საქართველოს კავკასიური ომის ასპარეზად ქცევის სცენარი?! - კვირის პალიტრა

საქართველოს კავკასიური ომის ასპარეზად ქცევის სცენარი?!

"საქართველოს ხელისუფლების წიაღში იშვა მე-5 კოლონა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება"

რატომ ამტკიცებდა "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი, რომ დოკუ უმაროვი საქართველოშია?..

ფართომასშტაბიან ომს არ ვვარაუდობ, მაგრამ არ გამოვრიცხავ რუსეთის სამხედრო ოპერაციას პანკისის ხეობის მიმართულებით

ვნების კვირა პოლიტიკურადაც მძიმე აღმოჩნდა. გასულ ორშაბათს, მოსკოვის მეტროს სადგურებში ("ლუბიანკა" და "პარკ კულტური") მომხდარმა აფეთქებებმა საგონებელში ჩაგვაგდო. მით უმეტეს, რომ მოსკოვმა ტერორიზმის კვალი "საქართველოშიც შენიშნა". მოგვიანებით, დაღესტნის აფეთქებამ, აზერბაიჯანის ერთ-ერთ სკოლაში კი იარაღის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციამ ცეცხლზე ნავთი დაასხა.

რა მიზანს ემსახურებოდა რუსეთში მომხდარი ტერაქტები, ამის თაობაზე "კვირის პალიტრას" კავკასიურ საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე და სამხრეთ კავკასიის ანტიტერორისტული ბიუროს ხელმძღვანელი ბადრი ნაჭყებია ესაუბრნენ.

მამუკა არეშიძე: - ბოლო თვეებში ფედერალურმა ძალებმა  ძალიან შეავიწროეს იატაკქვეშეთი. დაიღუპა რამდენიმე ათეული ბოევიკი, მათ შორის ოთხი ლიდერი: სალედ ახმადოვი, ანზორ ასტემიროვი,  საიდ ბურიატსკი, აბუ ხალედი. ეს უკანასკნელი ისლამურ იატაკქვეშეთსა და არაბულ სამყაროს შორის ხაზინადარის ფუნქციას ასრულებდა, ახმადოვი გროზნოს ამირა გახლდათ, საიდ ბურიატსკი - ისლამური იატაკქვეშეთის იდეოლოგი და შაჰიდების დამმოძღვრელი, ანზორ ასტემიროვი კი ისლამურ იატაკქვეშეთში (კავკასიური საამიროს იერარქიაში) დოკუ უმაროვის შემდეგ მეორე კაცი იყო.

KvirisPalitra.Geის შარიათის სასამართლოსაც თავმჯდომარეობდა. ცხადია, 4 ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურის მკვლელობას შედეგად კარგი არაფერი მოჰყვებოდა. მათი დახოცვის შემდეგ კი ავისმომასწავებელი სიჩუმე იგრძნობოდა. წესით, ეს დუმილი ერთგვარი მინიშნებაც უნდა ყოფილიყო რუსეთის სპეცსამსახურისთვის, რომ საპასუხო დარტყმა მზადდებოდა. მეტიც, მოსკოვის ტერაქტებამდე ორი დღით ადრე, მეტროსადგურ "კონკოვოდან" მილიციის შესაბამის განყოფილებაში გამაფრთხილებელი  ზარი შევიდა.

რეკავდა ერთ-ერთი ჩეჩნური ენის მცოდნე მგზავრი და იუწყებოდა, რომ შემთხვევით მოისმინა ორი ჩეჩენი ქალის საუბარი, რომელიც  მეტროში ტერაქტის მომზადებას ეხებოდა. მილიციის თანამშრომლებს მაინცდამაინც არ შეუბერტყავთ ყურები. მართალია, მივიდნენ კონკოვოს სადგურში, მაგრამ კვალი ვერ იპოვეს და  უკან გაბრუნდნენ. არადა, ზარის ავტორს არ უთქვამს, რომ ტერაქტი აუცილებლად აღნიშნულ სადგურში  მოხდებაო(?!).

რუს მილიციელთა ამგვარმა გულარხეინობამ მაფიქრებინა, რომ  ვიღაცამ სპეცსამსახურების ზემდგომ ინსტანციაში იცოდა მოსალოდნელი ტერაქტის თაობაზე, რასაც ხელი მიზანმიმართულად არ შეუშალა. ცხადია, ტერაქტი საზოგადოებრივი აზრის სხვა მიმართულებით კონსოლიდაციას შეუწყობდა ხელს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბოლო პერიოდში სერიოზული პრობლემა შეექმნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის წინააღმდეგაც პრეზიდენტ მედვედევის ადმინისტრაციამ გაილაშქრა.

ამ სამინისტროს მფარველ პუტინს კი ამგვარ ვითარებაში ხელები ჰქონდა შეკრული. პუტინი ვერა და ვერ  შეელია შს მინისტრ ნურგალიევს, რომელიც  უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მდივნის, პატრუშევის კადრია. სწორედ იმ პატრუშევისა, რომელმაც ახლახან ტერაქტების კვალის საქართველოში გადამოწმების სურვილი გამოხატა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსი საზოგადოებისთვის შექმნილმა უმძიმესმა ფონმა, ანტიმილიციურმა განწყობამ, სოციალური აფეთქების შიშმა და ყველაფერმა ერთად ამ ქვეყნისავე სპეცსამსახურის ხელმძღვანელობას მიაღებინა გადაწყვეტილება, შემდგარიყო ტერაქტი, რაც ხალხის გონებას სხვა მიმართულებით გადართავდა. თანაც, რუსული სპეცსამსახური ამ შემთხვევაში რამდენიმე კურდღლის დაჭერას შეეცადა - თითი საქართველოსკენაც გამოიშვირა.

KvirisPalitra.Geნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ 20 მარტს რუსეთში გაიმართა ე.წ. რისხვის დღე. აქციის მონაწილენი პუტინის გადაყენებას ითხოვდნენ. ამ ვითარებაში "ტერაქტი" რუსული სპეცსამსახურისთვის შვებასავითაც კი იყო.

- მაგრამ, "ემირატ კავკაზის" ლიდერმა დოკუ უმაროვმა მოსკოვის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. გამოდის, რუსულმა სპეცსამსახურმა უმაროვი გამოიყენა?

- ეს გამორიცხული სულაც არ გახლავთ. ჯერ ერთი, იმ ვიდეოჩანაწერში უმაროვი მეტისმეტად გაფოთლილი ტყის ფონზე ზის, რამაც ძალიან დამაეჭვა. თანაც, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იგი ვიღაცის დაჟინებული მოთხოვნით ლაპარაკობდა. საერთოდ, ისევ წარსულის მაგალითებს თუ გადავხედავთ, ჩეჩნეთის საველე მეთაურები ხან ეფ-ეს-ბეს წინააღმდეგ გამოდიან და ხანაც მის მითითებებს ასრულებენ. ამის კლასიკური მაგალითია შამილ ბასაევი.

ერთხელ, ჩემთან საუბრისას, ყაბარდო-ბალყარეთის შს მინისტრმა შოგინოვმა თქვა, რომ მას აფხაზეთში მიმავალი შეიარაღებული შამილ ბასაევი არაერთხელ დაუკავებია, მოსკოვიდან მიღებული ზარის შემდეგ კი გაუთავისუფლებია. თავის დროზე თვით შამილ ბასაევსაც ვკითხე, - რატომ იბრძვი რუსების მხარეს-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? - აფხაზეთი ახლა ჩვენთვის პოლიგონია, სადაც რუსებისგან იარაღს ვიღებთ, მაგრამ შემდეგ ამ იარაღს რუსებისავე საწინააღმდეგოდ გამოვიყენებთო. თუმცა, მოგვიანებით შამილ ბასაევი რუსულმა სპეცსამსახურმა დაღესტანში შეჭრისას ისევ გამოიყენა.

- ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ქვრივმა ალა დუდაევამ განაცხადა, - საჭიროა  რუსეთმა დაიწყოს მოლაპარაკება დოკუ უმაროვთან, რათა ბოლოს და ბოლოს, ომი და სისხლის ღვრა დამთავრდესო...

- ქალბატონ ალას, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ამ შემთხვევაში არ დავეთანხმები. ეს ომი არ დამთავრდება. იგი 1800-იან წლებში დაიწყო და  პერმანენტულად ორი საუკუნეა გრძელდება. მხოლოდ 20 წლის განმავლობაში (1960-დან 1980 წლამდე) შეჩერდა.

ეს დაუმთავრებელი ომი განპირობებულია  იმ პოლიტიკით, რომელსაც კავკასიაში ატარებს გნებავთ სოციალისტური, გნებავთ ცარისტული ან  თუნდაც დღევანდელი, ნაციონალურ-კაპიტალისტური რუსეთის ხელისუფლება. ამ ომისთვის  იხარჯება უამრავი ფული, იღუპება უამრავი ადამიანი და შედეგი მაინც ისეთია, როგორიც იყო ყოველთვის. რუსეთის ხელისუფლებაში ბევრისთვის ეს ომი ხელსაყრელია კიდეც, იმიტომ, რომ ამით ძალიან დიდ ფულს აკეთებენ. რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსისთვის ამგვარი ომები  სახეიროა.

- ამ ტერაქტების შემდეგ რა მიმართულებით შეეცადა რუსეთის ხელისუფლება შეექმნა საზოგადოებრივი აზრი და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა მისი ეს მცდელობა?

- ამ ტერაქტების შემდეგ ერთი მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურს გაეხსნა ხელი რუსეთში მცხოვრებ კავკასიელთა შესავიწროებლად და მეორე მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიაში რეპრესიული მანქანის გასაძლიერებლად. იმიტომ რომ, მან იმ რეფორმებით, რომელიც ახალი ფედერალური ოლქის შექმნას და გუბერნატორის დანიშვნას უკავშირდებოდა, "წინააღმდეგობის მებრძოლები" ვერ შეაჩერა. პარალელურად, რუსეთი ცდილობს იმ ქვეყნების დისკრედიტაციას, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის მტრად ან მოწინააღმდეგედ განიხილება. პირველ რიგში, ასეთია საქართველო, მერე - აზერბაიჯანი (ოღონდ მტერი კი არა, მოწინააღმდეგე).

გარდა ამისა, მისთვის მუდმივად მტრის ხატია დასავლეთი. ამიტომ რუსეთს ეძლევა საშუალება  ილაპარაკოს, რომ ეს ტერორისტული აქტები მოხდა კავკასიელთა მიერ, რომლის უკან დგანან დასავლური სპეცსამსახურები. რუსეთმა კარგად იცის, რომ ამ ყველაფრის უკან თუ ვინმე დგას, პირველ რიგში ეს არაბული სპეცსამსახურია, მაგრამ ამაზე ხმას არ იღებს. ცხადია, იგი თავის პოტენციურ მოკავშირეზე არ ლაპარაკობს. მოკლედ, იმდენი "კურდღლის დახოცვა" მოხდა ამ ტერაქტით, დათვლაც კი ძნელია.

ახლა გავაანალიზოთ, რა ხდებოდა ბოლო დროს საქართველოსთან დაკავშირებით. თვეში ერთხელ მაინც გამოდიოდა რუსი მაღალჩინოსანი და ამბობდა:

საქართველოში ტერორისტული ბაზებია, მათ თურმე ამერიკელი ინსტრუქტორები წვრთნიან; ეს ტერიტორია გადაკვეთა ამა თუ იმ ტერორისტმა და ა.შ. ამ ფონზე ცხინვალში ქართველი მზვერავი ზაზა ხერკილაძე გაასამართლეს და 11 წელი მიუსაჯეს.

