"დაგპირდით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი და მოვუწყვე კიდეც"
22-08-2016
"დაგპირდით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი და მოვუწყვე კიდეც"
"ძალიან მძიმე კადრებია კარანტინის დაშლის, რომელშიც სპეცრაზმი მონაწილეობდა. ყოფილი პატიმრები გვთხოვდნენ, გადაგვიღეთ ამ მძიმე კადრებში, გვცემეთ, რაც გინდა, ის გვიყავით, ოღონდ ხალხს აჩვენეთ, რა გამოვიარეთო..."

"თქვენ ნახავთ გახმაურებული საქმე­ების სამზარეულოს, იმას, თუ როგორ იკრიბებოდა სააკაშვილის ე.წ. ღამის მთავრობა და კონკრეტული ადამიანების შესახებ როგორ გამოჰქონდათ უსასტიკესი გადაწყვეტილებები, შემდეგ კი ამას როგორ ახორციელებდნენ... ეს არის ფილმი-ეპოპეა, რომელმაც უპირველესად საზოგადოება უნდა დააფიქროს იმაზე, ამდენი საშინელება როგორ დავუშვითო", - გვითხრა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ კინოპროექტზე
"9+1", რომლის გადაღებები, ფაქტობრივად, დასრულდა. პირველი კინოჩვენებაც უკვე დაგეგმილია. 27-28 აგვისტოს მედიისა და კინემატოგრაფის წარმომადგენლებს შეეძლებათ იხილონ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9-წლიან პერიოდზე რამდენიმე სერიად გადაღებული ფილმი, თუმცა,­ როგორც რეჟისორმა ექსკლუზიურად გაგვიმხილა, ფილმში პირდაპირი იდენტიფიცირება არავისი მოხდება: "მთელი ფილმი­ სასამართლო პროცესია, რომელიც გარკვეულ ქვეყანაში მიმდინარეობს და
განსასჯელის სკამზეც "გარკვეული ადამიანები" სხედან, თუმცა მაყურებელი ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ადვილად ამოიცნობს საქართველოს, ისევე როგორც დამნაშავეებს".

სატელევიზიო პრემიერა 6 სექტემბერს ტელეკომპანია "იმედისა" და GDS-ის ეთერში გაიმართება, პრემიერამდე კი რეჟისორი გოგა ხაინდრავა ექსკლუზიურად გვიმხელს ფილმის საინტერესო დეტალებს.

- გადაღებები, ფაქტობრივად, დასრულებულია, უმძიმესი ერთწლიანი მუშაობა მოიტოვეთ უკან, რას იტყვით, როგორია შედეგი?

- ჩემს აზრს არ მოგახვევთ თავზე და გეტყვით იმ პროფესიონალების შეფასებას, რომელთაც დიდ პატივს ვცემ, მაგალითად, თემურ ბაბლუანის, ბუბა ხოტივარის, დიტო ცინცაძის, მერაბ კოკოჩაშვილის... ყველა მათგანისგან უკვე მოვისმინე, რომ ეს ძალზე საინტერესო ნამუშევარია. ეს ერთი დიდი ეპოპეაა და, ვფიქრობ, ქართველ, და არა მხოლოდ ქართველ მაყურებელს ძალიან საინტერესო დღეები ელის. ბუნებრივია,­ ამას ყველა ერთნაირად არ მიიღებს და საზოგადოებაში კამათიც იქნება. ფილმში­ 120 მსახიობამდე გვყავს­ გადაღებული, მათ შორის ბევრი ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის შემდეგ დიდ პოპულარობას მოიპოვებენ...

დავპირდი საზოგადოებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი და მოვუწყვე კიდეც იმ ხერხითა და საშუალებით, რაც ხელმეწიფებოდა. მე არა ვარ იურისტი, ეს კინოპროცესია, სადაც განიხილება ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი აქვს გარკვეულ ხელისუფლებას გარკვეულ ქვე­ყანაში. ცნობილ გვარ-სახელებს აქ ვერ გა­იგონებთ, თუმცა გასაგები იქნება, ვინ ვინ არის.

- და მაინც, ვინ სხედან განსასჯელის სკამზე?

- ყველა დამნაშავე - პრეზიდენტით დაწყებული და ციხის ადმინისტრაციით დასრულებული. განსასჯელის სკამზე 20-ზე მეტი კაცი ზის. პროცესის მიმდინარეობისას რამდენიმე საქმე განიხილება, ამიტომაც განსასჯელთა შორის ყოველთვის ერთი და იგივე ხალხი არ იქნება. ფილმში მოხვდა ის საქმეები, რომლებიც გამოკვლეულია არა მხოლოდ საგამოძიებო ორგანოების, არამედ ჩვენ მიერაც. 1200-ზე მეტი ინტერვიუ გვაქვს ჩაწერილი ამ რეჟიმის მსხვერპლ ადამიანებთან. ჩვენ ეს ისტორიები მხატვრულად­ გადავამუშავეთ, თუმცა ფაქტობრივი დეტალები არ შეგვიცვლია.

- რომელი გახმაურებული საქმეები მოხვდა ფილმში?

- თეთრაძისა და შავაძის, გირგვლიანის­ მკვლელობა, ირემაძის საქმე... ფილმში მაქსიმალურად ზედმიწევნით აღვადგინეთ გლდანის ციხე, რომელიც პატიმრებისთვის ყველაზე დიდი განსაცდელი იყო. იქნება ისეთი საქმეებიც, რომლის შესახებაც ცოტა რამ გვსმენია. არჩევანის გაკეთება ძალიან რთული იყო, რადგან საშინელი ტრაგიზმის და უბედურების არაერთი საქმე გვქონდა. კიდევ გაოგნებული ვარ, თურმე სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი. ფილმში მოხვდა ის დანაშაულები, როდესაც ერთ კონკრეტულ ადამიანს დაუპირისპირდა მთელი სახელმწიფო მანქანა - დაწყებული პრეზიდენტით­ და დასრულებული რიგითი ბადრაგით.

ჩვენ ვაჩვენებთ მაყურებელს იმ სამზარეულოს, თუ როგორ წყდებოდა ე.წ. ღამის მთავრობაში ადამიანების ბედი, ვაჩვენებთ კულუარებს, ბნელ მხარეს, ჯოჯოხეთს, სადაც ეს ავადმყოფური იდეები იბადებოდა და მერე ხორცს ისხამდა.

- საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს, ვინ განასახიერებს იმ პერსონაჟს, რომელიც სააკაშვილის პროტოტიპი იქნება?

- მომეცით უფლება, ეს ფილმის ინტრიგად დარჩეს. ერთს გეტყვით - ის უნიჭიერესი ახალგაზრდა მსახიობია, თუმცა ჩვენში დიდად არ არის ცნობილი. წარმოადგენს ერთ მეტად პროფესიონალურ პატარა თეატრს. გამაოცა, ისეთი საოცარი სახე შექმნა. თეთრაძის როლს ასრულებს სოხუმის თეატრის მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი, ერთ-ერთი მოსამართლე მარინა ჯანაშიამ გააცოცხლა, სანდრო გირგვლიანის დედას ირინა ენუქიძეს მაია ზედგენიძე განასახიერებს. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბექა გოდერძიშვილი ასევე მოსამართლეს თამაშობს, მიმაჩნია, რომ ბექამ ძალიან ძლიერი პერსონაჟი შექმნა. ფილმში მთავარ როლშია ზურა ინგოროყვა, ძველ გვარდიას წარმოადგენს ამირან ბუაძე... ასევე მონაწილოებს დარეჯან ხარშილაძე.

- ვანო მერაბიშვილს ვინ განასახიერებს?

- მოდი, დანარჩენი პრემიერის დღეს გაიგეთ. ისე, მე თუ მკითხავთ, ეს არ არის ფილმი სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობაზე", ეს არის ფილმი საზოგადოებაზე, რომელშიც აღმოცენდა ამხელა ბოროტება - ნეობოლშევიზმისა და ფაშიზმის ნაზავი, სავსე პოლიტიკური თუ პირადი აღვირახსნილობით. ჩემთვის უფრო საინტერესოა კვლევა, როგორ დაუშვა ეს საზოგადოებამ, რომელიც არა მხოლოდ ეგუებოდა, ხშირად მისი თანამონაწილეც ხდებოდა...

არასდროს დამავიწყდება, რაც 12 აგვისტოს თბილისში მოხდა, როდესაც ქართველმა საზოგადოებამ სამარცხვინოდ წაგებული ომი იზეიმა.
ეს კინოა და ყველაფერი მხატვრულადაა გააზრებული, მაგრამ სიცრუის ნატამალს აქ ვერ ნახავთ. არ მინდა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ სულ ტანჯვა-წამება იქნება, ფილმში იუმორიცაა და სახალისო სცენებიც... მუსიკა ეკუთვნის ახალგაზრდა კომპოზიტორს, ჯონი ასიტაშვილს, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია გლდანის ციხის სისასტიკე, მას ამ ციხეში ყოფნა მოუწია ყველაზე მძიმე დროს, როდესაც მის სათავეში კილერად ცნობილი მუხაძე იყო.

ციხე ნამდვილ ციხეში გადავიღეთ, ფაქტობრივად, ორ თვე-ნახევარი ვცხოვრობდით იქ... ძალიან მძიმე კადრებია კარანტინის დაშლის, რომელშიც სპეცრაზმი მონაწილეობდა. ყოფილი პატიმრები გვთხოვდნენ, გადაგვიღეთ ამ მძიმე კადრებში, გვცემეთ, რაც გინდა, ის გვიყავით, ოღონდ ხალხს აჩვენეთ, რა გამოვიარეთო...

- რითი იწყება ფილმი?

- ფილმი იწყება ლუკა ათანელის ისტორიით, ამ პერსონაჟსაც ჰყავს თავისი პროტოტიპი, რომელსაც საზოგადოებას თავის დროზე წარვუდგენ. ეს არის ბიჭი, რომელმაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გადაიტანა და წიგნი დაწერა, სწორედ ეს წიგნი დაედო საფუძვლად მის კინოისტორიას. შემდეგ ნაჩვენები იქნება 2003 წლის "ვარდების რევოლუცია" და ამ დანაშაულებრივი რეჟიმის ჩამოყალიბების ანატომია.

ფილმში აუცილებლად იქნება "რუსთავი 2"-იც, რომელიც ამ ბოროტების რუპორი იყო და დღემდე რჩება. ადამიანი რამდენად უნდა იყოს სინდისს აცდენილი, რომ დღესაც აგრძელებდეს იმ ძალის მსახურებას, რომელმაც ეს ყველაფერი ჩაიდინა.

- და როგორია განაჩენი ფილმში?

- მე მოსამართლე არა ვარ. განაჩენი უნდა იყოს ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება ამ დანაშაულებისადმი, თუმცა პასუხი, ვფიქრობ, დაგვიანებულია... ამ სისასტიკეს, არაადამიანობას, პოლიტიკურ თუ ზნეობრივ გარყვნილებას ქართველმა საზოგადოებამ განაჩენი ჯერაც არ გამოუტანა. ის ფიგურები, ვინც ამის სულისჩამდგმელები და იდეოლოგები იყვნენ, მაგალითად, ბოკერია, ბარამიძე, აღარაფერს ვამბობ სააკაშვილზე, დღესაც ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში...

ლაპარაკი, რომ თურმე არ შეიძლება იმ საშინელი კადრების ჩვენება, არასწორია. გერმანელებმა სოფელ-სოფელ ატარეს ის ფირები, თუ რა ხდებოდა ბუხენვალდსა და ოსვენციმში და მთელ გერმანიას აჩვენეს, მათ შორის, ბავშვებსაც. აჩვენეს და უთხრეს, რომ ეს არასდროს არ უნდა განმეორდეს! ამ ჩვენს მანქურთებს, მათ სხვას ვერაფერს­ დავარქმევ, ატეხილი აქვთ წიოკი, რომ თურმე სამეგრელოს საცავებში ნაპოვნი საშინელი ფირების ნახვა არ შეიძლება. რატომ არ უნდა იცოდეს ქართველმა საზოგადოებამ ეს?! უნდა დავუმალოთ ჩვენს მოქალაქეებს მხოლოდ იმიტომ, რომ კაპიტანმა გიგაურმა, ლაშა ტუღუშმა და კიდევ ერთმა ტუღუშმა ასე მოინდომეს?! მათ აქვთ ექსკლუზივი ამის ნახვის და სხვას - არა?!

დარწმუნებული ვარ, ამ ფილმზეც ატეხენ ახლა ერთ ამბავს, კარგად ვიცი, უკვე ჩასაფრებულები არიან.
არც ქართველ საზოგადოებას და არც საკუთარ თავს ვაკადრებ, მთელი ის სისასტიკე და საშინელება სრულად მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რასაც ესენი სჩადიოდნენ.

- საკადრისი პასუხი რომ არ გაეცა მომხდარს, ბევრი ხელისუფლებას ადანაშაულებს...

- "ქართული ოცნებაც" ამ საზოგადოების ნაწილია, მისი ცალკე ობიექტად გამოყოფა ფარისევლობაა. ყველანი ვიყავით იმ პროცესის მონაწილე და ყველამ ერთად არ მოვინდომეთ სააკაშვილის რეჟიმისთვის განაჩენის გამოტანა. ეს ასევე განაპირობა დასავლეთის პოლიტიკურმა კონიუნქტურამ, უფრო სწორად, იმ ნაწილმა (მაგალითად,"ევროპის სახალხო პარტიამ" და სხვებმა), რომელთაც დიდი გავლენა აქვთ მსოფლიო პოლიტიკაზე, მათ თავს მოგვახვიეს ეს კოაბიტაცია.

ამ "სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჩამოვიდა საქართველოში და ქართველ ერს თავხედურად გამოუცხადა, რომ თურმე ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და ბაჩო ახალაია პოლიტპატიმრები ყოფილან. მაკკეინი და მისნაირები მფარველობდნენ სააკაშვილს და "ოცნების" ხელისუფლებას პირდაპირ ეუბნებოდნენ, ამ ხალხს ხელი არ ახლოთო! არ გაითვალისწინო ეს მსოფლიო პოლიტკონიუნქტურა, არ გამოდის, მაგრამ დანარჩენმა საქართველომ რა ქნა? გამოვიდა ვინმე ქუჩაში ამის მოთხოვნით?! ერთი მასშტაბური მანიფესტაცია მაინც ჩატარდა?!

ვხედავთ, სააკაშვილს არ აძლევენ საქართველოს, სწორედ ზემოთ ნახსენები პოლიტიკური კონიუნქტურის წყალობით გუბერნატორად დააყენეს უკრაინაში. ახლა უკრაინელებს მოახვიეს თავზე ეს დამნაშავე.

- თქვენს ახალ ნამუშევარს საზოგადოება არჩევნების წინ იხილავს, ჩანს, ასეც იყო გათვლილი. ფიქრობთ, ამ ყველაფერზე საზოგადოებამ 8 ოქტომბერს უნდა გასცეს პასუხი?
- ქართველმა საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გააკეთოს... წესით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბარიერი ვერ უნდა გადალახოს. სამარცხვინოა ყველა ის ადამიანი, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემს ხმას. ეს ნიშნავს, რომ ის საკუთარი შვილების, როგორც გოგოს, ასევე ბიჭის, გაუპატიურებას აძლევს ხმას.

ნათია დოლიძე
მარიამ
26 აგვისტო 2016 16:34
ნაცმოძარობა უნდა აიკრძალოს, როგორც აიკრძალა თავის დროზე ფაშისტური რეჟიმი, რომ ყველას შერცხვეს ამ პარტიასთან თავის გაიგივება.

რედაქტორის რჩევით