"ქართული ოცნება" გადამწიფებულ თინეიჯერს დაემსგავსა, რომელსაც მამა აზულუქებს"
22-08-2016
"ქართული ოცნება" გადამწიფებულ თინეიჯერს დაემსგავსა, რომელსაც მამა აზულუქებს"
"ოცნებას" ტყუილად ჰგონია, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს მთავრდება..."

"გასაგებია, რომ სპორტსმენობა ნაკლი არ არის, მაგრამ ბოლო ოთხმა წელმაც დაგვანახა, რომ კანონშემოქმედებითობა არ არის მათი მოწოდება"


"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარების წარდგენა დედ­ა­ქალაქით დაასრულა - პარტიის ლიდერების დაპირების მიუხედავად, წინასაარჩევნოდ მმართველი ძალის რიგებში ისევ სპორტსმენები და ხელოვანები ჭარბობენ. რა კრიტერიუმებით შეარჩია "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები და პრინციპულად რატომ განსხვავდება პარტიის მაჟორიტარული სია პროპორციულისგან, ამ საკითხებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრა:

-
"ქართული ოცნება" საკუთარ განცხადებებს ეწინააღმდეგება - თავდაპირველად გვითხრეს, აქცენტს იმ პოლიტიკოსებზე ვაკეთებთ, რომლებსაც სუფთა წარსული აქვთ და განათლება საზღვარგარეთ მიიღესო, თუმცა მათ რიგებში ე.წ. მიგრანტი პოლიტიკოსები მივიღეთ, ანუ ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში ხელისუფლების ცვლილების პარალელურად გადადიან. პარტიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, "ნაციონალური­ მოძრაობის" 9-წლიან რეჟიმზე საუბარიც
კი უკვე ფარსს ემსგავსება!

"ქართული ოცნების" რიგები სწორედ წინა ხელისუფლების რეჟიმის უშუალო მონაწილეებით გაივსო. თუ "ქართული ოცნება", მორალური ხარვეზების მიუხედავად, ნებისმიერ პოლიტიკოსთან კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა, ვთხოვ, ღირებულებებსა და პრინციპებზე ნუ გველაპარაკებიან.

- და როგორია პროგნოზი - შეძლებენ დასახელებული კანდიდატები გამარჯვებას?

- ლოგიკა, რომ კობიაშვილი, ყაველაშვილი თუ აბუსერიძე უფრო მნიშვნელოვანი­ ფიგურები არიან, ვიდრე პროფესიონალები­ და ისინი გაიმარჯვებენ, აბსოლუტურად მცდარია და მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ "ქართული ოცნებისთვის" ძალაუფლება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო ინტერესი. თუმცა ძალაუფლების მოპოვებას ისევ ბიძინა ივანიშვილის რესურსების პარაზიტობით გეგმავენ - ვიღაც ფოკუსებს ჩაატარებს და ძმაკაც-მეგობრებს მაჟორიტარებად წარადგენს, ბიძინა ივანიშვილი კი თურმე მათ ხელისუფლებაში დასვამს.

როგორც ჩანს, ის, ვინც მაჟორიტარებს არჩევს, სწორედ ასე ფიქრობს. "ქართული ოცნება" დაემსგავსა გადამწიფებულ თინეიჯერს, რომელსაც მამა აზულუქებს. გასაგებია, რომ სპორტსმენობა და მსახიობობა ნაკლი არ არის, მაგრამ ბოლო ოთხმა წელმაც ნათლად დაგვანახა, რომ კანონშემოქმედებითობა არ არის მათი მოწოდება. თვითონ ამ ადამიანებსაც რატომ აწვალებენ, გაუგებარია. თუ მათ დასაქმებაზე ზრუნავენ, სამსახური სხვადასხვა სპორტულ ფედერაციაში ეძებონ.
რატომ უნდა ისხდნენ ყაველაშვილი ან კობიაშვილი პარლამენტში და ქაღალდებს ატრიალებდნენ? ეს ხომ მათ შინაგანადაც ეჯავრებათ?!
მათ პირველივე ტურში გამარჯვება გაუჭირდებათ - განსაკუთრებით თბილისში, ბევრ ოლქში მეორე ტური გველოდება, შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" არ ექნება ფუფუნება, გამარჯვება 8 ოქტომბერს გამოაცხადოს.

ხელისუფლება კი, რომელიც არჩევნების დღეს გამარჯვებას ვერ აცხადებს, ამომრჩევლის თვალში სისუსტეს ავლენს და მეორე ტურის შედეგებზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს. "ოცნებას" ტყუილად ჰგონია, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს მთავრდება, რეალურად ძალაუფლების საკითხი 8 ოქტომბრიდან ორი კვირის შემდეგ - მეორე ტურებზე გადაწყდება. მეჩვენება, რომ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევისას მათ ეს რისკი ვერც კი გაიაზრეს. მერწმუნეთ, ადრე თუ გვიან, პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება - თუ კანდიდატებმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს, კონკრეტულმა პირმა ამაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

- ვინ არის პასუხისმგებელი პირი -პრემიერი?

- ფაქტია, პარტიის მაჟორიტარ კანდიდატთა ჩამონათვალი და პროპორციული სია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება - მაჟორიტარების სიას პრემიერი­, რომელიც ილიას სახლ-მუზეუმში ახალი სახეებით წარდგა, არ ადგენს. ამ საქმეში, ძირითადად, კახა კალაძეა ჩართული. გასაგებია, რომ კახა კალაძე პარტიის გენერალური მდივანია და კანდიდატების შერჩევაშიც აქტიურად მონაწილეობს, მე უფრო ის მიკვირს, რატომ გახდა ამ მხრივ უფუნქციო პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი?! მისი ხელი კანდიდატების შერჩევაში ნამდვილად არ იგრძნობა.

თავის მხრივ, პასუხისმგებლობას ვერც ბიძინა ივანიშვილი მოიხსნის - ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საკუთარი პარტია ხელისუფლებაში დატოვოს. თუმცა როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს არაჯანსაღი მიდგომა - ოთხი წელი ტყუილად დაიკარგა, პარტიამ ვერც ერთი ლიდერის აღზრდა ვერ მოახერხა, პირიქით, ყველა მიმართულებით დეგრადაცია განიცადა და მაჟორიტარები და პროპორციული სიის წარმომადგენლებიც გარედან მოჰყავს.
ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან პარტიის შექმნაში გარკვეულწილად მეც ვმონაწილეობდი.

მაგალითად, რა კავშირშია "ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატებთან ლევან კობიაშვილი? მრჩება შთაბეჭდილება, რომ მან, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვერ გაამართლა და ახლა ფედერაციიდან დასაქმების ალტერნატიული გზით მის უმტკივნეულოდ ჩამოშორებას ცდილობენ.
ვერ გამიგია, რატომ ფიქრობს თუნდაც კალაძე, რომ დეპუტატის მანდატი ნაკლებად საპასუხისმგებლოა? ან რატომ აწვალებენ თვითონ კობიაშვილს და იმ სფეროში უშვებენ, სადაც წარმატებული ვერ იქნება? ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში ყაველაშვილი, აბუსერიძე თუ კობიაშვილი წარმატებული დეპუტატები იქნებიან.

ზაზა ხუციშვილი და ლევან გოგიჩაიშვილიც წლების განმავლობაში საზოგადოებრივად აქტიურები იყვნენ, თუმცა მათი განათლების ხარისხი ჩემთვის ნაკლებად ცნობილია. არა მგონია, მათთვის კომფორტული იყოს იმ ხალხთან ყოფნა, რომლებიც ციხის კადრების ფონზე 2012 წლის არჩევნებში კენჭს­ "ნაციონალური მოძრაობის" სახელით იყრიდნენ. სხვათა შორის, ლევან გოგიჩაიშვილის დავით უსუ­ფაშვილის კონკურენტად დასა­ხელება­ ჩემთვის მოულოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბ­ლიკური პარტიის" მიმართ ყოველთვის კრიტიკულად ვარ განწყობილი, ვფიქ­რობ, უსუფაშვილი ქართული პოლი­ტიკისთვის დასაკარგი ნამდვილად არ არის. მას "ქართული ოცნების" წინაშეც დიდი დამსახურება მიუძღვის, ამ პარტიისთვის ბევრი უმუშავია, რასაც ვერ დავაკონკრეტებ, ამიტომ იმდენი პატივი უნდა ეცათ, რომ კონკურენტი არ ჩაესვათ.

- და საბურთალოსგან განსხვავებით, რატომ­ არ დაასახელა "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი კანდიდატი მთაწმინდაზე - სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ?

- სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მართლაც კარგი ჟესტია, როდესაც დამოუკიდებელ მაჟორიტარს მხარს უჭერ, თუმცა უსუფაშვილზე გული დამწყდა. არ ვფიქრობ, რომ ლევან გოგიჩაიშვილი დავით უსუფაშვილზე ნაკლებად კონკურენტუნარიანია. შანსი აბსოლუტურად თანაბარი აქვთ, რადგან ამ რაიონში ლევან გოგიჩაიშვილს კარგად იცნობენ.

- ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა. ეს გადაწყვეტილება ხომ არ ნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ წარდგენილი კანდიდატების გადახედვა დაიწყო?

- პირველ რიგში, გულწრფელად მინდა დავიჯერო, რომ ბუკიამ საკუთარი წარსული გააანალიზა და მისი პოსტულატიც რეალური მონანიება გახლდათ. მეორე მხრივ, ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ "ქართულ ოცნებას" განსაკუთრებული პრობლემები სამეგრელოში აქვს - ამ რეგიონში "ნაციონალური მოძრაობა" გენერალურ ბრძოლას გეგმავს, სანდრა რულოვსის ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენაც სწორედ ამის მაჩვენებელი იყო. დღეს "ნაცმოძრაობისთვის" პრიორიტეტი სამეგრელოა, რადგან მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური საარჩევნო კამპანიის ჩატარების რესურსი არა აქვს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მმართველმა პარტიამ სამეგრელოში კანდიდატების გაძლიერება გადაწყვიტა. გოდერძი ბუკიასაც თამაშიდან რბილად გასვლაც ამიტომ შესთავაზეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მხოლოდ "ქართული ოცნების" არასერიოზულობაზე მიანიშნებს. თუ ცოტა ხნის წინ ოპოზიციური პარტიების დაშლაზე ქირქილებდნენ, დღეს მათ მიერვე წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები ეცლებათ.

"ქართული ოცნება" უკეთეს არჩევანს გააკეთებს"


ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, გოდერძი ბუკია საკუთარ სურვილებში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენამდე უნდა გარკვეულიყო:

- კარგი იქნებოდა, გოდერძი ბუკიას გადაწყვეტილება მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენამდე მიეღო. ცუდია, როდესაც კანდიდატი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მონაწილეობაზე უარს ამბობს. თანაც, მის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ბიზნესში მიდის. ეს ამ დრომდე არ იცოდა?!

პარტია ხობში წარმატებულ კანდიდატს წარადგენს და ხობელებსაც ოპტიმისტურად განაწყობს. "ქართული ოცნება" უკეთეს არჩევანს გააკეთებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით