რუსულ - თურქული თამაშები დასავლეთის წინააღმდეგ და საქართველო
რუსულ - თურქული თამაშები დასავლეთის წინააღმდეგ და საქართველო
საქართველოს ფუნქცია, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი სეგმენტისა, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს

თურქეთი ბოლო თვეებია მუდმივად მსოფლიო მედიის ყურდღების ქვეშაა, გახშირებული ტერორისტული თავდასხმების გარდა, გასულ თვეში სამხედრო გადატრიალების მცდელობამ აშკარად ბევრი რამ შეცვალა ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსში.


9 აგვისტოს მოსკოვში გამართულმა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, მათი ურთიერთობა პერმანენტულად ლაგდება, რაც გვარიან თავსატეხს უჩენს როგორც დასავლეთს, ასევე რეგიონის ქვეყნებს. ერდოღანმა პუტინს სამხედრო
გადატრიალების მცდელობის დროს თურქეთის ხელისუფლებისთვის გამოხატული თანადგომისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და მას რამდენჯერმე "ძვირფასი მეგობარი" უწოდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შეხვედრისას მიღებულ "გარკვეულ გადაწყვეტილებებს" უფრო მეტი კონკრეტულობა შესძინა და განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა რუსეთ-თურქეთის ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტებს სტრატეგიული საინვესტიციო სტატუსი მიანიჭოს. ამ პროცესებამდე
კარგა ხნით ადრეც ამბობდნენ, რომ პუტინი და ერდოღანი ხასიათით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივეს მმართველობის სტილი ავტორიტარულია. ახლა ისე ჩანს, რომ ისინი შესაძლოა დასავლეთის სიძულვილმაც გააერთიანოს. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, რომ თურქეთმა შეიძლება ნატოც კი დატოვოს. რამდენად შესაძლებელია მოვლენათა ასეთი განვითარება და რა შეიძლება შესთავაზოს რუსეთმა თურქეთს ევროკავშირსა და ნატოზე მეტი?

მამუკა არეშიძე ექსპერტი:
- ამგვარი სცენარით პროცესების განვითარება ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. თურქეთი ხომ დასავლეთის უბრალო პარტნიორი არ არის, ის ნატოს წევრია და ალიანსისგან ძალიან ბევრ დივიდენდს იღებს. ერთი ხელის მოსმით ამაზე უარის თქმა სრულიად წარმოუდგენელი მგონია, მით უფრო, რომ შეუძლებელია, თურქეთმა რუსეთისგან ნატოს მხარდაჭერაზე მეტი რამ მიიღოს.

საერთოდაც, თურქეთისა და რუსეთის გრძელვადიანი პერსპექტივით სტრატეგიული პარტნიორობა არარეალური მგონია, იმდენი წინააღმდეგობა არსებობს მათ შორის, იმდენ რეგიონში იკვეთება მათი ინტერესები, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში. მათ შეიძლება რაღაცაზე ხანმოკლე პერსპექტივითა და ტაქტიკურად მოილაპარაკონ, მაგრამ დანარჩენი ძალიან მეეჭვება.

დღეს თურქეთი მეტ-ნაკლები წარმატებით ვაჭრობს ყველასთან. მაგალითად, ის დასავლეთს ბოლო დროს იმით აშანტაჟებს, რომ მის ტერიტორიაზე მყოფ ორ მილიონ-ნახევარ დევნილს გზას ევროპისკენ გაუხსნის. (იხილეთ სრულად)

თუმცა ამ საკითხზე არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც, მოგეხსენებათ, თურქეთში ნაციონალისტური ძალები ამ ეტაპზე ძალიან აქტიურობენ, რომელთა ხელშეწყობაშიც სწორედ ერდოღანს ადანაშაულებენ. მათი პოლიტიკური თავდასხმის მთავრი ობიექტი ამერიკის შეერთებული შტატებია. ისინი გამუდმებით ლაპარაკობენ ინჯირლიკის სამხედრო ბაზაზე, რომელსაც გადატრიალების მცდელობის ხელშეწყობაში ღიად ადანაშაულებენ. შესაბამისად, ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, შესაძალოა, ვითარების გამწვავების შემთხევვაში, ამ ბაზის განლაგების ალტერნატივად საქართველოც განიხილებოდეს.

ვახტანგ მაისაია:
- ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა. იმედია, ამის რეალური საჭიროება არ დადგება და ინჯირლიკის ბაზა იქნება იქ, სადაც ახლაა. თითქმის იგივე ტიპის ხელშეკრულება, რაც ამერიკას აქვს თურქეთთან და რომლის საფუძველზეც დგას იქ სამხედრო ბაზა, დადო აშშ-მ საქართველოსთან 2009 წელს, როცა "თავისუფლების ქარტიას" მოეწერა ხელი. ეს მემორანდუმია სამხედრო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. დღეს ჩვენ და ამერიკა ვართ სტრატეგიული მოკავშირეები და თუკი თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც სავსებით შესაძლებელია, ამ შემთხვევაში აშშ-სთვის შავი ზღვის აუზში თურქეთის ალტერნატივად რჩება საქართველო. კი, ამავე აუზში არის ბულგარეთი და რუმინეთი, რომლებიც ნატო-ს წევრი ქვეყნებია, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე რეალური ალტერნატივა იქნება.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი:
- ინჯირლიკის საჰაერო ბაზა 70 წლის წინ შეიქმნა და ამ ბაზას ამერიკელები ძირითადად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იყენებდნენ, ასევე ახლო აღმოსაველთში საკუთარი ინტერესების გასატარებლად. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ბაზაზე დაახლოებით 50-მდე საავიაციო ატომური ბომბიც კი ინახება. ბაზაზე დაახლოებით 5000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
ინჯირლიკის ჩანაცვლება საქართველოში არსებული რომელიმე საჰაერო ბაზით, რომლიც ახლო აღმოსავლეთისაკენ განახორციელებს ფრენებს, თითქმის შეუძლებელია, რადგან ვიდრე ჩვენგან აფრენილი თვითმფრინავი დანიშნულების ადგილამდე მივა, მან უნდა გადაკვეთოს ან სომხეთის საჰაერო სივრცე, სადაც რუსეთის საკმაოდ ძლიერი საჰაერო თავდაცვითი სისტემა დგას, ან უნდა გადაკვეთოს ირანის საჰაერო სივრცე, რაც გამორიცხულია... რჩება ისევ თურქეთი, რაც ლოგიკაში არ ჯდება, ვინაიდან თუ მათ საკუთარი ქვეყნიდან გამოაძევეს ეს ბაზა, ბუნებრივია არც საჰაერო სივრცეს არ დაუთმობენ. ყოველივე აქედან გამომდინარე რაიმე ტიპის საჰარეო ბაზის გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე ნაკლებად რეალურად მიმაჩნია. არის კიდევ ერთი ფაქტორიც, ამერიკაც და ნატოც ცდილობენ, რომ რუსეთი არ გააღიზიანონ და აქდან გამომიდანრე, ჩვენთან ბაზის გახსნას ისინი მოერიდებიან.

ფაქტია, რომ ჩვენს გარშემო სრულიად იცვლება გეოპოლიტიკური რუკა, იცვლება ჩვენი უახლოესი სამეზობლოს არგუმენტები და მოტივაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენც გვმართებს გეოპოლიტიკური პროცესების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. როდესაც ლაპარაკია რუსეთ-თურქეთის შორის ენრეგეტიკული ინტერესების თანხვედრასა და რუსული გაზის "თურქული ნაკადით" გატარებაზე, რაც ერთი მხრვ უკრაინის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებას ნიშნავს, მეორე მხრივ კი, არა პირდაპირ, მაგრამ ზრდის საფრთხეს იმისას, რომ საქართველომ, როგორც ალტერნატიულმა ენერგეტიკულმა დერეფანმა, მომხიბვლელობა დაკარგოს. შესაძლოა რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების თემა აზერბაიჯან - საქართველოს ენერგეტიკულ ღერძის მნიშვნელობის შესუსტებაც იყოს. მით უფრო, რომ თავისი ამოუწურავი ენერგეტიკული რესურსებით საქმეში ირანიც ერთვება. მოკლედ, საქართველოს ფუნქცია, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი სეგმენტისა, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რაც საქართველოს მიმართ ევროპის ისედაც შემცირებულ ინტერესს კიდევ უფრო შეამცირებს. იმ რეალობაში, რომელშიც ვირჩევთ დღეს პარალამენტს, წამყვანი სწორედ უსაფრთხოების თემები უნდა გახდეს და ყველა პოლიტიკურმა ძალამ არსებული რისკები კარგად გათვლოს. წინასაარჩვენოდ ნებისმიერის გაუთვლელი ნაბიჯი შეიძლება ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)
gio
23 აგვისტო 2016 18:08
ეს არის აღმოსავლეთ მართლმადიდებელი ევროპა იგივე ბიზნტიური სამყარო რომელსაც ისეთი ქვეყნები აჭმევენ და პატრონობენ როგორიცაა რუსეთი და თურქეთი! ის რომ ერდოღანსა და პუტინს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ეს საქართველოსთვის მხოლოდ სიკეთის მომტანია!გააჩნია ჩვენ როგორ პოლიტიკას გავატარებთ
ლოთი ქობალია
22 აგვისტო 2016 23:58
შეხვდება თუ არა გააკეთებს რამეს!ან ვინ ალაპარაკებს მაგას?ჟურნალისტებთან კი ალაპარაკებენ ისე, რეკლამისთვის.ეტყვიან:ბიძიკო,ასე და ასე ჰქენი,თორემ ცულს მოვიტან ცუნცულასაო!თქვენ თუ გგონიათ იქ სხვა რამ ლაპარაკებია, ძალიან სცდებით!პირდაპირ ეტყვიან მარგველას სათქმელს.პაატა დაგვიტოვეო.შედი რუსუდან კარავშიო მარგველა ეტყვის მერე.რუსი მოდის, რუსი მოდისო!
სოსო
22 აგვისტო 2016 22:09
მაისაია აზრზე არაა ისევე როგორც სხვა ქართველი ძალათ ექსპერტები. თურქეთი ხედავს რომ ამერიკამ მათ მხოლოდ პრობლ;ემები მოუტანა. თურქეთის სამეზობლო ცეცხლს მისცა. ერაყი მიწასთან გაასწორეს, სირიაც ... აქეთ დევნილები, იქეთ ტერქატები, რუსეთი გადაკიდეს თურქეთს. არც ევროკავშირში მიიღეს. ყველაზე მთავარი კიდე ისაა რომ ამერიკელები ქურთებს წვრთნიან და იარაღს აწვდიან და მერე ეგ ქურთები ''ნატოს წევრ თურქეთის'' ჯარისკაცებს ხოცავენ. ძალიან მძიმე ბრძოლები აქვთ თურქებს ქურთებთან და ამ ყველაფერზე ერდოღანს რეაქცია აქვს. ის პატრიოტია და გამოსავალს ეძებს. ბუნებრივია რომ ამერიკასთან აქვს ერდოღანს პრეტენზიები აბა ვინ მართავს სხვა პრიოცესებს მაგ რეგიონში?

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა