"ვურჩევ, ნუ ჩამოეკიდება სკამს!" - კვირის პალიტრა

"ვურჩევ, ნუ ჩამოეკიდება სკამს!"

ნინო სულხანიშვილი: "თუ გამოიკვეთა ჩვენი ბრალეულობა, აუცილებლად დავტოვებ თანამდებობას"

"ხეების მოსაჭრელად ჯალალ-ედინი არ მოვარდნილა. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას"

17 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ვიდეომ, რომელზეც ასახულია ასწლოვანი ხეების ჭრის ვანდალური ფაქტი, მოსახლეობა აღაშფოთა. ყაზბეგის გამზირის 24-ე ნომერში (ყოფილი სისხლის გადასხმის ინსტიტუტის მახლობლად) რამდენიმე წუთში საზოგადოება შეიკრიბა და ხისმჭრელებს"მუშაობის"გაგრძელების საშუალება არ მისცეს. ადგილობრივების თქმით, რაიონის გამგებელს ხალხი დაუმშვიდებია, - მხოლოდ ზეხმელი ხეები მოჭრესო. "პარტიზანული მებაღეობის" წევრები კი საღი ხეების გაჩეხაზე საუბრობდნენ და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. "პარტიზანული მებაღეობის" წევრმა ნატა ფერაძემ უვადო შიმშილობაც გამოაცხადა. უკვე რამდენიმე დღეა, მერიის წინ შიმშილობს...

როგორც ნინო სულხანიშვილმა განაცხადა, მათმა სამსახურმა დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრაზე გასცა ნებართვა და გადაწყვეტილების მიღებისას კომპანია FOREST CONSALTING-ის დასკვნით იხელმძღვანელა...

პროტესტის მეორე დღეს, თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების ჭრა შეჩერდა. მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებით, საეჭვო გახდა შპს FOREST CONSALTING-ის მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა და მასალები მთავარ პროკურატურაში გაგზავნეს. არასამთავრობო სექტორი გამწვანების სამსახურს ექსპერტიზის დასკვნის გადაუმოწმებლობაში ადანაშაულებს. "კვირის პალიტრა" თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს ესაუბრა.

"არ გვევალება ექსპერტიზის დასკვნის გადამოწმება"

ნინო სულხანიშვილი: - ჩემს სამსახურს კანონით არ ევალება ექსპერტიზის დასკვნის გადამოწმება. ჩვენი სამსახური ეფუძნება ექსპერტიზის დასკვნას, რის საფუძველზეც გავცემთ ხეების მოჭრის უფლებას. გავეცით მხოლოდ დაავადებული, ზეხმელი ნარგავების მოჭრის ნებართვა. მოჭრილი ხეები (4 კედარი) ვიზუალურად ჯანმრთელი კი ჩანს, მაგრამ ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ დაავადებულია და მათი მოჭრა აუცილებელია. ჩვენი კეთილსინდისიერების დასამტკიცებლად მივმართეთ პროკურატურას, შეისწავლონ ეს შემთხვევა. არასამთავრობო სექტორი ითხოვს, დავტოვო სამსახური. ეს არ არის პრობლემა, თუმცა მთავარია, დადგინდეს სიმართლე. არ გაგვიცია ჯანსაღი ხეების მოჭრის ნებართვა, თუმცა, თუ გამოიკვეთა ჩვენი ბრალეულობა, აუცილებლად დავტოვებ თანამდებობას.

- ექსპერტიზის დასკვნაში თუ არის მითითებული, რომ დაავადებული ხე აუცილებლად მოსაჭრელია?

- არა, ექსპერტიზის დასკვნაში ეს არ იწერება, მხოლოდ ფიქსირდება ხეების მდგომარეობა, შემდეგ მერია იღებს გადაწყვეტილებას. ექსპერტიზაში საუბარი იყო 68 ხეზე, აქედან 45 ხე მოიჭრა... მერიის ბრალეულობა არ იკვეთება, თუკი პროკურატურა აღმოაჩენს ამ გარემოებას, გავიზიარებთ პასუხისმგებლობას.

"როდესაც დიდ ფულზეა საუბარი, მერიის თანამშრომლები თანხმობას უყოყმანოდ გასცემენ"

ნატა ფერაძე, "პარტიზანი მებაღე": - ჩვენ მოვითხოვთ მერიის თანამშრომლების, თბილისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოოგიის საქალაქო სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის, ნუგზარ კახნიაურის გადადგომას. მათ პასუხი უნდა გაგვცენ ვაკის პარკში განხორციელებულ ქმედებებზე, ფიტოსანიტარიულ მდგომარეობაზე, არაადეკვატურ დარგვასა და მოჭრაზე. მერია ფლანგავს ბიუჯეტს, მუშაობენ არაპროფესიონალები, აკეთებენ უაზრო კომენტარებს. რამდენიმე დღეა, ვშიმშილობ. მერია ჩვენს ჯანმრთელობას არად აგდებს. არანაირი ყურადღება არ გამოუჩენიათ.