მასთან ერთად გაასამართლეს ქისტიც, ვინმე  რამზან თურქოშვილი, რომელსაც ბრალად ედება, რომ თურმე ხერკილაძის დავალებით ურთიერთობას ამყარებდა ტერორისტულ იატაკქვეშეთთან. ე.ი. რუსეთის სპეცსამსახურმა არათუ იცოდა მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, არამედ წინასწარ იდეოლოგიური მუშაობაც  გააჩაღა.

რუსეთმა საერთაშორისო მედიაში დეზინფორმაციის "გადაღვრასაც" მიჰყო ხელი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ  "შპიგელის" 30 პროცენტი ეკუთვნის "გაზპრომს", რომელიც ასევე არის "ევრონიუსის" წილის მფლობელიც. რუსი ოლიგარქებისაა სხვადასხვა გამოცემაც. მაგალითად, ახლახან მსოფლიოში ავტორიტეტული "ინდეფენდენტი" რუსმა ოლიგარქმა ლებედევმა იყიდა.

მისია ლიბერალური "ნოვაია გაზეტაც",  მაგრამ მაინც მგონია, რომ "ინდეფენდენტის" ყიდვა რუსული სპეცსამსახურის დაკვეთით   განხორციელდა. სხვა შემთხვევაში მას გაკოტრებული და ათეულობით მილიონიანი ვალის მქონე  გაზეთი რა შავ ქვად უნდოდა?! ჩემს ეჭვს, "ნოვაია გაზეტას" წამყვანი მიმომხილველის, ელენა ბობროვას მიერ ფრანგული "ლიბერასიონისთვის" მიცემული ინტერვიუც ამყარებს, რომელმაც განაცხადა: - დარწმუნებული ვარ, დოკუ უმაროვი  ამ წუთში საქართველოში იმყოფებაო.

ამ ყველაფერს დაემატა ეროვნებით არაბი ჟურნალისტის (რაც ბევრმა არც იცის) ჯულია გოლდინის წერილიც. ის წერდა, რომ  თითქოს მოჯაჰედების, ე.ი. აჯანყებულების შეკრება გაიმართა თბილისში, რომ საქართველოში შემუშავებულა ტერაქტების გეგმაც. ჟურნალისტს  ამ ინფორმაციას აწვდიდა ყოფილი მაღალჩინოსანი ამერიკულ პოლიტელიტაში, რომელიც ცნობილია როგორც სერბების ლობისტი აშშ-ში. სერბეთი რომ რუსეთის მოკავშირეა, ესეც უცხო არავისთვისაა.

ე. ი. საქართველოს წინააღმდეგ ძლიერი იდეოლოგიური-საინფორმაციო ომია გაჩაღებული. ვფიქრობ, აზერბაიჯანის ერთ-ერთ სკოლაში  იარაღის აღმოჩენის თაობაზე ინფორმაციაც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. ეს კი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სერიოზულ იდეოლოგიურ დივერსიაზე მეტყველებს. რუსეთის ამოცანაა, როგორმე მიაღწიოს იმას, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობამ ზურგი შეგვაქციოს.

დიდი ხანია, მოსკოვს სურს საქართველოს მთიანეთის ხელში ჩაგდება. საზღვრის მთელ პერიმეტრზე 9 დასახლებული პუნქტიდან (მათში შემავალი სოფლებით) რუსეთი უკვე 5-ს აკონტროლებს. ახლა იგი დანარჩენების ხელში ჩაგდებასაც შეეცდება. მის ინტერესშია ყაზბეგის, ხევსურეთის, თუშეთის გაკონტროლება. ამ ტერიტორიის შემკვრელი არის ყაზბეგის რაიონი და პანკისის ხეობა. სიმართლე გითხრათ, ფართომასშტაბიან ომს არ ვვარაუდობ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რუსეთის სამხედრო ოპერაციას პანკისის ხეობის მიმართულებით. ამას ემატება ისიც, რომ სამხრეთ კავკასიაში ერთობ რთული მდგომარეობა გვაქვს.

