"დიახ, მაჟორიტარად წარდგენის შემდეგ დავფიქრდი, მინდოდა თუ არა კიდევ პოლიტიკაში ყოფნა" - კვირის პალიტრა

"დიახ, მაჟორიტარად წარდგენის შემდეგ დავფიქრდი, მინდოდა თუ არა კიდევ პოლიტიკაში ყოფნა"

"დიდ ბიზნესში წასვლა გადავწყვიტე"

ხობის ოთხგზის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამჯერად "ქართული ოცნების" კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა და პოლიტიკას ბიზნესში წასვლა არჩია:

- პარტიის ხელმძღვანელობას ავუხსენი, რომ არჩევნებში მონაწილეობა აღარ მსურდა. ოთხგზის დეპუტატი ვარ, კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიყო პარლამენტში?! დიდ ბიზნესში წასვლა გადავწყვიტე. თანაც ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვა - არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დეპუტატობას საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის ვიყენებ.

- მსგავსი ბრალდებები თქვენს მიმართ ისედაც წლების განმავლობაში ისმოდა. ახლა რომელმა ბიზნესწამოწყებამ გათქმევინათ დეპუტატობაზე უარი?

- ეს მხოლოდ ბრალდებები იყო და რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ჩემი მანდატი პირადი ინტერესებისთვის არასდროს გამომიყენებია. რაც შეეხება პროექტს, ხობში მნიშვნელოვანი ბიზნესინიციატივა მაქვს, რომელსაც ახლა ვერ დავაკონკრეტებ. რამდენიმე ქარხანა შენდება. მათი დამფუძნებელი და დირექტორი არ ვარ, თუმცა საქმე ჩემი ინიციატივით კეთდება. ვფიქრობ, ჯერ კიდევ მაქვს ჯანი და უნარი, ბიზნესში მეტ წარმატებას მივაღწიო.

- ახალი მოწოდების შესახებ მანამ არაფერი იცოდით, ვიდრე "ქართული ოცნება" ხობში მაჟორიტარ კანდიდატად წარგადგენდათ?

- მმართველი გუნდისგან ხობში ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერა უდიდესი პატივი იყო. ეს ერთგვარ სიძლიერეზეც მიანიშნებდა, თუმცა, დიახ, წარდგენის შემდეგ დავფიქრდი, მინდოდა თუ არა კიდევ ოთხი წელი პოლიტიკაში ყოფნა და მივხვდი, რომ აღარ მინდა. თუმცა ეს არ ყოფილა დემარში. მერწმუნეთ, სხვა მიზეზი არ არსებობს.

- გასაგებია, რომ ყველა ხელისუფლებასთან საერთო ენის პოვნას ყოველთვის ახერხებდით, თუმცა არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე პარტია ფაქტის წინაშე დააყენეთ, თუ ხობში თქვენი შემცვლელი უკვე ნაპოვნია?

- ხელისუფლებას უნდოდა დავრჩენილიყავი და არჩევნებში ბრძოლა გამეგრძელებინა. მერწმუნეთ, ნეგატიური გამოხმაურების მიუხედავად, ხობში მეხუთედ დეპუტატად არჩევა გარანტირებული მქონდა. მეც ვეცნობოდი ნეგატიურ გამოხმაურებებს და საზოგადოების რეაქციაც მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ დეპუტატობასა და პარლამენტს ჩაბღაუჭებული ვარ... ვფიქრობ, ახლა უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ ჩემი რაიონისთვის.

- როგორია თქვენი პროგნოზი - შეძლებს ხელისუფლება სამეგრელოში გამარჯვებას?

- არამხოლოდ სამეგრელოში, ხელისუფლება ყველა რაიონში გაიმარჯვებს. თუმცა ადგილზე მეტი მუშაობაა საჭირო.