"რუსეთიდან ომის დაწყების საფრთხე მინიმიზებულია" - კვირის პალიტრა

"რუსეთიდან ომის დაწყების საფრთხე მინიმიზებულია"

"როგორც წესი, IRI-ს კვლევის შედეგს დიდი ცდომილებები არა აქვს ხოლმე"

მოსკოვში მოწყობილ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ჩეჩენმა საველე მეთაურმა დოკუ უმაროვმა აიღო, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ მაინც არ გაუშვა ხელიდან შანსი, რომ ბრალდებები ქართული სპეცსამსახურებისთვის წაეყენებინა. ამ თემით დავიწყეთ საუბარი პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელთან:

- საქართველოში თანაგრძნობითა და მწუხარებით შეხვდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას მოსკოვში.

- რუსული დოქტრინა მსოფლიოს თვალში საქართველოსთვის უარყოფითი იმიჯის შექმნას გულისხმობს. აქედან გამომდინარეობს ტერაქტებში ქართული კვალის მოძებნის მცდელობაც. საქართველოზე ეჭვის დათესვა არაერთხელ უცდია რუსეთს და ბოლოდროინდელ ტერაქტებთან საქართველოს სპეცსამსხურების დაკავშირება მოულოდნელი აღარ ყოფილა. დარწმუნებული ვარ, ამ უსაფუძვლო ბრალდებებისა არავის სჯერა, - ულოგიკოა საქართველოს დაკავშირება მომხდართან. რუსეთში ზოგი პროვოკაციებს თხზავს, ზოგიც ამ პროვოკაციებს იყენებს. თუმც არა მგონია, ამ ბრალდებებს რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია მოჰყვეს.

რუსეთის სპეცსამსახურების სიძლიერეზე ლეგენდებს ჰყვებიან, მაგრამ რეალური ძალა რომ ჰქონდეთ, ტერაქტების პრევენციას შეძლებდნენ. მით უმეტეს,  წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ასეთი რამ იგეგმებოდა და ტერორისტების საუბარიც მოსმენილი ჰქონდათ. სხვათა შორის, ითქვა, რომ რუსეთმა თავად მოაწყო ტერაქტები, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პუტინის რეიტინგის გაზრდა იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას ეს ვერსია არ გაუმეორებია.

- მინდა გკითხოთ IRI-ს კვლევის შესახებ, რომელიც ოპოზიციის უმეტესობამ ეჭვქვეშ დააყენა.

- არ მახსოვს კვლევა, რომლითაც ყველა კმაყოფილი ყოფილიყოს. სახელისუფლებო გუნდისათვის კვლევის შედეგი თავმოწონების საფუძველი სულაც არ არის. იყო პერიოდები, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობასა" და ხელისუფლებას გაცილებით მეტი მხარდაჭერა ჰქონდა.

ჩვენთვის კვლევის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის გვიჩვენებს, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ვისაც შედეგი არ მოსწონს, იმ მიმართულებით უნდა გააძლიეროს მუშაობა, სადაც კვლევა პრობლემას აჩვენებს.

როგორც წესი, IRI-ს კვლევის შედეგს დიდი ცდომილებები არა აქვს ხოლმე. არ მაკვირვებს, რომ ქართველი საზოგადოება, რომელმაც ომი და ეკონომიკური კრიზისი გამოიარა, დღეს უფრო ოპტიმისტურია. ხალხმა დაინახა, რომ საქართველო (აქ მხოლოდ ხელისუფლებას არ ვგულისხმობ) მაქსიმალურად გაუმკლავდა ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებულ დარტყმებს. ოპტიმიზმს აჩენს ისიც, რომ საერთაშორისო ზეწოლის გამო რუსეთიდან ომის დაწყების საფრთხე მინიმიზებულია.

მართლმადიდებლობაც, რომლის მიმდევარიც ჩვენი საზოგადოების უმეტესობაა, სწორედ ოპტიმიზმს ქადაგებს და გვასწავლის, რომ ადამიანი სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს. ვფიქრობ, კვლევის შედეგზე ზეგავლენა ამ ფაქტორმაც იქონია.

მით უმეტეს, ახლა გვმართებს ოპტიმიზმი, როდესაც აღდგომას ვდღესასწაულობთ. ამ დღეებში პოლიტიკოსებიც ვცდილობთ, თავი ავარიდოთ მწვავე შეფასებებს. ქვეყანაში მშვიდი და კეთილგანწყობილი ატმოსფერო სუფევს. ყველა მორწმუნისათვის ეს ფიქრისა და ნამოქმედარის გაანალიზების დროა. ვფიქრობთ, რამდენად მართალი ვართ უფალთან და საკუთარ თავთან.

მინდა მოგილოცოთ თქვენც და თქვენს რედაქციასაც აღდგომის დღესასწაული. ღვთის წყალობა ყველას სჭირდება, განსაკუთრებით - ჟურნალისტებს. ბედნიერი აღდგომა დამდგარიყოს ჩვენი ქვეყნისთვის. თუ სიყვარულითა და სიკეთით ვიცხოვრებთ, უფალი უსათუოდ დაგვეხმარება.