ახლახან აზრებაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ერთად რადიოხიდი გავმართეთ და პირველად მოვისმინე, რომ ჩვენს ორივე მეზობელს ყარაბაღთან დაკავშირებით საერთო აზრი ჰქონიათ. მათ თქვეს, რომ ყარაბაღის ომის განახლება რუსეთის ინტერესებში შედის და ეს გარდაუვალიაო. ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ისიც თქვა, - რუსეთს სჭირდება დერეფანი, რომელიც საქართველოს ტერიტორია უნდა იყოსო.

რუსეთის მთავარი ამოცანაა აზერბაიჯანის ენერგომატარებლები მისი კონტროლის გარეშე ევროპაში არ გადიოდეს. ამ შემთხვევაში, მისთვის მთავარი მოწინააღმდეგეა აზერბაიჯანი. მას თუ სამხედრო თვალსაზრისით ვერ მოუვლის, მაშინ საქართველოს ტერიტორია უნდა დაიკავოს, რათა აზერბაიჯანულმა ენერგომატარებლებმა თავის ნებაზე ვერ იარონ. აქედან  გამომდინარე, თურქეთიც რუსეთზე გახდება დამოკიდებული. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას აბსოლუტური მობილიზება მართებს ამ საშიშროებათა თავიდან ასარიდებლად.

არ არის საკმარისი მუდმივად საერთაშორისო თანამეგობრობაზე აპელირება. სამწუხაროდ, 13 მარტის "იმედის" ტელეგადაცემის კონტურები ამ ვითარებაში უკვე გამოიკვეთა. ვგულისხმობ მოვლენათა განვითარების ისეთ სცენარს, რაც საქართველოში მოიტანს დესტაბილიზაციას, დაძაბუნებულ ქვეყანას კიდევ უფრო დაასუსტებს, სამხრეთკავკასიური ომის ასპარეზად თუ არა, მორჩილ პოლიტიკურ ერთეულად მაინც გვაქცევს.

არ ვიცი, ეს სცენარი საქართველოს  უშიშროების სამსახურის დაწერილი იყო თუ არა, რათა საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღება მიეპყრო. შესაძლოა, 13 მარტის იმიტირებული "ქრონიკა" სპეცსამსახურების წისქვილზეც ასხამდა წყალს, რადგან იმიტაციას საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან არასერიოზული დამოკიდებულება მოჰყვა. მაინც ვთვლი, რომ საქართველოს ხელისუფლების წიაღში იშვა მე-5 კოლონა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

ბადრი ნაჭყებია: - მეტროში მეორე ჯგუფს აფეთქება ცოტათი რომ დაეგვიანებინა, მსხვერპლი იმაზე მეტი აღმოჩნდებოდა, ვიდრე იყო. სიკვდილიანობის რიცხვის გაზრდას ისტერია და ჭყლეტა გამოიწვევდა. მაგრამ ჩანს, ეს ტერორისტთა მიზანი არ ყოფილა. არსებობს ასეთი ტერმინი - "ჰუმანური ტერორიზმი". მაგალითად, ბასკური ტერორისტული ორგანიზაცია "იროლცა" ისეთ ადგილებში ახდენდა აფეთქებებს, სადაც ხალხის ნაკლებობა იყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ზოგჯერ ტერაქტის უკანაც დგას ხალხი, რომელიც წყვეტს, რა ზომითა და ფორმით მიაყენოს დაზიანება მოწინააღმდეგეს.

არ არის გამორიცხული, დოკუ უმაროვმა მართლაც არშტის და დიტიხშის  სპეცოპერაციების იდენტური პასუხი გასცა რუსეთს, სადაც თუ არ ვცდები, იმდენივე კაცი დაიღუპა, რამდენიც მოსკოვის მეტროსადგურებში.

ყოველთვის მიჩნდება შეკითხვა, რატომ აწერს უმაროვი ხელს ამ ტერაქტებზე? ამით ხომ ის ფაქტობრივად გზას იჭრის დასავლეთისკენ და თანაც, ამის შემდეგ ხომ ის არა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან, არამედ ტერორიზმთან იქნება იდენტიფიცირებული? ჩემი აზრით, უმაროვის ასეთ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს ისრაელის მაგალითიც, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" ფაქტობრივად, მხარედ არის აღიარებული. უნდა ვიცოდეთ, რომ  თვითმკვლელი კამიკაძეების აფეთქება სწორედ "ჰამასის" შემოღებულია.

რუსეთი მუდმივად მოუწოდებს ისრაელს, დაელაპარაკოს ჰამასს. რუსეთის ხელმძღვანელობა არაერთხელ შეხვდა ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივან, ხალიგ მეშალს, რომელიც სირიის დედაქალაქში ცხოვრობს. "ჰამასი" მმართველი სუბიექტია ღაზის სექტორში, ამიტომ ის საკმაოდ სერიოზულ მაგალითებს იძლევა. ეტყობა, დოკუ უმაროვმაც იფიქრა, - ჩვენ თუ ამ მეთოდებით ვიმოქმედებთ, სერიოზული შედეგების მიღწევას შევძლებთ, გვაღიარებენ გავლენიანი ორგანიზაციები, მსოფლიოს საზოგადოებრიობა კი მოითხოვს ჩვენთან მოლაპარაკებათა წარმართვასო.

- რა შეფასებას აძლევთ იმას, რომ  ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" გმობს რუსეთში განხორციელებულ ტერაქტებს.

- ტრაგიკომიკური სიტუაციაა, როცა ტერორისტულ აქტებს გმობს ხალიგ მეშალი, რომელსაც ხელები სისხლში აქვს გასვრილი. მას ათეულობით ტერაქტი მოუწყვია ისრაელში, დაწყებული ავტობუსის აფეთქებიდან, დამთავრებული საბავშვო დისკოკლუბების აფეთქებით.

- ცნობილია, რომ ტერორისტული აქტები ომის პროვოცირებას ახდენს...

- რასაკვირველია, მსოფლიოში ყველაზე დიდი პირველი მსოფლიო ომიც კი ტერორისტული აქტის პროვოცირებით დაიწყო. ეს საკმაოდ სერიოზული საბაბია და ყურადღებით ყოფნა გვმართებს. სხვათა შორის, პოლიტოლოგი ალექსანდრე რუსეცკი აგვისტოს ომის თარიღად 4 რიცხვს ასახელებდა, როცა  ქურთმა  ექსტრემისტმა ტერორისტებმა თურქეთის ტერიტორიაზე, ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი ააფეთქეს.

ეს საკმაოდ საინტერესო ვერსია იყო. ყველამ უნდა გაათვითცნობიეროს, რომ საქართველოში მიმდინარე  პროცესი არის არა ქართულ-რუსული ურთიერთობის, არამედ გლობალური გეოპოლიტიკური გადანაწილების შედეგი. საქართველო გახლავთ დერეფანი ცივილიზებულ ევროპასა და შუა აზიას შორის.

მეტი დერეფანი ფაქტობრივად არ არსებობს, იმიტომ, რომ ერთ მხარეს არის ისეთი ანტიდასავლური ქვეყანა, როგორიც ირანია. ასევე პაკისტანთან არის კიდევ ერთი მცირე საზღვარი, სადაც  ყველაზე დიდი ტიან-შანის მთებია.

არადა, შუა აზია ვეებერთელა რეგიონია  უმდიდრესი ბუნებრივი რესურსებით, დაწყებული გაზით და დამთავრებული ნავთობით. ამიტომ მასთან დამაკავშირებელ დერეფანს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომაც არ გამოვრიცხავ რუსეთის მხრიდან, ვითომდა ანტიტერორისტული ოპერაციის საბაბით აგრესიულ ქმედებებს პანკისის მიმართულებით.