"უსუფაშვილმა ბურჯანაძის ინიციატივას ფასი დაადო" - კვირის პალიტრა

"უსუფაშვილმა ბურჯანაძის ინიციატივას ფასი დაადო"

ბურჯანაძეს უნდა, რომ ავადმყოფ უჯრედებს თავი მოუყაროს, რათა პრორუსულად განწყობილი ჯგუფები წინასაარჩევნოდ ინაშვილისკენ, ნათელაშვილისკენ, ბედუკაძისკენ ან კვარაცხელიასკენ არ გაეპაროს. ამით რუსეთსაც ასიამოვნებს და მეტ დაფინანსებასაც მიიღებს...

"რესპუბლიკელები" და ბურჯანაძე ერთმანეთს იყენებენ" - ასე ეხმაურება ირაკლი სესიაშვილი ნინო ბურჯანაძის უბლოკო სტატუსის შექმნის ინიციატივაზე რესპუბლიკელების პასუხს, რომ კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსი განისაზღვროს. რატომ გაუჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ეჭვი, რომ ნინო ბურჯანაძე და რესპუბლიკელები შესაძლოა უნისონში მოქმედებდნენ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საუბრობს:

ირაკლი სესიაშვილი: "რომ არა უსუფაშვილი, ბურჯანაძის შეთავაზება ნახევარი დღის სიახლე იქნებოდა"

- საქართველომ ევროატლანტიკური კურსი დიდი ხნის წინ აირჩია, ხელისუფლებაც ამ მიმართულებას ავითარებს და შესაბამისად, დასავლური კურსი განხილვასაც კი არ ექვემდებარება. უბლოკო სტატუსი ოკუპაციის აღიარებას, სტატუსკვოს შეგუებასა და საქართველოს ბუფერულ ზონად გამოცხადებას ნიშნავს, სადაც უპირატესობა დომინანტ სამხედრო-პოლიტიკურ ძალას, ანუ რუსეთს ექნება. ვფიქრობ, ქალბატონი ნინოსგან უბლოკო სტატუსზე საუბარი პრორუსული პოლიტიკის გატარებას ნიშნავს, რაც, სავარაუდოდ, პრორუსულად განწყობილ ამომრჩეველზეა გათვლილი. დარწმუნებული ვარ, საქართველო არასოდეს დაუშვებს, ოკუპაციას შეეგუოს.

- მაშინ რატომ გახდა თქვენთვის მიუღებელი რესპუბლიკელების ინიციატივა, რომ კონსტიტუციაში ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი განსაზღვრულიყო?

- რომ არა დავით უსუფაშვილის ინიციატივა, ნინო ბურჯანაძის შეთავაზება ნახევარი დღის საინფორმაციო სიახლე იქნებოდა. დიდი ხანია ბურჯანაძე პოლიტიკურ რეკლამას ატრიალებს, სადაც მთავარ პრიორიტეტად უბლოკო სტატუსს ასახელებს, თუმცა საზოგადოებას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ დუეტი შეიკრა და უსუფაშვილმა ბურჯანაძის ინიციატივას ფასი დაადო. თუ რესპუბლიკელებს კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის გაკეთება სურდათ, ამისთვის ოთხი წელი ჰქონდათ - მე პირველი ვიქნებოდი, ვინც მხარს დაუჭერდა.

ლევან ბერძენიშვილი: "ქართულ ოცნებაში" დღესაც ბევრი მეჭიაურია"

ირაკლი სესიაშვილის განცხადებას რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი შეცდომად აფასებს: - სესიაშვილმა იცის, რომ ბურჯანაძესთან შეკრულები არ ვართ და არც რუსების აგენტურას წარმოვადგენთ, ალბათ ფიქრობს, რომ მსგავსი განცხადებებით ცენტრალურ პოლიტიკაში ჩაერთვება, რადგან პერიფერიაშია გაშვებული. ბურჯანაძეს უნდა, რომ ავადმყოფ უჯრედებს თავი მოუყაროს, რათა პრორუსულად განწყობილი ჯგუფები წინასაარჩევნოდ ინაშვილისკენ, ნათელაშვილისკენ, ბედუკაძისკენ ან კვარაცხელიასკენ არ გაეპაროს. ამით რუსეთსაც ასიამოვნებს და მეტ დაფინანსებასაც მიიღებს.

- რატომ გამოეხმაურეთ ახლა ბურჯანაძის განცხადებას და არ დააყენეთ იგივე ინიციატივა ოთხი წლის განმავლობაში?

- ამ ინიციატივაზე უარს ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ იძახდნენ, კონსტიტუციაში უნდა ჩავწეროთ ქორწინების განსაზღვრებაო. მგონი, ლოგიკასთანაც მწყრალად არიან. წარმოიდგინეთ, როგორი გმირობა გამოიჩინა დავით უსუფაშვილმა და ივანიშვილმაც, რომ ამ ადამიანებს პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონი მივაღებინეთ.

ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც ეზიზღებათ კანონები, სადაც საუბარია, რომ ქალი არ უნდა მოკლა - ამათ ევროპაში არ უნდათ, ამიტომაც ვითხოვთ, კონსტიტუციაში ქვეყნის კურსის განსაზღვრას.

- დააკონკრეტეთ, "ქართული ოცნებიდან" ვის არ სურს ევროპაში?

- იქ დღესაც ბევრი მეჭიაურია. არ დავაკონკრეტებ, თუმცა მიგანიშნებთ - გაიკითხეთ, რა განწყობაა "ოცნების" ფეხბურთელ და ხელოვან კანდიდატებს შორის... მათ დღესაც რუსეთი უყვართ.

- ლევან გოგიჩაიშვილზეც იმავეს ფიქრობთ, რომელიც უსუფაშვილის საარჩევნო კონკურენტია?

- საბურთალო შეცდომას არ დაუშვებს და დავით უსუფაშვილზე, საქართველოს ისტორიაში ყველაზე კარგ პარლამენტის თავმჯდომარეზე, ლევან გოგიჩაიშვილს არ გაამარჯვებინებს. აშშ-ში ნასამართლევი ადამიანი წინასაარჩევნოდ კანდიდატურას ვერასოდეს დააყენებდა, საქართველოში ხდება პარადოქსები...

რუსუდან შელია