- რა იცით ჯანსაღი ხეების მოჭრის რაოდენობის შესახებ?

- ჩვენი ინფორმაციით, მოჭრილი ხეებიდან 23 ნამდვილად ჯანსაღი იყო. შესაძლებელია დაავადებული ხეების გადარჩენაც. დასკვნა მომზადებულია კომპანია FOREST CONSALTING-ის მიერ. ამ კომპანიის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2012 წელს შეიტანეს სარჩელი... ეს არ არის პროფესიონალთა გუნდი, გაუგებარია, რატომ ენდობა მერია მას. აქ შეიძლება იყოს კორუფციული გარიგება ან ილუზია, ქალაქისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელებისა.

გამწვანების სამსახურს აქვს პრობლემა, ადრეც ასე იყო. გამწვანების სამსახურის ყოფილი უფროსის, ბიძინა გიორგობიანის მიმართ უამრავი კითხვა და ეჭვი იყო - დაწყებული "წინასწარ შეთანხმებული" ტენდერებით და ხელოვნურად გაზრდილი ფასებითა და გახმობისთვის განწირული ნერგების ყიდვით დამთავრებული. დღესაც გიორგობიანს "ღირსეული" მემკვიდრე ჰყავს.

- მერიის თანამშრომელთაგან თუ ყოფილა მოლაპარაკების მცდელობა?

- არა!.. გვიერთდება რამდენიმე პოლიტიკური პარტია. მიტინგი მიიღებს მასშტაბურ სახეს.

ჩვენი ინფორმაციით, გლდანსა და ვარკეთილშიც ჩეხენ ხეებს. სასოწარკვეთილი მოსახლეობა დახმარებას გვთხოვს... ჩვენ ვებრძვით გლობალურად სისტემას და არა ცალკეულ შემთხვევას.

ამ საკითხზე პროკურატურაში საჩივარი "პარტიზანულმა მებაღეობამაც" შეიტანა. სარჩელი მოამზადა საიამაც, რომელიც უკვე გადაგზავნილია მთავარ პროკურატურაში.

"არ შეიძლება ასე სამარცხვინოდ მოქცევა"

ალეკო ელისაშვილი, საკრებულოს წევრი: - ნინო სულხანიშვილის გამოსვლა სრული ბოდვაა. მას ტყუილად ჰგონია, რომ მისი ურთიერთგამომრიცხავი კომენტარებით ჩვენც მოვტყუვდებით. მეგობრულად ვურჩევ, დროულად დატოვოს დაკავებული თანამდებობა და ნუ ჩამოეკიდება სკამს!!!

პასუხს მოვითხოვ იმ კაცისგან, თავს რომ მერს უწოდებს და მილიონი ხის დარგვას აპირებდა... პრეტენზია, რა თქმა უნდა, ქალაქის მუნიციპალიტეტთან მაქვს და არ ვაპირებ ორღობეში შექმნილი დეველოპერული კომპანიის მესვეურებთან საქმის ვითარების გარკვევას.

თუმცა, პროკურატურაში განცხადების შეტანიდან ძალიან მოკლე დროში დაგვიბარეს დაკითხვაზე. როგორ წავა ძიების პროცესი, ვნახავთ, მაგრამ ვიმეორებ, მე მათი ადეკვატურობის არ მჯერა. საკითხავია: რატომ არ გადაამოწმეს მერიის ჩინოსნებმა საექსპერტო დასკვნა, რატომ არ მუშაობს ზედამხედველობის სამსახური და ა.შ.

- იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურაში ძიების პროცესი გაჭიანურდება ან არ დაეთანხმებით მათ შეფასებას, რას აპირებთ?

- უპირველესად, ჩავატარებთ ალტერნატიულ ექსპერტიზას. თუ დადასტურდება, რომ მოჭრილ ხეებს შორის იყო ჯანმრთელი, აუცილებლად ვაიძულებთ ნინო სულხანიშვილს, დატოვოს თანამდებობა, რათა შეიქმნას პრეცედენტი. უნდა გაიაზრონ, რომ ისინი ჩვენი დაქირავებული კადრები არიან და არ შეიძლება ასე ცინიკურად, სამარცხვინოდ მოქცევა. ცხადზე უცხადესია, რომ გაანადგურეს ჯანმრთელი ხეები, გაანადგურეს თვითონ.

ხეების მოსაჭრელად ჯალალ-ედინი არ მოვარდნილა. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და, შესაბამისად, პასუხიც უნდა აგონ! ჩვენ არც ისეთი მიამიტები ვართ, პროკურატურას საქმის გაჭიანურების შემთხვევაში უსასრულოდ ველოდოთ. მივიღებთ აუცილებელ ზომებს.

თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება 303-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხას ეხება და რამაც გამოიწვია მნიშვნელოწვანი ზიანი. დანაშაული ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

თორნიკე ყაჯრიშვილი