან, როდესაც აპრილის აქციებს მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით შეუერთდა. მჯერა, რომ ირაკლი სააკაშვილს ებრძვის, მაგრამ ხალხიც უნდა დაარწმუნოს.

- გქონდათ "ალიანსთან" მოლაპარაკება? დაგიჭერთ თუ არა მხარს, თუკი დათანხმდებით საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობას?

-  შეხვედრას ორმხრივი თანხმობა სჭირდება. როდესაც მე თანახმა ვარ შეხვედრაზე და სხვებს კარი აქვთ გამოკეტილი, როგორ შევხვდებით?

- დათო გამყრელიძე და თქვენ ბავშვობის მეგობრები ხართ და რა მოხდა ასეთი, რომ თქვენი შეხვედრა ვეღარ ხერხდება?

- ჩვენ პოზიციური გაუგებრობა გვაქვს, რასაც მეგობრობასთან კავშირი არა აქვს. დათოს მიაჩნია, რომ "ალიანსი" საკმარისი ძალაა გასამარჯვებლად, მე კი ასე არ მგონია. როდესაც კარის გამოკეტვა ვახსენე, თინა ხიდაშელისა და მამუკა კაციტაძის განცხადებები ვიგულისხმე, - დავამთავრეთ მოლაპარაკებებიო.

- მაგრამ "ალიანსის" წევრია სოზარ სუბარიც, რომელიც განსხვავებულად ლაპარაკობს.

- სოზარს შეხვედრის სურვილიც ჰქონდა და ამიტომაც შევხვდი. ოპოზიციამ თავი უნდა დაანებოს კინკლაობას. ვერ ვხედავთ, რა რეცეპტიც გამოწერა 13 მარტს სააკაშვილმა? იმ დღეს "ტელეიმედი" მასობრივი განადგურების იარაღად აქცია. იმ ნახევარმა საათმა საქართველოს მოსახლეობის ფსიქიკა შეარყია.

ამ გადაცემით საქართველოს ანექსია ოპოზიციას დაჰბრალდა, მაშინ როდესაც მთავარი დამნაშავე სააკაშვილია. ეს შიზოფრენიამდე მისული აბსურდი სააკაშვილმა მეორე დღეს დაადასტურა განცხადებით, დიახ, ეს საქართველოს მომავლის ყველაზე რეალური სურათი იყოო.

სააკაშვილს ისტერიულად ეშინია ხელისუფლების დაკარგვის, რადგან იცის, ამის მერე ან ციხეში მოხვდება, ან საგიჟეთში. ამ შიშმა დაადგმევინა ეს სპექტაკლი. სასამართლოში შევიტან სარჩელს იმის გამო, რომ სააკაშვილმა სამშობლოს ღალატი დამწამა.

- IRI-ის სოციოლოგიური კვლევების შედეგად "ნაციონალური მოძრაობა" და სააკაშვილი ლიდერობენ.

- კვლევას მათ უკვეთენ, ვისაც მერაბიშვილი აკონტროლებს. სააკაშვილია პარლამენტში, სასამართლოში, ტელევიზიასა და ოპოზიციაშიც. ეს არის კლასიკური დიქტატურა. თუ ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, მაშინ თამამად შემიძლია თქმა, რომ ჩვენი აშენებული სახელმწიფო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამდენი ჭირი გადავიტანეთ და ამ ჭირუკელასაც მოვერევით, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ჰქვია.

- აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას სად აპირებთ?

- ჩვენი ოჯახის წევრების უმეტესობა მარხულობს. შობას ვეზიარე და თუ ახლაც მივიღებ ამ წყალობას, ძალიან ბედნიერი ვიქნები. აღდგომას დიდ სამებაში მივდიოდი ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს, რაც იქ ხელისუფლების პიარმოზღვავებაა, გული აღარ მიმიწევს, შესაძლოა, საგურამოშიც წავიდე.

მინდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო საქართველოს და ვისურვო, რომ პატრიარქის მიმდევრები და დამჯერნი ვიყოთ, რადგან მასზე დიდი და ბრძენი ადამიანი საქართველოს დღეს არა ჰყავს. ის განიცდის ყველაზე მეტად საქართველოს გასაჭირს და მინდა მასაც მივულოცო აღდგომა.

აღდგომის დღესასწაულზე უდროოდ წასულებს, იმ ადამიანებს ვიხსენებთ, რომლებიც ჩვენ გვერდით აღარ არიან. მინდა ყველა მათგანის სული ნათელში იყოს. ვისურვებდი მათი გზა ღირსეულად გაგვეგრძელებინოს.